"მე ქმართან ურთიერთობას მაგ ეტაპამდე არ მივიყვანდი" - "ხელოვნური სუნთქვის" მსახიობის გულახდილი ინტერვიუ მსახიობი ანი ბებია სერიალ "ხელოვნურ სუნთქვაში" ერთ-ერთ მთავარ გმირს, ნუცას თამაშობს, სწორედ მისი პერსონაჟის ირგვლივაა ის კვანძი შეკრული, რომლის გახსნასაც მაყურებელი მოუთმენლად ელოდება. ანის სერიალსა და პირადზე ვესაუბრეთ.
- მსახიობობა თავიდნავე მინდოდა, ოღონდ ეს მხოლოდ სურვილი იყო, არ ვემზადებოდი ამისთვის. მისღებ გამოცდებამდე ორი თვით ადრე მივიღე თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაბარების გადაწყვეტილება და ჩავაბარე კიდეც... თუ საკურსო ნამუშევრებს და პატარ-პატარა გადაღებებს არ ჩავთვლით, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ ჩემი პირველი სერიოზული როლი შედგა "იმედის" სერიალ "ფსიქოპათთა თამაშებში", სადაც ჟურნალისტს ვასახიერებდი. "ხელოვნურ სუნთქვაში" კასტინგის მეშვეობით მოხვდვი, მაგრამ მანმადე "ჩემი ცოლის დაქალებში" ეპიზოდური როლი შევასრულე, შესაბამისად მათ ბაზაში ვიყვი დაფიქსირებული. როცა "ხელოვნურ სუნთქვაზე " დაიწყეს მუშაობა, დამირეკეს, მივედი კასტინგზე და დამამტკიცეს. ეს ჩემთვის დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია, რისთვისაც მადლობა უნდა ვუთხრა "ფორმულა კრეატივს" და სცენარისტებს, რომლებმაც ძალიან მაგარი გმირი შექმნეს და მისი მაყურებლამდე მიტანა მე დამაკისრეს.
- რთული იყო ამ პერსონაჟის - ნუცას შექმნა? გგავთ რაიმეთი?
- მე ნუცასთან საერთო არაფერი მაქვს და ალბათ ამიტომ იყო რთული და იმავდროულად საინტერესო მისი შექმნა. ჩემი აზრით, უცნაური, განსხვავებული პიროვნებაა ნუცა, აქვს ისეთი თვისებები, რაც მე არ მახასიათებს და უცხოა ჩემთვის. ვერ ვიტყვი, მაინცდამაინც გამიჭირდა თუარა გმირზე მუშაობა, უბრალოდ ბევრს ვფიქრობ მასზე და მგონი გამოვიდა ის, რაც ჩაფიქრებული ჰქონდათ სერიალზე მომუშავე გუნდს.
- როგორც ცოლი, როგორც ქალი ამართლებთ ნუცას საქციელს?
- არა, მე როგორც ანი, არ ვამართლებ, თუმცა, თავად ნუცას აქვს თავისი სიმართლე. ჩემი აზრით, ოჯახის შექმნა ცოტა უფრო სხვა რაღაცაა, ნუცა სხვანაირად უყურებს. მე, ანუ ანი, არ ჩავრევდი სხვას ჩემს ცხოვრებაში, არ მოვახდენინებდი გავლენას არც დედას, არც დედამთილს. მარტო შოთიკოს და ნუცას ურთიერთობა რომ ავიღოთ, იქაც ბევრი პრობლემაა. მე უფრო გახსნილი და მეგობრული ვიქნებოდი, მაშინ როცა ნუცა საკმაოდ ჩაკეტილია. ქალს სჭირდება ქმრის სიყვარული და სითბო, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ თავად ნუცა უნდა იქცეოდეს სხვაგვარად.
- მაყურებელი ემოციების გარშე ვერ უყურებს სერიალს, თქვენზე რამდენად მოქმედებს ამ როლის შესრულება?
- მსახიობი ვარ, მაგრამ მართლა განვიცდი იმას, რასაც ვთამაშობ, რთულია ესეც, თუმცა ჩემი პროფესია ასეთია და მსიამოვნებს ამ ყველაფრის კეთება.
- ამ სეზონში გაიხსნება მთავარი კვანძი – როგორ დაიღუპა ნუცა?
- კი, კი გაიხსნება.
- გასულ კვირას გამოჩნდა, რომ ნუცას შოთიკომდე ჰყოლია შეყვარებული, რომელმაც მიატოვა. ნათლად არ ჩანს, მერე ნუცა მის ჯიბრზე გათხოვდა თუ წრფელი სიყვარულის შედეგად, მაგრამ ჩვენს რეალობაში ხდება ასეთი რაღაცები. თუ გსმენიათ მსგავსი ფაქტების შესახებ და როგორ აფასებთ ასეთ სპონტანურ ნაბიჯებს?
- სპონტანური ნაბიჯი კარგია, მაგრამ გააჩნია რა შემთხვევაში. ელემენტარულად ვიტყვი, ადამიანის თავისუფლება მაშინ იკარგება, როცა სხვის თავისუფლებას არღვევს. შენი სპონტანური ნაბიჯით არ უნდა დააზიანო სხვა, მთავარი ესაა. ასე გათხოვება კი ცუდი ნაბიჯია ნამდვილად.
- შოთიკოსნაირი მეუღლე რამდენად მისაღებია თქვენთვის?
- მე ქმართან ურთიერთობას მაგ ეტაპამდე არ მივიყვანდი. ნუცაც და შოთიკოც, ორივე ჩაკეტილები არიან. ურთიერთობაში მთავარი მეგობრობაა, მათ ეს არ გააჩნიათ და ესაა უბედურებაა.
- ანი, ახლა თქვენს რეალურ მეუღლეზე მოგვიყევით, ვიცით რომ დაოჯახებული ხართ...
- ჩემი მეუღლე გახლავთ 25 წლის კახი ხუციშვილი, საზოგადოებრივ მაუწყებელში მუშაობს რეჟისორად. 3 წელია ვიცნობთ ერთმანეთს და 1 წელია, რაც დავოჯახდით.
- როგორ აფასებს თქვენს გმირს და თქვენს ნამუშევარს?
- თავიდან სკეპტიკურად უყურებდა, მაგრამ ახლა და ახლა მოსწონს თვითონ სერიალიც და ჩემი თამაშიც. რასაკვირველია, მინუსებიც ახლავს ამ ყველაფერს თან, რომელსაც მეუბნება და ვითვალისწინებ, მაგრამ ერთიანობაში მაინც ძალინ კმაყოფილია. ზოგადად, ჯანსაღი კირიტიკა გულზე არ მხვდება, პირიქით, მინდა მივიღო შენიშვნა, რომ გამოვასწორო და უკეთესი შედეგი ვაჩვენო.
- პროფესიის და ოჯახური ცხოვრების შეთავსებას რამდენად ახერხებთ?
- მხოლოდ გადაღებები არაა ჩემი საქმე, თან თეატრშიც ვთამაშობ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვახერხებ შევუთავსო ეს ყველაფერი ერთამენთს, მშობლებთან ერთად ვცხოვრობთ და ისინი გვეხმარებიან ბევრ რამეში.
ციცი ომანიძე