მთავარია განცდა, რომ მის თავს რაღაც დიდებული ხდება და თვითონ ამ ყველაფრის მთავარი გმირია ტორტი და ნამცხვარი ბავშვების დაბადების დღეების განუყოფელი ნაწილია. თანამედროვე კონდიტერები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ტორტი კულინარიული შედევრიც იყოს და ბავშვის მაცდუნებელიც. სამაგიეროდ, ჯანსაღი კვების მოყვარულები მათ "ბისკვიტოვან შემოქმედებას" შხამსა და ბავშვის ჯანმრთელობის დამანგრეველს უწოდებენ. სამწუხაროდ, ამაში სიმართლის მარცვალი ნამდვილად არის.
პედიატრების რჩევით, სამ წლამდე ასაკის ბავშვს ტორტი არ უნდა აჭამოთ. სამი წლის შემდეგაც - შეზღუდული რაოდენობით და არა ყველა სახეობა. აბა, როგორ გადავიხადოთ საბავშვო წვეულება სამ წლამდე ბავშვისთვის, თუ სუფრაზე ტორტი არ გვექნება? ტორტი ხომ უბრალოდ ტკბილეული არაა, არამედ ტრადიცია, რომელიც ყველა ბავშვის დაბადების დღის კულმინაციად მიიჩნევა.
როგორც ჩანს, უტორტოდ ვერც 2 წლის ბავშვის დაბადების დღე ჩაივლის. მართალია, პატარა ვერც სურვილს ჩაიფიქრებს და ვერც სანთლებს ჩააქრობს დამოუკიდებლად, მაგრამ მთავარია განცდა, რომ მის თავს რაღაც დიდებული ხდება და თვითონ ამ ყველაფრის მთავარი გმირია.
თუ ბავშვს ტორტი არასოდეს გაუსინჯავს, სავარაუდოდ, დიდ სურვილს არც დაბადების დღეზე გამოთქვამს. ყოველ შემთხვევაში, სანთლების ჩაქრობისთანავე ტორტი თვალს მოაფარეთ, ბავშვს კი ხაჭოს ნამცხვარი შესთავაზეთ - გემრიელიცაა და სასარგებლოც. შეგიძლიათ შედარებით უვნებელი ტკბილეულისგან, როგორიცაა მურაბა, თაფლი, კენკრა, მარმელადი და ზეფირი, საიუბილეო ღვეზელი გამოაცხოთ.
თვით ტორტები ნაკლებად არიან დამნაშავენი ბავშვების სხვადასხვა დაავადებაში. უბრალოდ, მისი ჭამისას ზომიერების დაცვაა საჭირო. იმის გათვალისწინებით, რომ დიდი რაოდენობით შაქარს, კვერცხს, საკონდიტრო საღებავებს, შემასქელებლებს და არომატიზატორებს შეიცას, ბავშვებს შეზღუდული რაოდენობით უნდა მისცეთ, ერთი საშუალო ზომის ნაჭერი სავსებით საკმარისია. ამ დროს სასურველი არ არის, რომ ზედ ტკბილი და მით უმეტეს, გაზანი სასმელი მიაყოლოს.
თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რაოდენ მავნებელიც არ უნდა იყოს, ზოგადად ტკბილეულზე საბოლოო უარის თქმა არ შეიძლება. შაქრის ორგანიზმში მოხვედრა იწვევს ჰორმონ სეროტონინის გამომუშავებას, რასაც ბედნიერების ჰორმონს უწოდებენ. ის ბავშვს განწყობას უმაღლებს, თავდაჯერებულობას მატებს და თვითშეფასებასაც უძლიერებს. უბრალოდ, ყველაფერში ზომიერების დაცვაა საჭირო.