"ანა ქალაქგარეთ, მივლინებაშია წასული და ორი დღე მე და კატო მარტონი ვართ სახლში..." მამების დღიურები – რატი შუბლაძე
უკვე ცხრა თვეა მე და ანა კატოს მშობლები ვართ. მას შემდეგ, რაც 2015 წლის იანვრის ბოლოს გავიგეთ რომ მშობლები უნდა გავმხდარიყავით, ჩვენი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. კატოს ამქვეყნად მოვლენასთან ერთად სულ უფრო და უფრო იცვლებოდა ჩვენი ცხოვრების წესი, განრიგი და პრიორიტეტები. იმატებდა ნერვიულობაც, მაგრამ ეს უფრო პასუხისმგებლობის აღების და გააზრების შედეგი იყო, ვიდრე შიში ახალი ცხოვრების მიმართ. მართლაც, შემიძლია ვთქვა, რომ 2015 წლის 21 ოქტომბერს ახალი ცხოვრება დავიწყეთ.
მე და ანა დაახლოებით 2 წელია რაც დავქორწინდით და ერთად ვცხოვრობთ ჩვენს ახალ, არც ისე დიდ, მაგრამ არც ძალიან პატარა სახლში. ჩვენი დახასიათებისას შეიძლება გამოვიყენო ტერმინი Yuppie, რაც ინგლისური ენის ოქსფორდის ლექსიკონის მიხედვით, ქალაქში მცხოვრები ახალგაზრდა პროფესიონალის აღსანიშნავად გამოიყენება. ეს სტერეოტიპული იარლიყი, რა თქმა უნდა, ზუსტად არ გამოხატავს ჩვენს თვისებებს, თუმცა ხშირად ვპოულობ საკუთარ თავში ამ სტერეოტიპის შესაფერისი თვისებებს.
მე განათლებით სოციოლოგი ვარ, ამჟამად ერთ-ერთ კვლევით ორგანიზაციაში ვმუშაობ. პარალელულად აგერ უკვე მესამე წელი დაიწყება, რაც დოქტორანტურაში ვსწავლობ და უნივერსიტეტში ლექციებსაც ვკითხულობ. სამსახურის, სწავლის და აგრეთვე კატოს ფაქტორის გათვალისწინებით, ბოლო დროს სულ ნაკლებ დროს ვუთმობ მეგობრებს, ჩემს სხვადასხვა ჰობის და გართობას. თუმცა, რა? სად? როდის? თამაში გამონაკლისია – თვითონაც მიკვირს, თუ როგორ ვახერხებ ამისთვის დროის გამონახვას.
ანაც ჩემს მონათესავე სფეროშია დასაქმებული. განათლებით ჟურნალისტია და ამჟამად, მედიის მკვლევარად მუშაობს ერთ-ერთ წამყვან არასამთავრობო ორგანიზაციაში. ანასაც მოუხდა საკუთარი ცხოვრების სტილის კორექტირება, და ისიც მცირე დროს უთმობს საკუთარ საყვარელ საქმიანობებს, მაგალითად თარგმნას და წერას. მე მგონია, რომ ანას მოწოდება წერა არის, რომელიც კარგად გამოსდის, მაგრამ არავის უზიარებს. ჩემგან განსხვავებით, ანა უფრო მეტ დროს უთმობს საკუთარ მეგობრებს, რაც მისი დატვირთული გრაფიკიდან და კატოს მოვლაში გაცილებით მეტი დროის დათმობის ფონზე მართლაც შესაქებია.
11 ივლისი. 2016.
ანა ქალაქგარეთ, მივლინებაშია წასული და ორი დღე მე და კატო მარტონი ვართ სახლში.
ჩვენი დილა როგორც წესი დილის 7 საათიდან 8-ის ნახევრამდე შუალედში იწყება. ამ დროს კატო იღვიძებს და ჩვენც გვაღვიძებს, რომ საკუთარი საწოლიდან ამოვიყვანოთ, საჭმელი მოვუმზადოთ და დღისთვის მოვემზადოთ. სანამ ანა კატოს აჭმევდა, მე სამსახურში წავედი, ძიძის მოსვლის შედმეგ კი ანაც ბორჯომში წავიდა მივლენებით. მთელი დღის განმავლობაში კატო ძიძასთან ატარებს, რომელიც ძალიან უყვარს.
მე სახლში დაახლოებით 7 საათისთვის ვბრუნდები. ძიძა მიდის და სწორედ ამ დროს იწყება ჩვენი თავგადასავალი. ვერც კი წარმოიდგენთ, როგორი რთულია 9 თვის ბავშვთან ერთად მარტო სახლში ყოფნა. მოუსვენარი კატო, დაბობღავს, დახტის, ცდილობს ფეხზე დადგეს, სკამზე ავიდეს, დივანიდან გადმოვარდეს, პირში სათამაშოების და პულტი ჩაიდოს, ძირს დაანარცხოს ჩემი მობილური და ამ დროს მე საჭმელი უნდა გავუმზადო. მოკლედ, თუ სწორი სტრატეგია არ აირჩიე, ამ ყველაფერთან განმკლავებისას ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩაიგდებ თავს.
