სალომე ჩიტიშვილი თეატრზე უზომოდ შეყვარებული ახალგაზრდაა, რომელიც სოციალურ ქსელში თავისივე ინიციატივით შექმნა ჯგუფი "ვსაუბრობთ თეატრზე" და თავი მოუყარა ერთად არა მხოლოდ თეატრის მოყვარულებს, არამედ მსახიობებსა და რეჟისორებსაც. ჯგუფი საკმაოდ მალე გაიზარდა და დღეს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კულტურული ჯგუფია, სადაც ადამიანები ერთმანეთს შთაბეჭდილებებს უზიარებენ, რჩევებს აძლევენ სანახავ სპექტაკლებზე, აფასებენ სპექტაკლებს და ამ შეფასებებს მსახიობები და რეჟისორებიც კითხულობენ, ისინიც გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს.
იმაზე, თუ როგორ აფასებს დღევანდელ თეატრს, როგორც მაყურებელი, ასევე ჯგუფის შექმნისა და განვითარების ამბებს სალომე თავად გვიამბობს.
- დავიწყებ იმით რომ არ ვარ პროფესიით ხელოვნებათმცოდნე ან თეატრმცოდნე. ვარ ქართული ფილოლოგიის ბაკალავრი და განათლების მეცნიერებების მაგისტრი. ამჟამად ვმუშაობ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ადმინისტრაციაში, ასევე, ვარ მოწვეული მასწავლებელი - მომავალ მასწავლებლებს (ბაღის და სკოლის) ვასწავლი სხვადასხვა საგანს. უახლოეს მომავალში ვაპირებ სადოქტორო პროგრამაზე ჩაბარებას და კვლევის გაგრძელებას ადრეულ განათლებაში.
თეატრში სიარული ჩემი გატაცებაა ბავშვობიდან. სულ სხვა სამყაროა ჩემთვის, რომელზეც უპირობოდ ვარ შეყვარებული.
ჯგუფის შექმნის იდეა დიდი ხნის წინ გაჩნდა, დაახლოებით 4-5 წლის წინ, თუმცა ჯერ დროის არქონამ და შემდგომ კოვიდმა შემიშალა ხელი განმეხორციელებინა ეს იდეა. ყოველთვის მინდოდა ყოფილიყო ისეთი სივრცე, სადაც ადამიანები ერთმანეთს გაუზიარებდნენ შთაბეჭდილებებს სპექტაკლებზე, ურჩევდნენ რა ენახათ, განიხილავდნენ რა მოეწონათ და რა არა. ჩვენს ჯგუფამდე სხვა რამდენიმე ძალიან კარგი ჯგუფიც იყო თეატრზე და მათაც აქტიურად ვადევნებდი თვალს, მაგრამ მინდოდა მქონოდა საკუთარი, სადაც მეტი აქტიურობა და განსხვავებული გარემო იქნებოდა. მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ჯგუფის შექმნის დროს არ მიფიქრია ამ მასშტაბებზე თუ გავიდოდით. ვფიქრობდი, ჩემს სამეგობროს და მათ სამეგობროს შემოვიკრებდი და ვისაუბრებდით თეატრზე, თუმცა 1 წლის თავზე ჯგუფში თითქმის 18 000 მომხმარებელია დარეგისტრირებული, რაც, ვფიქრობ, საკმაოდ დიდი რიცხვია. ამჟამად, ჯგუფის მთავარი დანიშნულებაა უცვლელია - ნანახ სპექტაკლებზე გავუზიაროთ ერთმანეთს შთაბეჭდილებები, გავუზიაროთ სიახლეები, აფიშები და ბევრი ვისაუბროთ თეატრზე. აუცილებლად უნდა აღვნიშნო თეატრების ჩართულობა ჩვენი ჯგუფის განვითარებაში. ჯგუფში დამატებული არიან მსახიობები, რეჟისორები, თეატრების წარმომადგენლები და საკმაოდ აქტიურად არიან ჩართული ამ პროცესებში. ჩემდა გასაკვირად, თეატრები საკუთარი სურვილით მიკავშირდებიან და მთავაზობენ მოსაწვევებს ჯგუფის წევრებისთვის, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ აინტერესებთ მაყურებლის აზრი, გულდასმით კითხულობენ და ითვალისწინებენ ჩვენს რჩევებსა და შეფასებებს. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და უღრმესი მადლობა გადავუხადო მათ, რადგან აძლევენ ადამიანებს შესაძლებლობას, სრულიად უსასყიდლოდ ნახონ სასურველი სპექტაკლები.
