გაცივება მოიცავს ზედა სასუნთქი გზების 200-მდე სხვადასხვა ვირუსით გამოწვეულ დაავადებას - გრიპი კი არ მაქვს, გაცივებული ვარ, არ გადაგედება, - ეს მოსაზრება მცდარია. გაცივება მოიცავს ზედა სასუნთქი გზების 200-მდე სხვადასხვა ვირუსით გამოწვეულ დაავადებას. ამ ვირუსებს ძალიან მაღალი დასნებოვნების უნარი ანუ "კონტაგიოზურობა" ახასიათებს.
სექტემბრის დასაწყისში ინფექციების მატებას რამდენიმე მიზეზი აქვს: სკოლებში, საბავშვო ბაღებსა და უმაღლეს სასწავლებლებში იწყება სწავლა, მოსახლეობა ბრუნდება შვებულებიდან, ტრანსპორტსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში იზრდება ხალხის რაოდენობა, რაც ინფექციის გავრცელების ხარისხს ზრდის. ამას სეზონის ცვლილებაც ემთხვევა: ჰაერის ტემპერატურა იკლებს, ცივი და მშრალი ჰაერი აღიზიანებს ცხვირის, პირის და თვალის ლორწოვან გარსებს და იზრდება მათში ვირუსების შეღწევადობა.
როგორ ვრცელდება ვირუსები
"ჰაერ-წვეთოვანი" გზით: ცემინების, ხველების და ლაპარაკის დროს ავადმყოფი ჰაერის ნაკადთან ერთად გარემოში გამოისვრის ვირუსებს, რომლებიც, შეიძლება, ახლომახლო მყოფ ადამიანებს ცხვირის, პირის ღრუს და თვალების ლორწოვანზე მოხვდეს. ჯანმრთელი ადამიანის სასუნთქი გზების ლორწოვანზე შეიძლება მოხვდეს ჰაერში შეტივტივებული ვირუსებიც.
დაავადებული ადამიანის ხელიდან ვირუსები ხშირად ხვდება საერთო მოხმარების საგნებზე: კარების, ონკანების სახელურები, ტელეფონი და სხვა; აქედან კი ჯერ ჯანმრთელი ადამიანის ხელზე, შემდეგ კი პირის, ცხვირის ან თვალის ლორწოვანზე შეიძლება მოხვდეს.
"სურდო: ცხვირით სუნთქვის გაძნელება-გაჭედვა". გამონადენი და ცემინება ცხვირის ლორწოვანის შეშუპების და მის მიერ სითხის გამოყოფის შედეგია, რაც ლორწოვანში ჩაბუდებული ვირუსების გამოსადევნადაა მიმართული;
ყელის ტკივილი, "ჩახეხილი ყელი", ხველა, ცრემლდენა, თვალების წვა - ხახის, ხორხის, თვალის ლორწოვანი გარსების პასუხია ვირუსით ინფიცირებაზე და ვითარდება ანთების, შეშუპების და ლორწოს გაძლიერებული გამოყოფის შედეგად.
ცხელება ანუ "სიცხე": თუ ვირუსმა ორგანიზმში ღრმად შეაღწია, იმუნური სისტემა ძალიან აქტიურდება ვირუსების გასანადგურებლად, რაც სხეულის ტემპერატურის მატებით, ანუ "ცხელებით" გამოიხატება. ორგანიზმის ამ ბუნებრივ რეაქციას ხელი გაუმართლებლად და უხეშად არ უნდა შევუშალოთ.
ზოგადი ინტოქსიკაციის ნიშნები: თავის ტკივილი, საერთო სისუსტე, უმადობა, ზოგჯერ ღებინება, ოფლიანობა, კუნთების და სახსრების ტკივილი.
გაცივების სიმპტომები 2-დან 14 დღემდე შეიძლება გაგრძელდეს. შემთხვევათა 2/3-ში დაავადების ხანგრძლივობა 5-7 დღეა. თუ სიმპტომები 2 კვირაზე მეტხანს გაგრძელდა, სავარაუდოა სხვა, ბაქტერიული ინფექციის ზედდება ან ეს შეიძლება სეზონური, ალერგიული სურდოს გამოვლინება იყოს.
ვირუსებს ორგანიზმი თვითონ ებრძვის, ჩვენ მას ამ ბრძოლაში ხელი უნდა შევუწყოთ. უპირველესად საჭიროა ორგანიზმის ბრძოლის უნარის ამაღლება, სასურველია სიმშვიდე, წოლა და საკმარისი ძილი - დღე-ღამეში 8-10 საათი მაინც.
ეცადეთ, არ "მოაცდინოთ" ვირუსთან ბრძოლით დაკავებული ორგანიზმი ზედმეტი წამლების და საკვების მონელებით. ნუ დააძალებთ ჭამას, მიეცით მხოლოდ აუცილებელი საკვები, ძირითადად ცილოვანი და ნახშირწყლოვანი პროდუქტი: რძის ნაწარმი, ბულიონი, ხილი, ბოსტნეული და სხვა. ამ დროს მადის დაკარგვა ბუნებრივი რეაქციაა.
აუცილებელია ბლომად თბილი სითხის მიღება - 1-3 ლიტრი დღეში ასაკის, წონის და ფონური ჯანმრთელობის გათვალისწინებით. გახსოვდეთ, რომ საჭიროა მაღალი სიცხის და ოფლიანობის შედეგად დაკარგული სითხის შევსება. გარდა ამისა, შარდვის გაძლიერება ორგანიზმს ვირუსის "ნამოქმედარის" შედეგად დაგროვებული შხამების გამოტანაში ეხმარება.
შეგიძლიათ გამოიყენოთ ეგრეთ წოდებული "ალტერნატიული" სამკურნალო საშუალებები: ნივრის შემცველი აბები, ნივრის წვენი როგორც დასალევად, ისე ცხვირში ჩასაწვეთებლად.