ბავშვის უფლებების დარღვევისთვის ბავშვის დედას და გადაცემის ავტორს უჩივიან სულ ცოტა ხნის წინ სოციალურ სივრცეში საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა ფეისბუქსა და იუთუბზე მაუწყებელი გადაცემის ”ბავშვების დროს” მიერ გავრცელებულ ანონსს. ანონსის თანახმად, გადაცემაში უნდა ესაუბრათ ბავშვთა ონანიზმზე და დედას უნდა ესაუბრა შვილზე, რომელიც მისი ვარაუდით, მასტურბაციით არის დაკავებული. ანონსიდანვე ვიგებდით, რომ დედამ მათ გადასცა ვიდეომასალა, ამ ფაქტის დამადასტურებელი და ის გადაცემაში უნდა გაეშვათ...
ანონსს შესაბამისი მწვავე რეაქცია მოჰყვა საზოგადოების და სხვადასხვა უწყებათა მხრიდან, რადგან აღნიშნული ფაქტი უდაოდ ბავშვის უფლებების შელახვა და უხეში დარღვევაა - როგორც გადაცემის ავტორების, ისე მისი საკუთარი დედის მხრიდან.
გადაცემის ფეისბუქ-გვერდზე უამრავი ადამიანი წერდა აღშფოთებულ კომენტარებს. უმრავლესობა აღაშფოთა არა გადაცემის თემამ, არამედ ბავშვის უფლებების ასე შელახვამ.
აი სულ რამდენიმე მათგანი:
”არ ხართ საღად მოაზროვნეები თუ ვერ ვხდებით რაში იყო პრობლემა. ელაპარაკა დედას, ელაპარაკა ექიმს და წამყვანს, კადრები რა საჭირო იყო? დედათქვენის თანხმობით, თქვენთვის, ზრდასრულისთვის გადაღებული მსგავსი მასალა რომ მოხვედრილიყო, ნორმალური იქნებოდა? რასაც საკუთარ თავს არ გაუკეთებდით, ის ბავშვსაც არ უნდა გუაკეთოთ. რაც თქვენს ღირსებას შელახავს, ის ბავშვის ღირსებასაც შელახავს. უბრალოდ უნდა მოექცეთ ბავშვს, როგორც ადამიანს. მარტივია, ძალიან!”
”1. მასტურბაცია არ არის დაავადება ან მავნე ჩვევა. ის ბუნებრივი მოვლენაა.
2. რასაც თქვენ აკეთებთ კონკრეტულ ბავშვთან მიმართებაში არის კრიმინალი და პასუხი უნდა აგოთ.
3. დედა, რომელმაც ან ვიდეო მოგაწოდათ ან "უფლება მოგცათ" ეს ყველაფერი გაგეკეთებინათ, ასევე არის კრიმინალი და ძალიან მკაცრად უნდა დაისაჯოს.”
”აიღეთ ეს ვიდეო, და ამ თემაზე მიიწვიეთ კვალიფიციური ფსიქოლოგი, თუ გინდათ, რომ ზოგადად სწორი ინფორმაცია მიაწოდოთ მშობლებს მასტურბაციის შესახებ ბავშვებში! დაანებეთ იმ კონკრეტულ ბავშვს თავი, ეს არი ძალადობა, რასაც თქვენ აკეთებთ”.
მოგვიანებით თემას სხვადასხვა უწყება და საჯარო პირებიც გამოეხმაურნენ.
საქართველოს სახალხო დამცველი ბავშვის პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას ეხმიანება: საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება 2017 წლის 24 მაისს ინტერნეტგადაცემა "ბავშვების დროს" მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს, რომელიც ბავშვის კერძო სივრცეშია გადაღებული და ბავშვის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ საკითხებს საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომს ხდის.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, პირადი ხასიათის ინფორმაციის გავრცელებით, შეილახა ბავშვის ღირსება და რეპუტაცია, რამაც შესაძლოა მომავალში დამანგრეველი ეფექტი იქონიოს მის პიროვნულ განვითარებაზე.
სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ უფლება საკუთარ გამოსახულებაზე პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უმნიშვნელოვანესი ელემენტი და ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა. ამ უფლების შეზღუდვის გამართლება კიდევ უფრო რთულია იმ პირობებში, როდესაც ადამიანი პირად სივრცეში იმყოფება და მესამე პირებისგან მის კერძო სფეროში ჩარევის მოლოდინი არ აქვს.
