"ეს დრეიკია. ის მთელი ჩემი სამყაროა..." სიმსივნე გვგონია რაღაც არარეალური და შორეული მანამ, სანამ ეს ჩვენს ახლობელს არ შეეხება. 10 წლის ბიჭის დედამ - ჯესიკა მედინგერმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა შვილის ფოტოები და პოსტი: "ეს იყო ამ დილით, როდესაც დრეიკი მივიყვანე სააბაზანოში. მას პამპერსი აცვია, რადგან დაავადების გამო 75% შემთხვევაში ვერ აკონტროლებს შარდვის პროცესს. კანი ძვალზე აქვს გადაკრული, ისეთი გამხდარია. ხვეწნა-მუდარით ვაჭმევ თითო ლუკმას. ღამე ჩემთან ერთად სძინავს, რადგან მარტო დარჩენის ეშინია სიკვდილის გამო."
2012 წელს დრეიკს დაუდგინეს ლეიკემია. 2016 წელს ბიჭის ოჯახმა დაიჯერა, რომ დაამარცხა დაავადება, მაგრამ მალევე განმეორდა რეციდივი.
დრეიკის ფოტო, რომელიც აბაზანაშია გადაღებული, 80 000-მა ადამიანმა გააზიარა.
Love What Matters-ი ორგანიზაციაა, რომელიც იბრძვის სიმსივნის წინააღმდეგ. ბიჭის ფოტომ შეძრა ისინი. მათ საქველმოქმედო აქციაც კი მოაწყვეს. ახლა ნებისმიერ მსურველს შეუძლია მორალურად გაამხნევოს 10 წლის ბიჭუნა და გაუგზავნოს წერილი. დრეიკის ფოტოს მათ დაურთეს დედის ემოციური სიტყვები: "ყველას, ვინც ებრძვის სიმსივნეს და გადის ქიმიოთერაპიის კურსს. ყველას, ვინც შეეჯახა ამ პრობლემას. ფოტო, რომელიც გამოვაქვეყნე, ამ დილით გადავიღე. მანამ, სანამ დაიყვირებ: "ო ღმერთო, რატომ გამოაქვეყნა მისი ფოტო პამპერსებში, ეს ხომ უხერხულია", - მე ვუპასუხობ:
1. პირველ რიგში, აქ არ ჩანს, რომ პამპერსი აცვია.
2. მეორე - ცხოვრება არც ისე ლამაზია, როგორც გვეჩვენება. ასეთია რეალობა. დიახ, კიბო ანადგურებს ადამიანის სხეულს.
დროდადრო ღამით გაღვიძებს შენი შვილის ხმა, რომელიც გეკითხება: "დედა როდის მოვკვდები? როდესაც მოვკვდები, ზეციდან დაგინახავ? მამას შევხვდები და შევძლებთ ერთად თამაშს?" როდესაც ისეთი სუსტია, რომ საპირფარეშომდეც ვერ მიდის დამოუკიდებლად, როდესაც გიყრის ყველა ტაბლეტს, რომელსაც აძლევ, იმიტომ, რომ მას ცარიელი კუჭი აქვს... ეს არის დრო, როდესაც არ გაძლევს თითის დაკარების უფლებას, რადგან ყველაფერი აუტანლად სტკივა და იძულებული ხარ, მორფი გაუკეთო. ეს არის დრო, როდესაც გეუბნება, რომ ეშინია, თავის 11 წლის იუბილეს რომ ვერ შეხვდება. მე კი ვეუბნები ამ დროს, რომ როდესაც თვითონ ვეღარ შეძლებს ბრძოლას, მისი ჯანმრთელობისთვის მე ვიბრძოლებ. ერთად ვართ მე და ის - ეს ჩვენი სამყაროა.
ეს დრეიკია. ის მთელი ჩემი სამყაროა. მომენტიდან, როდესაც ფეხმძიმობის ამბავი გავიგე -ბოლომდე ის ჩემი ცხოვრების აზრი იქნება. ის ჩემი ღიმილი, სიყვარული და გულისცემაა. ასევე დრეიკი ჩემი ცრემლები, გულისტკივილი და ნაღველია".
ამ წერილს დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში. კომენტარებში ბევრმა საკუთარი ისტორიებიც დაწერა.