ერი ასეთი კვებით სუსტდება პურს, გარდა იმისა, რომ ადამიანისთვის აუცილებელი პროდუქტია, ბიბლიური დატვირთვაც აქვს, - "პური ჩვენი არსობისა," - გვეუბნება უფლის მთავარი ლოცვა. პურზე ზრუნვა მნიშვნელოვანია არა მარტო იმიტომ, რომ ყოველდღიური კვების პროდუქტია, არამედ მასზე ბევრი რამ არის მიბმული, - გვეუბნება პროფესორი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი მიხეილ ჯიბუტი, რომელმაც პროექტის "ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის სრულყოფა და მცირე ფერმერების მხარდაჭერა" ფარგლებში კვლევა მოამზადა, რაც ბრიტანული ორგანიზაცია "ოქსფამის" მიერ იყო ინიცირებული.
საქართველოს სასურსათო უსაფრთხოების დიაგნოსტიკური გამოკვლევის შედეგად არც ისე კარგი ფაქტები გამოიკვეთა. ამჯერად ბატონ მიხეილთან პურის შესახებ ვისაუბრებთ.
- დავიწყოთ იმით, რომ საქართველო ვერ აწარმოებს პურს იმ ოდენობით, რამდენსაც მოიხმარს და სჭირდება. უფრო სწორად, საქართველოში ხორბლის მარცვალი უკვე 4-5 წელია, 10-12 პროცენტი იწარმოება. ეს მაჩვენებელი ერთი პერიოდი 8 პროცენტამდეც იყო დასული, რაც კატასტროფაა. პური ისეთი საბაზო პროდუქტია, რომელიც სასურსათო მოხმარების მდგრადობას განსაზღვრავს. კრიტიკულ მომენტებშიც კი ამ პროდუქტზე მოსახლეობას უარის თქმა არც ერთ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში არ შეუძლია, რადგანაც ჩვენთან პურს მოხმარებაში დიდი წილი უკავია, - მოხმარების სტრუქტურაში ის დაახლოებით, 60-დან 70 პროცენტამდე მერყეობს.
- იქ, სადაც ეს საკითხი მოგვარებულია, როგორ არის საქმე?
- მიიჩნევენ, რომ პურის მოხმარება სტრუქტურაში 20-დან 25 პროცენტამდე უნდა მერყეობდეს. სხვა საკითხია და პრობლემაა, რომ ეს პროდუქტი დაბალი ხარისხის და არაჯანსაღია, - ეს თემაც წინამორბედ პრობლემას ებმის, რის გამოც საფრთხის წინაშე ვართ!
მოკლედ, თავად ხორბლის პროდუქტის თვითუზრუნველყოფა საქართველოში ერთი თვეა საკმარი, ანუ ქვეყანას თავისი შესაძლებლობით შეუძლია თავი ერთი თვე ირჩინოს, აწარმოოს ერთი თვის საარსებო ხორბალი, თან მაშინ, როცა ამ პროდუქტს ასეთი დიდი მოხმარება აქვს, რადგანაც კვების სტრუქტურაში, ნაკლებია ხორცის, თევზეულის, ბოსტნეულის, რძის ნაწარმის, ხილის გამოყენება. ამიტომ ამ კომპონენტების შევსება ხდება პურით.
პური კი ავსებს ორგანიზმს, მაგრამ მას საჭირო მიკროელემენტები თუ ბევრი სხვა რამ აკლდება, რის გამოც ორგანიზმი იფიტება და ზოგადად, ერი ასეთი კვებით სუსტდება. თან, ეს იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი ხარისხიან პურს იღებს. წარმოიდგინეთ, ამ შემთხვევაშიც ძალიან ცუდი მაჩვენებელია. მეორეა, რომ წლებია, ადამიანი უხარისხო პურს ჭამს.
- რა განსაზღვრავს მის უხარისხობას?
- პურის უხარისხობა მრავალი კომპონენტითაა განპირობებული, - ეს არის დაბალი ხარისხის ხორბალი, ასეთივე ფქვილი და ყველაზე ცუდი რაც არის, პური ნაწარმოებია არა ბუნებრივი, არამედ ხელოვნური (სინთეტური) საფუარით. თუკი რაიმე ცუდი ელემენტი შეიძლება არსებობს, კაცი რომ ვერც წარმოიდგენს (კარცეროგენური შემადგენელობაც) ამ პროდუქტშია თავმოყრილი. ამიტომ მწარმოებლები ასეთ ფრაზას ამბობენ, - "იმდენ საფუარს არ ვუშვები", მაგრამ არც ერთი რეკლამა, განაცხადი იმასთან დაკავშირებით, რომ პური საფუარის გარეშეა ნაწარმოები, საქართველოში არ დასტურდება. ეს ფრაზები დროებითია და მინირეკლამის დატვირთვა აქვს და მალევე ქრება. გაგრძელება