როგორ უყალიბდება ბავშვს ეგოიზმის გრძნობა, ამ საკითხზე ბავშვთა ფსიქოლოგი საუბრობს როგორ უყალიბდება ბავშვს ეგოიზმის გრძნობა, ამ საკითხზე ბავშვთა ფსიქოლოგი, გეშტალტ-თერაპევტი მარფა გონჩაროვა საუბრობს.
ეგოისტური ურთიერთობის ფორმირება
არსებობს რამდენიმე სტანდარტული მექანიზმი - ბავშვის მოთხოვნილებების იგნორირება მშობლების მხრიდან. ზოგჯერ მშობელს ავიწყდება ან არ აქცევს ყურადღებას ბავშვის მოთხოვნილებებს. ამ დროს ბავშვიც ივიწყებს საკუთარ ინტერესებს და არც მშობლების, გარშემო მყოფების სურვილები აინტერესებს.
მიბაძვა
დაახლოებით სამი წლის ასაკიდან, ბავშვი აქტიურად იწყებს მშობლების საქციელის კოპირებას. გოგონები ორიენტირდებიან დედებზე, ხოლო ბიჭები - მამებზე. ამ დროს შეიძლება დავინახოთ, მშობლებიდან ვინ ავლენს ეგოისტურ ტენდენციას და როგორ აისახება ეს ბავშვზე. ზოგიერთი მშობელი არაა მზად, უყუროს თავის თავს და მზადაა გაკიცხოს ბავშვი ეგოისტური საქციელისთვის, თითქოს ვერ ამჩნევს, რომ ეს მისი საკუთარი პორტრეტია.
კერპი ოჯახში
დაახლოებით 3-4 წლიდან ბავშვს უყალიბდება წარმოდგენა თავის თავზე და გარშემო მყოფებზე. ამ დროს დიდია მშობლების როლი. თუ ისინი გამუდმებით შთააგონებენ პატარას, რომ მისი ინტერესები ყველაფერზე მაღლა დგას და ოჯახის სხვა წევრების მოთხოვნილებები და სურვილები არაფერს ნიშნავს, უკვე 6-7 წლის ასაკში, როდესაც ბავშვი დაიწყებს სოციალურ ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობას, გარშემო მყოფთა ინტერესების იგნორირება მისი მხრიდან გაცილებით მეტად გამოვლინდება.
როგორ განვუვითაროთ თანაგრძნობა?
სურვილი იმისა, რომ გაუგო და მოუსმინო მეორე ადამიანს, წარმოიდგინო თავი მის ადგილას, გაიზიარო მისი აზრი და დაეხმარო, - ის, რასაც ჰქვია თანაგრძნობა, თანადგომა, სიყვარული, ტყუილად არ ითვლება ერთ-ერთ კულტურულ გამოვლინებად. ეგოიზმი არის საწინააღმდეგო ამ თვისებებისა, ადამიანი ბოროტდება, იციკლება თავის თავზე და არ გააჩნია თანაგრძნობის უნარი. ბავშვთან მუდმივი კონტაქტის დროს მშობელს შეუძლია ჩამოუყალიბოს ღია, ჯანსაღი ურთიერთობა გარე სამყაროსთან.
მივცეთ საშუალება, იყოს დამოუკიდებელი
პატარა ბავშვსაც ყველაზე გამძაფრებულად აქვს სამყაროს შეცნობის ინტერესი. აი უკვე ხოხავს, ჯდება, დადის. მთავარია, მშობელი აძლევს თუ არა საშუალებას ბავშვს, რომ წარმოაჩინოს საკუთარი თავი. 3 წლის ასაკში იღვიძებს ბავშვის „მე“. იგი ამბობს: „მე თვითონ ჩავიცვამ“, „თვითონ დავლევ წყალს“ და ა. შ. ფსიქოლოგები ამ პერიოდს უწოდებენ 3 წლის კრიზისს. რათა შეინარჩუნონ საკუთარი კომფორტი, მშობლები იგნორირებას უწევენ ბავშვის ჩვეულ მოთხოვნილებებს და ყველაფერს აკეთებენ მათ მაგივრად, წინ ეღობებიან მათ დამოუკიდებლობას, რის შედეგადაც, მომავალში ბავშვიც ზარალდება და მშობელიც.
განვითარების ხელშეწყობა
4-5 წლის ასაკში ბავშვს აქვს მოთხოვნილება, იყოს უკეთესი. ამ დროს მნიშვნელოვანია მშობლის პოზიცია. ყველაფერი მოუწონოს პატარას და შეაქოს ყოველ წუთას, თუ მიუთითოს მხოლოდ უარყოფით თვისებებზე და გამუდმებით აკრიტიკოს? საჭიროა დაიცვათ ბალანსი.
იმის მაგივრად, რომ სათამაშო მოედანზე ყვირილით ან ბრძანების ტონით აიძულოთ ბავშვი, სასწრაფოდ მისცეს სათამაშო, ჯობს მოიფიქროთ რაიმე ისეთი თამაში, სადაც ყველა თანაბრად იქნება დაკავებული და გასაყოფიც არაფერი ექნებათ.
ისაუბრეთ ბავშვთან
ხშირად ბავშვებისა და მშობლების ურთიერთობა დაკანონებულ რეჟიმს ემსგავსება: ადექი, ჩაიცვი, ჩქარა ჭამე, იმეცადინე, აალაგე და ა. შ. მშობელთან სიახლოვის დეფიციტმა შეიძლება მომავალში ურთიერთობები გაართულოს არა მარტო დედასთან და მამასთან, არამედ სხვა ადამიანებთან, მათ შორის მომავალ ოჯახის წევრებთანაც. კარგია, თუ ოჯახში არის ერთად ვახშმობის, ერთმანეთის მოსმენისა და აზრის გაზიარების ტრადიცია.
მოამზადა სალომე გორგოშიძემ