ამ სკოლებში სწავლა 4 ათასიდან 41 ათასამდე ღირს - ყველაზე ძვირი და პოპულარული სკოლები... განათლება რომ ძვირი ჯდება, მით უმეტეს - კარგი განათლება, ეს ახალი ამბავი არაა. მშობლებიც, თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში ყოველთვის ცდილობენ, შვილს არ მოაკლონ არაფერი და კარგი პირობები შეუქმნან პერსპექტიული და აწყობილი მომავლისთვის. შვილის მომავალში თანხის დაბანდება არავის ენანება, მთავარია, ეს თანხები გქონდეს... საქართველოში ბევრია კერძო სკოლა, სხვადასხვა პროფილის, სხვადასხვა კატეგორიის, ფასის და ა.შ. ჩვენ მათ შორის ყველაზე ძვირად ღირებულ სკოლებს შემოგთავაზებთ, მათი ფასებით, განსხვავებებით სხვა სკოლებისგან და ა.შ. შეიძლება ითქვას, რომ ამ სკოლების უმრავლესობაში აქცენტებია უცხო ენაზე, უცხოეთში განათლების მისაღებად მომზადებაზე, უმრავლესობის სწავლის საფასურში შედის ტრანსპორტის ხარჯები და რამდენიმე წრე და ბევრ მათგანს აქვს საზაფხულო სკოლები და ბანაკები, საკუთარი ბაღები და გამართული ინფრასტრუქტურა. წარმოდგენილი ფასები მიახლოებითია, რადგან სკოლების უმრავლესობაში სხვადასხვა კლასისა და სექტორის გადასახადი სხვადასხვანაირია.
თქვენ წინაშე საქართველოს ყველაზე ძვირად ღირებული და პოპულარული სკოლების ათეულია.
1. QSi - საერთაშორისო სკოლა
სწავლის წლიური გადასახადი: 41 ათასი ლარი
სკოლა თბილისის დიპლომატიურ სოფელში მდებარეობს, ზურგოვანის დასახლებაში.საერთაშორისო სკოლის გარდა იქ საერთაშორისო ბაღიც არის. ამ დასახლებაში ძირითადად უცხოელი დიპლომატები ცხოვრობენ და სკოლაშიც უმრავლესობა მათი შვილები სწავლობენ.
2. გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია
სწავლის წლიური გადასახადი: 19 ათასი ლარი
აკადემიაში სწავლება მე-9 კლასიდან იწყება. ამ თანხაში შედის მოსწავლეების ტრანსპორტირება, კვება - არა. აკადემია ლისის ტბაზე მდებარეობს. მოსწავლეთა საერთო რაოდენობა IX-XII კლასებში 265-ს შეადგენს. ყველა საგანი, გარდა ქართული და რუსული ენებისა, ინგლისურად ისწავლება.
3. ბრიტანულ-ქართული აკადემია
სწავლის წლიური გადასახადი - ბრიტანული სექტორი - 15 ათას ლარამდე, ქართული სექტორი - 9 ათას ლარამდე
აკადემია როგორც სკოლამდელი განათლების ცენტრს, ასევე დაწყებით, საბაზო და საშუალო სკოლებს სთავაზობს მშობლებს. გადასახდში შედის დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის კვება, ტრანსპორტირება ყველა მოსწავლისთვის, ხოლო საშუალო და მაღალი კლასის მოსწავლეები სპეციალური საშეღავათო ბარათებით სარგებლობენ კაფეტერიაში.
ასევე გახანგრძლივებული პროგრამები და ყველა სახის კულტურული თუ სპორტული აქტივობა. სკოლა ლისის ტბის ტერიტორიაზე მდებარეობს.
4. ევროპული სკოლა
სწავლის წლიური გადასახადი: ქართული სექტორი - 8 000ლარი, ინგლისური სექტორი - 15 000 ლარი
ამ გადასახადში (რომელიც მიახლოებითია, რადგან სხვადასხვა კლასში გადასახადი სხვადასხვაგვარია) შედის ორჯერადი კვება, ტრანსპორტირება და სხვადასხვა მხატვრული წრე.
საერთაშორისო სექტორზე გადასახადი კლასების მიხედვით განსხვავდება: პირველიდან მე-5 კლასის ჩათვლით სწავლის ღირებულება 5 000 ევროს, მე-6 დან მე-10 კლასის ჩათვლით - 6000 ევროს, ხოლო მე-11, მე-12 კლასებში - 7000 ევროს შეადგენს. ამერიკულ სექტორში მოსწავლეების მიღება მე-8 კლასიდან ხდება და გადასახადი 6 000 ევროა. ქართულ სექტორზე მოსწავლეების მიღება პირველი კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით ხდება.
