ყაზახეთში მომხდარი მკვლელობა და ღია სასამართლო პროცესი რა ხანია გასცდა ქვეყნის ფარგლებს. სალტანატ ნუკენოვაზე, რომელიც ყაზახეთის ყოფილმა მაღალჩინოსანმა ცემით მოკლა, დღეს ბევრი საუბრობს და სასამართლოს სამართლიან განაჩენსაც ელოდება. ასევე ელოდებიან განსაკუთრებულად ქალები ყაზახეთში, სადაც ქალთა უფლებები არასათანადოდ არის დაცული და აღნიშნული პროცესი ოჯახური ძალადობის კრიმინალიზაციის კანონის მიღებასაც შეუწყობს ხელს.
აქამდე გოგონას ნათესავები შიშობდნენ, რომ ბიშიმბაევი, თავისი გავლენების და ფულის წყალობით, ადვილად დაიძვრენდა თავს, თუმცა საქმე ისე გახმაურდა, საეჭვოა, ვინმემ გაბედოს მისი გამართლება.
როგორც ცნობილია, ტრაგედია 9 ნოემბერს მოხდა ასტანის რესტორანში, რომელიც თავად ბიშიმბაევს ეკუთვნის. კაცი ცოლთან ერთად კონცერტზე იმყოფებოდა, თუმცა, როგორც ცნობილია, მათ იკამათეს და დარბაზი მალევე დატოვეს. რესტორანში მისულებიც მალევე ვიპ-ოთახში შევიდნენ...
როგორც ნათესავები მოგვიანებით ყვებოდნენ, სალტანატი ამბობდა, რომ მუდმივი ბულინგითა და ქმრის მხრიდან ძალადობით დაიღალა და ქმართან დაშორება უნდოდა. ირკვევა, რომ კუანდიკი ცოლს გამუდმებით სცემდა. როცა ცუდ ხასიათზე იყო, ეუბნებოდა, რომ ტანსაცმელი გაეხადა, იმიტომ, რომ "მან უყიდა“. ამცირებდა და ნახევრად შიშველს სცემდა. მის ტელეფონზე სპეციალური პროგრამა ჰქონდა ჩართული და სულ აკონტროლებდა, სად იყო და რას აკეთებდა... როგორც ჩანს, იმ საღამოსაც ან ეჭვიანობის ნიადაგზე დაიწყო ჩხუბი ან სალტანატმა უთხრა, რომ მისგან წასვლა უნდოდა.
მოგვიანებით თვითმხილველები ყვებოდნენ, რომ კაცი მთელი ღამე სვამდა, ნომერში კი მალევე დაიწყო ჩხუბი, კამათის ხმას მალე ისეთი ხმები მოჰყვა, რომ რესტორანში მყოფები მიხვდნენ, კაცი ცოლს სცემდა. დასახმარებლად კაცის ბიძაშვილი მოვიდა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ სასწრაფო დახმარება იმ წუთას არავის გამოუძახია, არც პოლიცია. ადგილზე მისულ ბიძაშვილს რძალი სისხლის გუბეში დახვდა, ხრიალებდა, თუმცა ბიშიმბაევმა სასწრაფო არ გამოაძახებინა. მან ცოლს საბნები გადააფარა და ბიძაშვილთან ერთად სამუშაო კაბინეტში გავიდა, პერსონალს მოსთხოვა, სახლებში წასულიყვნენ. შემდეგ სასამართლოზე მოყვა, თითქოს პირად ასტროლოგს დაურეკა რჩევისთვის და მან უთხრა, ორი საათი მოეცადა და ქალი გონს მოვიდოდა...
ნახევარ საათში ძმას მისწერა მესიჯი, რომ გასტრო-ცენტრში ყველა სათვალთვალო კამერის ჩანაწერი წაეშალათ. მისი სურვილი მაშინვე აღსრულდა. ასე დაიწყო კაცმა დანაშაულის დაფარვა...
შემდეგ მეუღლის ტელეფონს ლოკაცია გამოურთო, რომ ოჯახს მისი მოძებნა ვერ შეძლებოდა... ამასობაში ცემისგან ძალაგამოცლილი სალტანატი, რომელიც უკვე ვეღარ სუნთქავდა და სისხლის გუბეში იწვა, გარდაიცვალა ისე, რომ მისთვის დახმარება არავის აღმოუჩენია...