კატოს ცხოვრება წინასწარ გაწერილი და დაგეგმილია. ცხრის ნახევარზე ჭამის დროა და მეც ვცდილობ თან ყურადღება არ მოვადუნო და კატო ძალიან შორს არ გაბობღდეს ოთახიდან, თანაც ხაჭოს, დახეხილი ვაშლი და გარგარი ერთმანეთში უნდა ავურიო და გავუმზადო. ჭამის პროცესის აღწერისას მხოლოდ იმით შემოვიფარგლები, რომ კატოს ჭამს მოითხოვს მუსიკალურ ნიჭსა და სამსახიობო ოსტატობას, რადგანაც გართობის გარეშე ჩემი გოგონა პირს არაფერს დააკარებს.
ჭამის შემდეგ კი გართობის დრო იწყება. ამ დროს მე და კატო საწოლზე ვკოტრიალობთ, დამალობანას, ჰაერში აგდებობანას და ჯერ კიდევ სახელის არ მქონე ათას თამაშს ვთამაშობთ. ხშირად ცვალებადი ხასიათის გამო, კატოსაც მალე სწყინდება ჩემთან თამაში და ახლა ცდილობს ფეხზე დადგეს ან საწოლიდან ქვემოთ ჩაგორდეს. მეც სხვა გზა არ მაქვს, საძინებლიდან ისევ მთავარ ოთახში გავდივართ და ახლა უკვე დივანზე ვაგრძელებთ თამაშს.
კატოს უკვე ნელ-ნელა ეძინება, თავს ვეღარ იკავებს და გაბრაზებული – რატომ არ მეძინებაო – ტირილს იწყებს. თამაშ-თამაშით, ერთად კოტრიალით და იავნანით კატოსაც ეძინება და მეც კინაღამ ჩამთვლიმა. ეს გამოუსწორებელი შეცდომა იქნებოდა, რადგანაც კატოს კიდევ ერთი ჭამის დრო აქვს. სანამ მას არხეინად ეძინა, მე ამ დროს დრო ვიხელთე და დღევანდელი დღის უკანასკნელი საკვები, რძე, მოვუმზადე. ნახევრად ძილ-ბურანში მყოფი კატო ხარბად ეწაფება რძეს, სიამოვნებისგან კრუტუნებს და ხშირ-ხშირად ისვენებს. სადღაც პირველის ნახევარზე მისი დღე მთავრდება, მე კი ჯერ კიდევ მაქვს დაუსრულებელი საქმეები, წასაკითხი და დასაწერი. არადა მაგრად მეძინება.
12 ივლისი. 2016.
უკვე 6 თვეა რაც ჩვენთან მაღვიძარამ ფუნქცია დაკარგა და ის კატომ ჩაანაცვლა. გუშინ გვიან დავწექი, ამიტომ ადგომა ძალიან მიჭირს. ამ დროს ვფიქრობ, აბაზანაში შესვლა, კატოს საწოლიდან ამოყვანა და მისი საჭმლის გაკეთება ეფექტურად როგორ მოვახერხო. კატოს პროტესტის მიუხედავად, ჯერ აბაზანაში შევრბივარ, სწრაფად ვბრუნდები საძინებელში და ხელში ამყავს. გავდივართ სამზარეულოში და რძეს ვამზადებთ. სანამ რძე გრილდება, კატო დივანზეა წამოსკუპებული, ხელში პულტს ათამაშებს და ძალაუნებურად ერთი არხიდან მეორეზე რთავს. პულტთან თამაშს მხოლოდ რძიანი ბოთლის ხათრით ანებებს თავს და გამალებით ეცემა ბოთლს. რადგანაც მარტო ვარ სახლში, ძიძის მოსვლასაც ველოდები. ამიტომ დრო მაქვს და სანამ კატო იატაკზე დაგებულ ხალიჩაზე ერთობა, მეც ვჭამ. კარზე ზარი ძიძის მოსვლას ამცნობს კატოს და ისიც კისკისს იწყებს. გადაბარების საზეიმო ცერემონიალის შემდეგ სამსახურში გავრბივარ და საღამომდე ვემშვიდობები ჩემს კატუნიას.
დღევანდელი საღამო ოდნავ უფრო მსუბუქი იქნება, რადგან დღეს ანაც ჩამოდის. გუშინდელთან შედარებით, დღეს კატო უფრო კარგად იქცევა და ნაკლებად ჭირვეულობს. სამაგიეროდ, ხილიანი ხაჭოს დღესაც უფრო ცუდად ჭამა და სადღაც მესამედი დატოვა. დანატოვრის ასანაზღაურებლად რძის დამატებაც გავუკეთე, რომელიც ბოლომდე დალია. უკვე ათის ნახევარია და ანაც მალე მოვა. კატოს ძილის წინა ჭირვეულობები დაეწყო და ვცდილობ დავამშვიდო და დავაძინო. კატო ახალი დაძინებული იყო, ანაც რომ მოვიდა და შვებით ამოვისუნთქე. თამამად შემიძლია დღეს ღამის ცვლა ანას გადავაბარო და ხვალისთვის გამოვიძინო. თუმცა, ჯერ წიგნის წაკითხვასაც ვაპირებ.
ცოტა ხანში წიგნთან ერთად დივანზე ჩაძინებულს, ანა მაღვიძებს. კატოს უკვე დაუმთავრებია დღევანდელი დღის უკანასკნელი საჭმელი და ახლა ანა აძინებს. ნახევრად მძინარე კატოს და მე ანა საძინებლისკენ გვიძღვება და თითქმის ერთდროულად „გვაძინებს“. განაგრძეთ კითხვა