რა უნდა გააკეთოთ ექიმის მოსვლამდე ბავშვები პატარაობიდან ცნობისმოყვარეები არიან. სიცოცხლის პირველი დღიდან შეხების მეშვეობით შეიცნობენ სამყაროს გემოს, სუნის. ხშირად ასეთი შემეცნებითი პროცესი შეიძლება სახიფათო გახდეს ბავშვის სიცოცხლისათვის. თანამედროვე პირობებში მშობლები ცდილობენ რაც შეიძლება უსაფრთხო გახადონ ბავშვისთვის შესაძლო საყოფაცხოვრებო ტრავმები. მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ხდება საბედისწერო შემთხვევები. მათ შორის ხშირია თერმული დამწვრობები. რა თქმა უნდა 100% - ით ბავშვს ვერ დავიცავთ შესაძლო საფრთხეებისგან, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მშობელს უნდა ჰქონდეს წარმოდგენა იმაზე,თუ როგორ აღმოუჩინოს თავის პატარას პირველადი დახმარება.
პირველადი დახმარება თერმული დამწვრობის დროს.
სანამ პირველად დახმარებას აღმოვუჩენთ ბავშვს, საჭიროა დადგინდეს რომელი ხარისხის დამწვრობაა( სულ 4 ხარისხია ).
პირველი ხარისხის დამწვრობა - ტრავმირებული კანი შეშუპებული და გაწითლებულია.
მეორე ხარისხის დამწვრობა - კანზე წარმოიქმნება პატარ - პატარა ბუშტუკები, რომლებიც სავსეა გამჭვირვალე სითხით.
მესამე ხარისხის დამწვრობა - ქსოვილის დაზიანება ჩადის ძვლამდე. უმეტეს შემთხვევაში ბუშტუკები უკვე გახეთქილია, მაგრამ ზოგჯერ ღრმა დამწვრობებთან წარმოიქმნება პატარა ბუშტები და კანის საფარველი გაწითლებულია.
მეოთხე, ყველაზე მძიმე ხარისხის დამწვრობისთვის დამახასიათებელია ტრავმირებული ადგილის შესიება და იმ ადგილზე მგრძნობელობის დაკარგვა.
როდესაც ზუსტად დაადგენთ დამწვრობის ხარისხს, საჭიროა დაუყოვნებლივ აღმოუჩინოთ პირველადი დახმარება:
1. პირველ რიგში გახადეთ ტანსაცმელი ტრავმირებული ადგილიდან. თუ ვერ მოასწარით და ქსოვილი მიეკრო ჭრილობაზე - ფრთხილად მოაჭერით მაკრატლით ჭრილობის ირგვლივ.
2. ამის შემდეგ ტრავმირებული მონაკვეთი რამდენიმე წუთით დაუყოვნებლივ მოათავსეთ ცივი წყლის ჭავლის ქვეშ.
3. მხოლოდ ამის შემდეგ დაამუშავეთ ჭრილობა დამწვრობის საწინააღმდეგო საშუალებით ( შეგიძლით მალამოთი). შეეცადეთ გადაუხვიოთ სტერილური ბინტით / მარლით, რომელიც დასველებული იქნება ცივი წყლით.
4.თუ ბავშვი ტირის ტკივილისაგან, მიეცით ტკივილგამაყუჩებელი საშუალება(მაგ:პარაცეტამოლის შემცველი პრეპარატები).
5. თუ დამწვრობამ დააზიანა სხეულის 5 %, ან ტრავმირებულია თავი, პირი, სასუნთქი გზები, გულმკერდის არე - საჭიროა დაუყოვნებლივ წაიყვანოთ ბავშვი სამედიცინო დაწესებულებაში ან გამოიძახოთ გადაუდებელი დახმარების ბრიგადა. თუ ბავშვს დაეწყება შემცივნება, გაათბეთ პლედის საშუალებით და დაალევინეთ თბილი ჩაი.
6. დამწვრობით დაზიანებული ბავშვის ტრანსპორტირება განსაკუთრებული სიფრთხილით არის საჭირო: თუ დაზიანება აქვს თავზე, ყელზე, სხეულზე ან ხელებზე - ტრანსპორტირება უნდა მოხდეს ჯდომით ან ნახევრადმჯდომ მდგომარეობაში; თუ დაზიანებულია სხეულის წინა ნაწილი - დააწვინეთ ბეჭებზე, ხოლო თუ დამწვრობა ბეჭებზეა - მოათავსეთ ბავშვი მუცელზე.
რისი გაკეთება არ შეიძლება დამწვრობის დროს?
თუ ბავშვმა მიიღო თერმული დაზიანება, კატეგორიულად დაუშვებელია შემდეგი ქმედებების განხორციელება:
- არ ეცადოთ ძალის გამოყენებით კანზე მიწებებული ტანსაცმლის ქსოვილის ძალით მოშორება;
- დაზიანებისთანავე დამწვრობის საწინააღმდეგო მალამოს გამოყენება;
- გახეთქოთ კანზე წარმოქმნილი ბუშტუკები;
- დაზიანებული ადგილის სპირტის შემცველი საშუალებით დამუშავება;
- დაზიანებული ადგილის სახამებლით ან ფქვილით დაფარვა ( არსებობს რისკი დაინფიცირებისა);
- დაზიანებული ადგილის ხელით შეხება;
- ჭრილობის პლასტირით დაფარვა, რაც ჟანგბადის მიწოდებას უშლის ხელს ( ჟანგბადი ხელს უწყობს ჭრილობის ბუნებრივ შეხორცებას).
- ჭრილობაზე ზეთის, კვერცხის ცილის, კომბოსტოს ფოთოლის , კარტოფილის და სხვა ხალხური მეთოდების გამოყენება.
არ დაგავიწყდეთ, რომ მსგავსი სიტუაციიდან თავის არიდებისთვის საჭიროა წესრიგი და უსაფრთხოების ნორმების დაცვა - განსაკუთრების ეს ეხება სამზარეულოს და სააბაზანოს. აუხსენით ბავშვს როგორ უნდა მოიქცეს სახლის ამ მონაკვეთებში. ეცადეთ სამზარეულოში არ დატოვოთ ბავშვისთვის ხელმისაწვდომ ადგილზე ცხელი ქვაბი ან ჩაიდანი.