კუანდიკ ბიშიმბაევი 44 წლისაა. მამამისი ვალიხან ბიშიმბაევი 30 წელზე მეტია რესპუბლიკის სხვადასხვა უნივერსიტეტის ხელმძღვანელია. ბიშიმბაევმა 16 წლისამ დაამთავრა სკოლა და შემდეგ სახელმწიფო აკადემია. შემდეგ ორ წელიწადში ორი უმაღლესის დამთავრებაც მოახერხა - ვაშინგტონის ჯორჯიის უნივერსიტეტის და ტარაზის სახელმწიფო უნივერსიტეტის. ყაზახეთის პრესაში ხშირად საუბრობდნენ მასზე, როგორც წარმატებულ ახალგაზრდაზე გავლენიანი ოჯახიდან, რომელსაც ბავშვობიდან ყველაფერი ლანგრით ჰქონდა მირთმეული. 26 წლისამ უკვე საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა ეკონომიკაში და მალევე დაიწყო მუშაობა ეკონომიკის სამინისტროში გავლენიან თანამდებობებზე, იყო მინისტრის მოადგილე, შემდეგ მინისტრი და პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბევის თანაშემწე, მისი გამორჩეული ფავორიტი, რომლითაც ხშირად ამაყობდა, როგორც ყველაზე ახალგაზრდა მინისტრით.თუმცა მინისტრობის პერიოდსაც არ ჩაუვლია უსკანდალოდ - კორუფციისთვის გაასამართლეს და 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ოღონდ, წელიწად-ნახევარში გამოვიდა ციხიდან. საჯარო პოსტები აღარ დაუკავებია, მაგრამ ბიზნესმენობა და ფულის შოვნა ჩვეულად გააგრძელა.
სალტანატი 31 წლის იყო, ჩვეულებრივ ოჯახში დაბადებული. უმაღლესი განათლება მიიღო და შემდეგ ასტროლოგად მუშაობდა, პირად რუკებს უდგენდა კლიენტებს. ზუსტად ასე, როგორც ასტროლოგთან მოხვდა მასთან ბიშიმბაევიც და გასაქანი აღარ მისცა მშვენიერ გოგონას.
2022 წლის დეკემბერში იქორწინეს. სალტანატი მისთვის მესამე ცოლი იყო და გარდა ამისა, როგორც მოგვიანებით სასამართლოზე გაირკვა, უამრავი საყვარელი ჰყავდა. ქორწინებიდან ძალიან მალე დაიწყო ცოლთან ხასიათის გამოჩენა და ფოტოები, რომლებიც შემდეგ სასამართლოზე აჩვენეს და სადაც ნაცემი სალტანატია აღბეჭდილი, ქალმა გათხოვებიდან რამდენიმე თვეში გაუგზავნა ძმას.
ის გამუდმებით ეჭვიანობდა ცოლზე, უკრძალავდა ტელეფონის გამოყენებას და სახლიდან გასვლას, ხოლო თუ მცირე წინააღმდეგობას შეხვდებოდა, სცემდა. მეგობრები ქალს სთხოვდნენ, წამოსულიყო მისგან. როგორც ყვებიან, წამოვიდა კიდეც რამდენჯერმე, მაგრამ კაცი პოულობდა, საჩუქრებს ჩუქნიდა, ბოდიშებს უხდიდა და ურიგდებოდა. ქალს იმედი ჰქონდა, რომ შვილს გააჩენდა და ყველაფერი დალაგდებოდა. თუმცა, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა... "ძალიან ერთგული ადამიანი იყო და ამბობდა, რომ რაკი სიყვარული ეწვია და ერთხელ გათხოვდა, ეს ოჯახი უნდა შეენარჩუნებინა... ვეუბნებოდით, რო ასეთი ადამიანები არ იცვლებიან, მაგრამ ძალიან უყვარდა და ისევ ბრუნდებოდა მასთან", - ყვებიან მეგობრები.
