პროგრამა ხორციელდება "ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს"დახმარებით "ათასწლეულის გამოწვევის ფონდ - საქართველოსთან" თანამშრომლობით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა საჯარო სკოლის დირექტორებისა და ე.წ. STEM-ის (ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ინგლისური ენა და გეოგრაფია) მასწავლებლებისთვის პროფესიული განვითარების ახალი ეტაპი დაიწყო. აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დაფინანსებით, საქართველოში სრულიად ახლებურ ხედვასა და დასავლურ საგანმანათლებლო სისტემაზე მორგებული "მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი" ამოქმედდა.
პროექტი 2016 წლის დასაწყისიდან "ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოსა"და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის, 2015 წლის 25 დეკემბრის შეთანხმების საფუძველზე დაიწყო, რაც ითვალისწინებს ცენტრის მიერ, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ფინანსური და ექსპერტული მხარდაჭერით, 7-12 კლასების ზუსტი, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, გეოგრაფიის და ინგლისურის მასწავლებლების, ასევე საჯარო სკოლის დირექტორების პროფესიული განვითარების ხელშეწყობას.
საერთაშორისო კვლევებით დადასტურებულია, რომ ტექნიკურ მიმართულებებში მოსწავლეთა მაღალი შედეგები და მათ მიერ, სამომავლოდ, არჩევანის ტექნიკურ, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით გაკეთება, ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. სწორედ ამ მიმართულებით ისახავს მიზნად პროგრამა მოსწავლეთა აკადემიური შედეგების გაუმჯობესებას. აღნიშნულს კი მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის უზრუნველყოფის ხელშეწყობის გზით გეგმავს. ამ საკითხთან დაკავშირებით პროგრამის მენეჯერს ირინა აბულაძეს ვესაუბრეთ:
- პროგრამა ხორციელდება "ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს"დახმარებით, რაც საჯარო სკოლის მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა გადამზადებას გულისხმობს. პროექტს ახორციელებს მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების ცენტრი. პროგრამის სამიზნე ჯგუფია საქართველოს საჯარო სკოლის დირექტორები და მე-7 მე-12 კლასების მასწავლებლები, რომლებიც ასწავლიან მათემატიკას, ფიზიკას, ბიოლოგიას, ქიმიას, ინგლისურს, გეოგრაფიას. მათი პროფესიული განვითარება გასტანს 2016 წლიდან 2019 წლამდე. პროგრამა რამდენიმე ეტაპიან გადამზადებას ითვალისწინებს. ეს არის ტრენინგები, სასწავლო და პროფესიული შეხვედრები. ტრენინგების მთავარი საორიენტაციო თემაა მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება და გარემოს შექმნა.
- რა ეტაპზეა დირექტორთა გადასამზადებელი ტრენინგები?
- ამ ეტაპზე დირექტორებისთვის ჩატარდა რამდენიმე ტრენინგ-მოდული, რომელიც დაყოფილია სამ ნაწილად. მას ქვია: ლიდერობის აკადემია I, ლიდერობის აკადემია II, ლიდერობის აკადემია III. ტრენინგების გარდა დირექტორებისთვის მოეწყობა კვარტალური შეხვედრები, სადაც ისინი ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ. ლიდერობის აკადემია I უკვე დასრულდა, ხოლო დეკემბრიდან ჩვენ ახალ ეტაპს: ლიდერობის აკადემია II-ს დავიწყებთ.
- რას ითვალისწინებს მასწავლებელთა გადამზადება?
- მასწავლებლებისთვის ამჟამად მიმდინარეობს ზოგადი პროფესიული უნარების ტრენინგი, რომელიც სამი მოდულისგან შედგება. პირველი მოდული უკვე ჩატარდა და მხოლოდ აჭარის რეგიონი დაგვრჩა. ჩვენს პროგრამას ჯამში 18 000 მასწავლებელი გაივლის. მათი ტრენინგები ტარდება რეგიონულად სკოლებში, შერჩეულია 65 პარტნიორი სკოლა. საინტერესოა ისიც, რომ მასწავლებელთა ნაკადი გაყოფილი გვაქვს ორ ნაწილად. ტრენინგებს ჯერ გადის პირველი 9 000 მასწავლებელი, ისინი გადამზადებას ზაფხულში დაასრულებენ, ამის შემდეგ, ზუსტად იგივე ტრენინგს მასწავლებელთა მეორე ნაწილი გაივლის.
ზოგადი პროფესიული უნარის სამივე ტრენინგ - მოდულის გავლის შემდეგ, ისინი შეძლებენ მოსწავლეებთან უკეთ ურთიერთობას. მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომები, მოსწავლეთა შეფასება, საგნობრივი მეთოდიკის მოდულები და რაც მთავარია, ახალი ლაბორატორიები, რომლითაც სკოლები აღიჭურვება, მასწავლებლებს საშუალებას მისცემს უფრო ხარისხიანი განათლება მისცენ მოსწავლეებს. ჩვენთვის, 21-ე საუკუნეში უკვე არ არის საკმარისი, რომ გაკვეთილი იყოს მხოლოდ ინფორმაციული, რადგან ბავშვები დღის განმავლობაში უამრავ ინფორმაციას ეცნობიან, ჩვენთვის მთავარია, მათ სასურველი გარემო შევუქმნათ და დავეხმაროთ უკეთესად აითვისონ სხვადასხვა საგანი. ეს კი საბოლოო ჯამში საგანმანათლებლო სისტემის გაუმჯობესებას გამოიწვევს.
- რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ჩვენი ბენეფიციარები, რომლებიც საჯარო სკოლის დირექტორები და სკოლის 7-12 კლასის 18 000 მასწავლებელია, მათ ჯერ გაიარეს პირველი ეტაპი. დირექტორებმა ლიდერობის აკადემია I უკვე გაიარეს. შემდეგი ეტაპი დეკემბრიდან დაიწყება და 2017 წლის ზაფხულამდე გაგრძელდება. მასწავლებლები კი მეორე და მესამე მოდულს გაივლიან, რომელიც, როგორც ტრენინგებს, ასევე მეთოდურ სწავლას გულისხმობს.
აღსანიშნავია, რომ კურსს სერტიფიცირებული ტრენერები უძღვებიან, რომლებიც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერთა სკოლაში გადამზადდნენ. პროექტი ხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ფინანსური მხარდაჭერითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით.
ეკა გადახაბაძე