გაზაფხულის დადგომასთან ერთად სკვერები და სათამაშო მოედნები ბავშვებით ივსება. სამწუხაროდ, ხშირია დაზიანებებიც. როგორ დავიცვათ ბავშვები და რას მივაქციოთ ყურადღება, რომ სკვერში თამაშმა ჭრილობების, დალურჯებების და მუხლების გადაყვლეფის გარეშე ჩაიაროს? გთავაზობთ ოთხ მარტივ წესს.
ბავშვების ექიმთან მისვლის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი სათამაშო ატრაქციონებზე მიღებული დაზიანებებია. სასრიალოდან ან საქანელებიდან გადმოვარდნამ შეიძლება მოტეხილობა და ტვინის შერყევაც გამოიწვიოს.
ამიტომ შეეცადეთ აირჩიოთ ის კონსტრუქცია, რომლის ქვეშაც არა ასფალტი, არამედ სპეციალური რბილი გაზონი ან მიწაა. ასევე დააკვირდით ამ მოწყობილობებს, ხომ არ არის ამოჩრილი ლურსმნები, დაჟანგული ნაწილები, ხომ არ არის დაზიანებული ან გატეხილი - ეს დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ უბედური შემთხვევა და ჭრილობები.
თამაშისას მიღებული ტრავმების უმეტესობა 4 წლამდე ასაკის ბავშვებში საქანელებზე ან სასრიალოებზე ხდება. ზაფხულში სასრიალო შეიძლება ძალიან გაცხელდეს და ხელები და ფეხები დასწვას ბავშვს. ექიმებს ახსოვთ შემთხვევები, როდესაც ბავშვები ფეხშიშველები დარბოდნენ სასრიალოზე და ისეთი მძიმე დამწვრობა მიიღეს, რომ ჰოსპიტალიზაცია დასჭირდათ. ყოველთვის შეამოწმეთ სასრიალოს ტემპერატურა, ზაფხული უკვე ახლოსაა.
დარწმუნდით, რომ თქვენს შვილს არ აცვია ისეთი რამ, რაც შეიძლება საქანელაში ჩაჰყვეს და დაზიანება გამოიწვიოს. (გრძელი თასმები ან გრძელი შარფი.) ასევე ასწავლეთ ბავშვებს, არასოდეს ირბინონ საქანელის წინ ან უკან, როცა სხვა ქანაობს.
მოერიდეთ მზეზე ყოფნას განსაკუთრებით, ცხელ დღეებში. დარწმუნდით, რომ თქვენი შვილი ხშირად სვამს წყალს (გაუწყლოების თავიდან ასაცილებლად), მაშინაც კი, თუ ის ამას არ ითხოვს. დაუყოვნებლივ დაუკავშირდით პედიატრს, თუ რაიმე საეჭვო სიმპტომი შენიშნეთ: უჩვეულო ძილიანობა, ცხელება, თავის ტკივილი, დეჰიდრატაციის ნიშნები, ღებინება, სუნთქვის გაძნელება ან კუნთების უჩვეულო ტკივილი.
მაცდურია, ისარგებლოთ თავისუფალი მომენტით და სანამ ბავშვი დამოუკიდებლად თამაშობს, ტელეფონში ან საინტერესო წიგნში ჩაიძიროთ. მაგრამ სათამაშო მოედნის ტრავმების თითქმის ნახევარი სწორედ ზედამხედველობის ნაკლებობითაა გამოწვეული. ასე რომ, ბავშვს ყოველთვის თვალყური ადევნეთ.