ასევე, მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენი ჯგუფის ფანტასტიურ წევრებს, რომლებიც ქმნიან ძალიან პოზიტიურ და ოჯახურ გარემოს. სულმოუთქმელად ველოდები ხოლმე საღამოს 11 საათს, რადგან თეატრებიდან გამოსულები პირველი რასაც აკეთებენ, ჯგუფში შემოსვლა და პოსტის დაწერაა.
- ჩემი აზრით, კოვიდის ჩაკეტილობამ იმოქმედა ჩვენზე, ძალიან ბევრ რამეს ვიყავით მონატრებული, მათ შორის თეატრსაც და ერთ-ერთი ფაქტორი მაყურებლის მატების შესაძლოა ესეც იყოს. ასევე, სოც.ქსელებში გავრცელებული მოკლე ვიდეორგოლები სხვადასხვა სპექტაკლიდან იწვევს დაინტერესებას და მოთხოვნის გაზრდას. ასევე, ვფიქრობ, თეატრებიც გააქტიურდნენ, ბევრ ახალ და საინტერესო სპექტაკლს გვთავაზობენ. თითქმის ყველა გემოვნების ადამიანს შეუძლია დაიკმაყოფილოს ინტერესი. რაც შეეხება მოდურობას, არ ვთვლი რომ ეს ასეა. თუმცა, თუ ვინმე დადის მოდის გამო, ესეც არ მიმაჩნია პრობლემად, რადგან შესაძლოა მოდის გამო მოსულ მაყურებელს ისე დააინტერესოს კონკრეტულმა სპექტაკლმა, რომ თეატრი შეუყვარდეს და მუდმივი მაყურებელი გახდეს.
- ტელეფონის ზარი ჩვენი ყველას უდიდესი პრობლემაა. ჯგუფშიც ძალიან ბევრი იწერება ამის შესახებ. მე არ მახსენდება არც ერთი შემთხვევა, სპექტაკლის მსვლელობის დროს ტელეფონს არ დაერეკოს, თან ზუსტად დაძაბულ მომენტში, ყველა გასუსული რომ ველით განვითარებას. მესმის, რომ ცხოვრების ტემპია ასეთი, ყველას საქმე გვაქვს, მნიშვნელოვანი ზარები გვაქვს, მაგრამ ხომ შეიძლება იმ ორი საათის განმავლობაში ხმა გამოვურთოთ ტელეფონს და თუ რაიმე სასწრაფოა მესიჯით ვუპასუხოთ? ასეთ დროს მაყურებელზე მეტ დისკომფორტს ალბათ მსახიობები გრძნობენ. ხშირად ყოფილა კურიოზებიც და დასამახსოვრებელი მომენტებიც ტელეფონის დარეკვის დროს.
- თეატრის სცენიდან ყველაზე მკაფიოდ უნდა ისმოდეს სიმართლე და ის ხმა, რაც აქტუალურია საზოგადოებაში. ვფიქრობ, დღევანდელი თეატრი საკმაოდ მრავალფეროვანია. ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ გაცოცხლებული ძველი პიესებიც და ასევე თანამედროვე დრამატურგების ნაწარმოებებიც. მე ვისურვებდი, უფრო მეტად მიექცეს ყურადღება თანამედროვე დრამატურგებს, განსაკუთრებით ქართველებს.
- ძალიან მიხარია, როდესაც ჩემს სტუდენტებს და ზოგადად ბევრ ახალგაზრდას ვხედავ თეატრში, რადგან, ვფიქრობ, თეატრი ყველაზე კარგი საშუალებაა თვალსაწიერის გახსნის, ბევრ რამეზე დაფიქრების და საკუთარ თავში ცვლილებების აღმოჩენისთვის.