"2023 წლის აპრილში, ბიშიმბაევმა, როდესაც შეიტყო, რომ ნუკენოვას ნათესავებს ჰქონდათ ფოტოები, სადაც ძალადობის კვალი აშკარა იყო და ცოლს ამით შეეძლო, მისგან თავი დაეხსნა, შიშველს ინტიმური ხასიათის ვიდეო გადააღებინა, რომ დაეშანტაჟებინა და ვეღარ დაშორებოდა." - ამბობს პროკურორი. სწორედ ამ ვიდეოთი აშანტაჟებდა ის სალტანატს და ფაქტობრივად, უკანასკნელი თვეები ტყვეობაში ჰყავდა.
როგორც ძმა ყვება, ერთხელ თავადაც მივიდა ცოლ-ქმართან სახლში, რომ ნაცემი და წამოეყვანა, თუმცა შეხვედრა დიდი სკანდალით დასრულდა. სიძე-ცოლისძმამ სრულიად გაწყვიტა ურთიერთობა და სალტანატიც აღარ ურთიერთობდა ძმასთან, სავარაუდოდ, ქმარმა აუკრძალა.
სასამართლო პროცესზე უამრავი დეტალი გაცხადდა. პირველ რიგში, პოლიციამ აღადგინა კამერების ჩანაწერები, სადაც ჩანს კონფლიქტის გარკვეული ეტაპები.
სასამართლოზე არაერთხელ წარდგა სიტყვით თავად დამნაშავე. არაერთხელ სცადა დანაშაულის უარყოფა, სალტანატის სახელის შეურაცხყოფა, თუმცა როგორც ჩანს, საბოლოოდ მაინც მოუწევს პასუხისგება და ამჯერად თავს ვერ დაიძვრენს, როგორც კორუფციის შემთხვევაში მოხდა...
ბოლო სასამართლოზე მან კიდევ ერთხელ გაიხსენა კონფლიქტის დეტალები, თუმცა, როგორც პროკურორი ამბობს, ეს მისი ვერსიაა, სადაც დაზიანებების დიდ ნაწილს ის თავად სალტანატს მიაწერს.
მისი თქმით პირველად რესტორნის საპირფარეშოში იჩხუბეს, სადაც სალტანატმა თითქოსდა თვითდაზიანებები მიიყენა და ქმარმა "მხოლოდ" ორჯერ გააწნა სილა. "დაიწყო ძეწკვის, ნიშნობის ბეჭდის, საათის, სამაჯურის მოხსნა - ეს სიმბოლური საჩუქრები იყო, რომელთაგან თითოეული სიყვარულით ვაჩუქე. მოიძრო და უნიტაზში მოისროლა ყველაფერი. ამ მომენტში ემოციურად მეტკინა. თავად ნივთებიც იყო ძვირფასი და თან სიყვარულით მიძღვნილი. საყურეები დედაჩემმა აჩუქა, სამაჯური ჩემი პირველი საჩუქარი იყო... თავი ვერ შევიკავე და სახეში გავაწანი. მან შარვლის გახდა დაიწყო, რომელიც ასევე მე ვუყიდე. დაკარგა წონასწორობა და დავარდა, სახე ჩამოარტყა უნიტაზს, მერე კი იატაკზე დაეცა სახით..."
მეორე ძალადობის ფაქტი კი დაახლოებით დილის 7 საათზე მოხდა რესტორნის ჰოლში, რაზეც კამერების ჩანაწერებიც იუწყება. ბრალდებული არ უარყოფს ამ ფაქტს. "თმაში ვწვდი და სახეში ძლიერად დავარტყი რამდენჯერმე. დაეცა და როცა დავარდა, კიდევ დავარტყი თეზოზე, დუნდულაზე, კარგად ვაცნობიერებდი, რომ არც ერთი სასიცოცხლო ორგანო არ უნდა დამზიანებინა... ძალიან ვიყავი გაბრაზებული და დავიწყე მისი თმით წამოწევა..." - აღიარა ბიშიმბაევმა. თუმცა რასაკვირველია, ეს სიმართლის მხოლოდ ნაწილია, რადგან შემდეგ სწორედ თმით გაათრია ვიპ-კაბინაში, სადაც არ არის კამერები და იქ რა მოხდა, არავინ იცის. სალტანატი იქიდან ცოცხალი აღარ გამოსულა...