სექტემბერში, თბილისში, საერთაშორისო ფესტივალი "სტარტი" გაიმართება, რომელშიც ქართველი და უცხოელი მოზარდები მიიღებენ მონაწილეობას. სექტემბერში, თბილისში, საერთაშორისო ფესტივალი "სტარტი" გაიმართება, რომელშიც ქართველი და უცხოელი მოზარდები მიიღებენ მონაწილეობას. ყველა ბავშვს, ვისაც მუსიკის, ცეკვის ან მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრის ნიჭი აქვს, შეუძლია მონაწილეობა მიიღოს. ფესტივალს ორგანიზებას უწევს ა.ა.ი.პ "სტარტფესტი", თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით.
როგორ უნდა მიიღოს მოზარდმა მონაწილეობა კონკურსში? - გვესაუბრება ფესტივალის ორგანიზატორი ანი გოგიაშვილი.
კონკურსანტების ასაკი 6-დან 16 წლამდეა. მონაწილეობის მსურველებმა საიტზე (www.startfest.ge) აპლიკაცია უნდა შეავსონ. საიტზე დეტალურადაა აღწერილი მონაწილეობის მიღების წესები.
რას აძლევს კონკურსი დამწყებ ხელოვანს?
ფესტივალი "სტარტი" ძალიან კარგ საშუალებას აძლევს დამწყებ ხელოვნებს, რომ საერთაშორისო არეალზე სცადონ ბედი. ჩვენი ჟიურის უცხოელი წევრები თავად არიან სხვადასხვა ქვეყნებში ფესტივალების მომწყობნი, ზოგი ორგანიზატორია, ზოგი -დამფუძნებელი. ასე რომ, ფესტივალში მონაწილეებს ექნებათ შანსი, მიიღონ მოწვევები სხვადასხვა ქვეყნის ფესტივალებიდან.
საიდან ელოდებით სტუმრებს და კონკურსანტებს?
ჩვენს ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ კონკურსანტები იტალიიდან, შვეიცარიიდან, რუმინეთიდან, ბულგარეთიდან, მალტიდან, უკრაინიდან და ასევე, მიმდინარეობს მოლაპარაკება სხვა ქვეყნებთანაც.
როდის დაიწყება კონკურსი და რამდენ ხანს გასტანს?
ქართველი კონკურსანტებისთვის რეგისტრაცია 1 სექტემბერს დასრულდება, უცხოელი კონკურსანტებისთვის - 1 აგვისტოს. საფესტივალო დღეებია 23, 24, 25 სექტემბერი. 23 სექტემბერს გაიმართება პირველი საკონკურსო ტური, ხოლო 25 სექტემბერს - მეორე საკონკურსო ტური, რასაც მოჰყვება გრანდიოზული, საქველმოქმედო გალა-კონცერტი. ასევე, გვექნება ექსკურსიებიც. ქართველი ბავშვებისთვის სასიამოვნო იქნება უცხოელი მეგობრების შეძენა.
რა პრიზები გამოიყოფა გამარჯვებულებისთვის?
ყველა მონაწილეს გადაეცემა დიპლომი და მედალი, სპეციალური პრიზი არის "გრანპრი". სხვადასხვა კატეგორიებში იქნებიან I, II და III ადგილის მფლობელები, გვექნება ნომინაციები: საუკეთესო ვოკალი, საუკეთესო შესრულება, ჟიურის სიმპათია და ა.შ. არცერთ მონაწილეს არ დასწყდება გული, ყველა მიიღებს საჩუქარს.
დამატებითი ინფორმაციის მიღების მსურველებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე: 555 108 330, ეწვიონ ჩვენს ოფიციალურ Facebook-ის გვერდს: www.facebook.com/StartFestOfficial ან ოფიციალურ ვებ-გვერდს: www.startfest.ge