”ყველაფერს ვყიდი, რაც გაიყიდება...” რამდენიმე დღეა მომღერალ ნუკა კვალიაშვილის ფეისბუქ-გვერდზე ერთმანეთს ანაცვლებს პოსტები იმის შესახებ, რომ ნუკა ყიდის კლავიშს, ბავშვის მანეჟს, ტელეფონს, ტელევიზორს, ძაღლს და უამრავ საყოფაცხვორებო ნივთს, ამასთან ეძებს ბინას ქირით. ბუნებრივია, გაჩნდა ინტერესი, რა მოხდა და რატომ გადაწყვიტა ყველაფრის გაყიდვა. ამის გასარკვევად ჩვენ ნუკას დავუკავშირდით:
- გადავწყვიტე, საქართველოდან წასვლა ჩემი ოჯახით, მივდივარ სამ თვეში, ოღონდ ჯერ არ დავკონკრეტდები, სად და როგორ. ამ ეტაპზე არ მინდა დეტალურად ყველაფერზე ლაპარაკი. ყველამ იცის, რომ მე საკუთარი სახლი არ მქონდა, ნაგირავებში ვცხოვრობდით, გადავწყვიტე, გადავაგირავო და ის თანხა საბუთების შეგროვებასა და სხვა საჭირო საკითხებში გამოვიყენო, ეს სამი თვე სადმე ხომ უნდა ვიცხოვრო? ჰოდა, ქირით ამიტომ ვეძებ ბინას, რომ სანამ წავალ, იქ დავსახლდე. რადგან გამოდის ისე, რომ სახლი არ მაქვს და ჩემს ნივთებს ვერსად ვერ დავდებ შესანახად, რაც დიდია, გადავწყვიტე, გავყიდო, აბა რა ვუყო, ხომ არ გადავყრი? ამ მიზეზით გავაკეთე განცხადებები ჩემს ფეისბუქ გვერდზე, ვიფიქრე, რაც გაიყიდებოდა, გამეყიდა. თუ ისიც გაინტერესებთ, ტელეფონს რატომ ვყიდი, გეტყვით, რომ უბრალოდ სხვა მინდა. "სონის" დიდი გულშემტკივარი ვარ, ახალი მოდელები გამოვიდა, ჩემი ტელეფონის გაყიდვის შემდეგ, ფულს დავამატებ და ვიყიდი ახალს, საკუთარ თავს ვუკეთებ საჩუქარს, ესაა და ეს.
- ოჯახით მივდივარო თქვი, ამაში მეუღლე და შვილები იგულისხმებიან, თუ დედაც?
- დედაც, მეუღლეც და შვილებიც, ყველა ერთად მივდივარ. მინდა სერიოზულად მივხედო კარიერას და სერიოზული ნაბიჯი გადავდგა ამ მხრივ, აქამდე რაღაცები მაინც მეზარებოდა, ალბათ კიდევ ბავშვი ვიყავი, მაგრამ მივხვდი, რომ დრო ძალიან მალე გარბის და მინდა სათანადოდ გამოვიყენო.
- წარმატებებს გისურვებ, იმედია, მომავალში მაინც გაგვიმხელ, სად მიდიხარ და რას გეგმავ...
- აბა, რას ვიზამ, აუცილებლად.
ციცი ომანიძე