ამ კითხვაზე პასუხი ადრე თუ გვიან ყველა მშობელს დააინტერესებს ამ კითხვაზე პასუხი ადრე თუ გვიან ყველა მშობელს დააინტერესებს. კბილების მდგომარეობით შეგვიძლია ვიმსჯელოთ საჭმლის მომნელებელი სისტემის და საერთოდ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ბევრი მშობელი თვლის, რომ სარძევე კბილებს არ სჭირდება მკურნალობა, რადგან მაინც უნდა მოიცვალოს ბავშვმა. ბევრისთვის ალბათ უცნობია, რომ სარძევე კბილებს, ისევე როგორც მუდმივ კბილებს, აქვთ ფესვები, რომელთა მეშვეობითაც კბილები ღრძილებზეა მიმაგრებული. როდესაც მუდმივი კბილის ამოჭრის დრო მოდის, სარძევე კბილის ფესვი იწყებს განლევას და ამიტომ მისი ამოღება ადვილია. სარძევე კბილმაც ისეთივე ტკივილი იცის, როგორც მუდმივმა კბილმა და, რა თქმა უნდა, მათ სჭირდება მკურნალობა! რა საჭიროა სარძევე კბილების მკურნალობა?
1. ბავშვებს კარიესი ძალიან სწრაფად უვითარდებათ, რაც ანატომიური თავისებურებით არის განპირობებული. თუ შენიშნეთ პატარა შავი წერტილი თქვენი შვილის კბილზე, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს. წინააღმდეგ შემთხვევაში პატარა წერტილი გადაიქცევა დიდ ხვრელად. ამის შემდეგ კბილი გამოიწვევს ტკივილს, დაიწყება ნერვის ანთება და მაშინ საჭირო იქნება არხის მკურნალობა.
2. თუ ინფექცია გავრცელდება ძვალზე, შეიძლება განვითარდეს ფლუსი (პატარა ბუშტუკი, რომელშიც ჩირქია). ფლუსი - არის ქრონიკული ინფექციის წყარო ორგანიზმში. მშობლები კი გაკვირვებულები იქნებიან ბავშვის ხშირი ავადობით. ეცემა ბავშვის იმუნიტეტი. არის მძიმე შემთხვევებიც, როდესაც ანთება გადადის ძვალზე და შეიძლება საფრთხე შეექმნას ბავშვის სიცოცხლეს.
3. სარძევე კბილის ქვეშ მდებარეობს მუდმივი კბილის ჩანასახი. სარძევე კბილის ინფექციამ შეიძლება ცუდად იმოქმედოს მუდმივი კბილის ამოჭრასა და განვითარებაზე.
4. დავუშვათ, სარძევე კბილი ისე დაეშალა ბავშვს, რომ დროზე ადრე ამოსაღები გაუხდა, ეს გამოიწვევს იმას, რომ მუდმივ კბილს აღარ დარჩება ადგილი, რადგან მისი ადგილი მის გვერდით მდგომმა კბილმა დაიკავა და შესაბამისად ადგილიც დაპატარავდა.
5. დაშლილი კბილებით ძნელია საკვების დაღეჭვა. ეს კი იწვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევას: რთულდება საკვების გადამუშავება და შეთვისება. ორგანიზმი ვერ იღებს აუცილებელ საკვებ ნივთიერებებს. ამიტომ სტომატოლოგთან პროფილაქტიკური ვიზიტები აუცილებელია.
ექნებათ თუ არა ჯანმრთელი კბილები თქვენს შვილებს - დამოკიდებულია თქვენზე! კითხვაზე „საჭიროა თუ არა სარძევე კბილების მკურნალობა“ - პასუხი თქვენ უკვე იცით.