სოციალურ ქსელში ჩემი ყურადღება უგემრიელესი კერძების, ბურგერების, დესერტების ფოტოებმა მიიპყრო. ჩემდა გასაოცრად, მათი შემქმნელი 13 წლის დიმიტრი ლორთქიფანიძე აღმოჩნდა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, გთავაზობთ ინტერვიუს და დარწმუნებული ვარ პატარა შეფი თქვენს აღფრთოვანებასაც ადვილად შეძლებს.
- ცამეტი წლის ვარ. გატაცებული ვარ კულინარიით და ფეხბურთით. უმეტესად დაკავებული ვარ სწავლით, ვასრულებ დავალებებს, ფეხბურთის ვარჯიშებით, ასევე მიყვარს პინგ-პონგის თამაში და რა თქმა უნდა, კულინარიითაც ვარ დაკავებული.
- 11 წლის ვიყავი, როცა პირველად გავაკეთე ბლინები. ინსპირაცია იყო ბლინების სიყვარული. დღემდე მახსოვს ის დღე, ბლინები რომ გამოვაცხე. დრო მქონდა, დედას ვთხოვე აეხსნა და მოვსინჯე. კარგი გამოვიდა. მერე კიდევ ვცადე სხვა კერძებიც, მერე და მერე უკვე რეცეპტებს ვეძებდი და სხვადასხვა ნამცხვარს ან კერძს ვამზადებდი.
- თავიდანვე კარგი გამომივიდა მარტივი ბლინები, მაგრამ რთული რეცეპტები უკვე Youtube ვიდეოებით შევისწავლე, ძირითადად ინგლისურ ენაზე. სხვათა შორის, ენის კუთხითაც ძალიან დამეხმარა ეს პროცესი.
- ყველაზე მეტად ახალ-ახალი რეცეპტების მოსინჯვა ყვარს, რაც არასდროს მიცდია, რადგან ეს მეტად საინტერესო პროცესია.
- საფირმო კერძი სტეიკი და ბურგერია. რაც შეეხება დესერტებს, გიჟდებიან ჩემს მიერ მომზადებულ დარიჩინის ფუნთუშებზე და ლავა ქეიქზე. დედაჩემისთვის ჩემი საფირმო კერძი ამერიკული საუზმეა - ფენქეიქები თაფლით და კარაქით, ათქვეფილი კვერცხით და მობრაწული ბეკონით.
- ასე მოხდა, რომ დედა დებდა ხოლმე ჩემს კერძებს სოციალურ ქსელში. ბევრი დაინტერესდა და გამოთქვეს სურვილი, გაესინჯათ. მე რომ ეს შემძლებოდა, ამის ფულიც უნდა მქონოდა. ამიტომ გადავწყვიტე გაყიდვა. ვისაც უნდა გასინჯვა, მიკავშირდება და მე შეკვეთას ვამზადებ. ყველაფერს ვერ გავყიდი, მაგალითად - სტეიკს, ლავა ქეიქს და ასეთებს ვერა, რადგან ისინი სწრაფად უნდა შეიჭამოს, თორემ არ ივარგებს მერე. ამიტომ შევადგინე მენიუ და ვყიდი ისეთ კერძებს, რაც მიწოდების დროს არ კარგავს ხარისხს და გემოს.
- პირველ რიგდი დედა და შემდეგ მთელი ოჯახი, ნათესავები, მეგობრები და ა.შ. გაგიკვირდებათ და ბევრ ჩემს ნათესავს არ აქვს ჩემი კერძი გასინჯული. ამისთვის ვეღარ მოვიცალე.
- ბევრი შეფი გავიცანი, თუმცა რამდენიმეს გამოვყოფ: ახლოს გავიცანი მიხეილ ავსაჯანაშვილი, დედამ წამიყვანა ერთ გადაღებაზე და გავერთე. ძალიან გამიხარდა, რომ შევხვდი Gio Fox-ს ერთ-ერთ დიდ ღონისძიებაზე, მაჩუქა მისი გაკეთებული ტკბილ-ცხარე აჯიკა, ბევრ რამეზეც ვილაპარაკეთ. ასევე, გავიცანი ანა მიქაძე და ძალიან გემრიელი ყველი გამომიგზავნა. დიდ მხარდაჭერას მიცხადებს.
- არ ვიცი რა იქნება სამომავლოდ. ვიცი, რომ მომწონს ეს საქმე. დიდი სიამოვნებით გავხსნიდი ჩემს რესტორანს.
მერი ბლიაძე