დასუფთავების აქციებში მონაწილეობა მიიღო 500-მდე მოხალისემ 2016 წლის 7 მაისს, ევროპის დღის აღსანიშნავი ღონისძიებების და გერმანულ-ქართული თანამშრომლობის ფარგლებში, KfW - გერმანიის განვითარების ბანკმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ „ეკოხედვა/EcoVision“ სპონსორ პარტნიორებთან ერთად მოაწყვეს „დასუფთავების დღე“. აქციის მიზანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება რომ შეინარჩუნონ სუფთა ბუნება ნარჩენების გარეშე. ეს ღონისძიება საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური აქციაა ამ სფეროში. დასუფთავების აქციები პარალელურად ჩატარდა 9 სხვადასხვა ლოკაციაზე თბილისსა და მიმდებარე რეგიონებში. დასუფთავების აქციებში მონაწილეობა მიიღო 500-მდე მოხალისემ, მათ შორის სკოლის მოსწავლეებმა, მათმა მშობლებმა და მასწავლებლებმა. დასუფთავების აქციები ჩატარდა: თბილისის ზღვაზე (3 ლოკაცია), ლისის ტბაზე (2 ლოკაცია), მამკოდაში, კავთისხევში, ბაზალეთის ტბაზე, ჯვრის მონასტერთან (მცხეთა).
დასუფთავების აქციებში მონაწილეობა მიიღეს ასევე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ, KfW-ს კავკასიის ოფისის დირექტორმა ლარს ოერმანმა, პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ანდრეი ჩეშკოვსკიმ, ესტონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში პრიიტ ტურკმა, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ ლაშა მოისწრაფიშვილმა, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვაჟა ჩოხელმა და ფონდის „გაამწვანე საქართველო“ წარმომადგენლებმა.
დასუფთავების აქციებზე შეჯიბრებისა და ეკოვიქტორინის საფუძველზე გამოვლინდა გამარჯვებული ბავშვების 3 გუნდი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ევროპის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაში 2016 წლის 8 მაისს რიყის პარკში და დაჯილდოვდნენ პრიზებით სპონსორებისგან. კამპანია ტარდება KfW-ს ორგანიზებით, გერმანულ-ქართული ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში ღონისძიების მხარდამჭერები არიან: კავკასიის ბუნების ფონდი (CNF), ევროკავშირი, პოლონეთის საელჩო საქართველოში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), PEM Consult, Transboundary Joint Secretariat (TJS), საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო, თბილსერვის ჯგუფი და საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია.