"მანამდე გეგონა, რომ სულ იქნებოდა და არც იმაზე დარდობდი, რამდენჯერ აწყენინე, გააბრაზე..." რამდენიმე დღის წინ ირინა სარიშვილმა გარდაცვლილი დედის დაბადების დღეს ემოციური პოსტი მიუძღვნა:
„საშინელებაა უდედოდ დარჩენა, რამხელაც არ უნდა იყო.
როცა ყველაფრისგან გადაღლილი ეძებ ყველაზე საიმედო, თბილ და საყვარელ დასაყრდენს და აღარ გყავს.
არადა, მანამდე გეგონა, რომ სულ იქნებოდა და არც იმაზე დარდობდი, რამდენჯერ აწყენინე, გააბრაზე, მერე ხომ მაინც ჩაგიხუტებდა და მოგეფერებოდა.
დედას უპირობოდ, ყველაზე ძალიან უყვარხარ, ზუსტად ისე, როგორც შენ გიყვარს შენი შვილი...
დღეს დედას დაბადების დღეა. პირველად მის გარეშე.“
დღეს, კი უკვე თვითონ, როგორც სამი ბიჭის დედა, სოციალური ქსელის მეშვეობით მშობლებს რჩევას აძლევს და წერს:
„მშობლებო! მიიღეთ თქვენი შვილები ისეთები, როგორებიც არიან, ბავშვობიდან აქეთ, გვერდში დაუდექით, დაანახეთ, რომ აფასებთ მათ გადაწყვეტილებებს, თვისებებს, გეგმებს და გჯერათ მათი, რადგან თქვენი ასეთი დამოკიდებულება არის საფუძველი თქვენი შვილის თვითშეფასების, რაც მას ცხოვრების ბოლომდე ექნება...“
ქალბატონი ირინა შვილებს დამუკიდებლად, მარტო ზრდის და შესაბამისად მშობლობის ტვირთი მთლიანად საკუთარ თავზე აქვს აღებული. როგორც ბევრ სხვა საკითხში, აქაც რაციონალური და დემოკრატიულია, შვილებს ნებისმიერ ასაკში პიროვნებებად აღიქვამდა და აღიქვამს და მათთან ისევე განიხილავს საჭირბოროტო „საუფროსო“ თუ ბავშვურ თემებს, როგორც ზრდასრულ ადამიანებს შეფერებათ.
თეკლა ჟვანია