5. კავკასიის ფრანგული სკოლა
სწავლის წლიური გადასახადი: 12 ათასი ლარი
სასწავლებელი ჭავჭავაძეზე მდებარეობს. სკოლაში არის საბავშვო ბაღი, დაწყებითი სკოლა და კოლეჯი. აღიარებულია საფრანგეთის განათლების სამინისტროს მიერ. სწავლების ენა ფრანგულია.
6. სკოლა "ლოგოსი"
სწავლის წლიური ღირებულება: 9900 ლარი
"ლოგოსი" მესამე საფეხურის სკოლაა, იქ უფროსკლასელები სწავლობენ. სკოლაში ცდილობენ, მოსწავლეები საფუძვლიან მოამზადონ საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის; ამერიკისა და ევროპის უნივერსიტეტებში სწავლის გასაგრძელებლად.
7. იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელი
სწავლის წლიური გადასახადი: 7900 ლარი
ეს სკოლა კიკეთში მდებარეობს და ლევან ვასაძის სკოლის სახელითაც არის ცნობილი. აქვს განვითარებული ინფრასტრუქტურა. სკოლა სამ შენობას აერთიანებს, სპორტული მოედნებით, სამლოცველოთი, სასადილოთი და ა.შ. გადასახადში შედის ტრანსპორტირება, კვება და სხვადასხვა წრე.
8. BGS
მოსწავლეებს პარალელურად 2 პროგრამით სწავლებას სთავაზობს და ერთდროულად 2 ატესტატით (ბრიტანული/ქართული) უზრუნველყოფს. საფასურში შედის ორჯერადი კვება, ტრანსპორტირება და სხვადასხვა მხატვრული წრე.
BGS საერთაშორისო საგამოცდო ორგანიზაციის, Pearson Edexcel International – ის რეგისტრირებული ცენტრია და სარგებლობს უფლებით, ქვეყნიდან გაუსვლელად, საკუთარ ტერიტორიაზე ჩაუტაროს მოსწავლეებს საერთაშორისო საატესტატო (IGCSE) და უნივერსიტეტში მისაღები ( AS/A-Level) გამოცდები;
BGS ერთადერთი სკოლაა საქართველოში, რომელიც 2014 წლიდან სთავაზობს მოსწავლეებს ინგლისის 2 წამყვან სკოლასთან - „ლეიტონ პარკთან" და „სიდკოტთან" გაცვლით პროგრამებში მონაწილეობას;
9. ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა
სწავლის წლიური გადასახადი - 5700 ლარი
ბაქსვუდის სკოლაში სწავლის საფასური 6800 ლარამდე მერყეობს. სკოლაში თითოეული კლასი მაქსიმუმ 20 მოსწავლისგან შედგება. წარჩინებულ მოსწავლეებს სიგელით, დიპლომით და სხვადასხვა ფასიანი საჩუქრებით აჯილდოვებენ. ასევე, ენიშნებათ სტიპენდიაც. საზაფხულო პროგრამის ფარგლებში ბაქსვუდის სკოლის მოსწავლეებს საშუალება აქვთ რამდენიმე თვით ან კვირით გაემგზავრონ ბრიტანეთში. სკოლა წყნეთში მდებარეობს.
10. ნიუტონის თავისუფალი სკოლა
სწავლის წლიური გადასახადი: 4200 ლარი
ნიუტონის სკოლა სწავლის ღირებულებით 15 ყველაზე ძვირ სკოლას შორის არის, თუმცა პოპულარობით - ათეულშია. სკოლაში სკოლამდელი აღზრდის პროგრამაც აქვთ. სკოლაშია სხვადასხვა სახის კლუბი და წრე, რაც გადასახადში შედის. მე-4 კლასამდე ასევე გადასახადში ბავშვების 2-ჯერადი კვება შედის, მე-4 კლასის ზევით უკვე მოსწავლეს კვებისთვის დამატებითი ფინანსები (საშუალოდ, დღეში 5 ლარი) სჭირდება. რაც შეეხება ტრანსპორტირებას, ამისთვის მშობელმა დამატებითი 660 ლარი უნდა გადაიხადოს. სკოლას ასევე აქვს ფასიანი საზაფხულო სკოლები.
ცნობილი ქართველების შვილები, რომლებიც მსოფლიოს პრესტიჟულ სასწავლებლებში სწავლობენ