ბავშვის უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის თანახმად, დაუშვებელია ბავშვის პირად ცხოვრებაში ჩარევა ან მისი ღირსებისა და რეპუტაციის შელახვა.
განსაკუთრებით შემაშფოთებელია ვითარება, როდესაც მშობელი თავის მდგომარეობას ბოროტად იყენებს და ბავშვის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას ლახავს, თავის მხრივ კი, მედიასაშუალება, ბუნდოვანი მიზეზებიდან გამომდინარე, ბავშვის შესახებ პირადი სახის ინფორმაციას საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომს ხდის.
არასრულწლოვანების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისას აუცილებელია, მედია განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდოს ინფორმაციის მომზადების და გაცემის პროცესს და დაიცვას ის სამართლებრივი და ეთიკური სტანდარტები, რომელიც საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტებით არის გათვალისწინებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, მედიასაშუალებებმა უარი უნდა თქვან ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი მოუწოდებს ყველა შესაბამის ორგანოს - საქართველოს პროკურატურას, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, აღნიშნულ შემთხვევაზე რეაგირების მიზნით, გაატარონ ყველა შესაბამისი ღონისძიება მათი კომპეტენციის მიხედვით.
ჟურნალისტი სალომე ასათიანი: "სექსუალობაზე, სქესობრივ განვითარებაზე, სექსზე ინფორმაცია, განათლება, გადაცემები ზუსტად იმიტომაა საჭირო, რომ ასეთი თავზარდამცემი რამ აღარ მოხდეს და მედიამ "პატარა ბავშვის მასტურბაციის კადრებზე" არ მოგვითხროს დიდი სკანდალის და მორალური პანიკის საბურველით. ზუსტად არ ვიცი, რა არხია, რა გადაცემაა, საკუთრივ კადრები გავიდა თუ მშობელთან ინტერვიუ, მაგრამ აქ წავიკითხე, რომ ასეთი გადაცემა გაკეთებულა. კატასტროფა. ასეთი რამ აღარ უნდა განმეორდეს".
არასამთავრობო ორგანიზაციამ “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” გადაცემის “ბავშვების დრო” შესახებ ინფორმაცია გააგზავნეს მთავარ პროკურატურაში, ხოლო დედის თაობაზე სოციალური მომსახურების სააგენტოში.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორ ნატა ძველიშვილს მიაჩნია, რომ ამ ვიდეოკადრების გამოქვეყნება არსებითად არაფერს სძენდა თოქშოუს და მის გარეშეც შეიძლებოდა გადაცემის მომზადება.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ასევე გამოეხმაურა გადაცემა „ბავშვების დრო“-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არასრულწლოვნის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მშობლის თანხმობით გამოქვეყნებასთან დაკავშირებით.
ისევე, როგორც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, ბავშვს აქვს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება. დაუშვებელია არასრულწლოვნის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გამოქვეყნება, თუკი ეს ხელყოფს მის პატივსა და ღირსებას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას და ზიანს აყენებს მის ინტერესებს.
როდესაც საქმე ეხება არასრულწლოვანთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებას, ნებისმიერი ორგანიზაცია, მათ შორის მედიასაშუალება უნდა მოქმედებდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა მშობლის თანხმობა.
მიუხედავად იმისა, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მანდატი არ ვრცელდება მედიასაშუალებების მიერ საზოგადოების ინფორმირების მიზნით საქმიანობის პროცესზე, ინსპექტორი მოუწოდებს გადაცემას - „ბავშვების დრო“ დაიცვას ბავშვის პატივისა და ღირსების ხელშეუხებლობა და უზრუნველყოს მისი ინტერესების სათანადო დაცვა.
ერთი საათის წინ გადაცემის ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნდა ასეთი პოსტი:
”გუშინ, ჩვენი გადაცემის გვერდზე გავრცელდა ფოტო - ანონსი, სადაც მივუთითეთ,რომ გადაცემაში ისაუბრებდა დედა - შვილზე, რომელიც მისი ვარაუდით ონანიზმით არის დაკავებული. დედამ მისივე სურვილით გადმოგვცა ვიდეო მასალა და დაგვთანხმდა,რომ გადაცემაში გამოგვეყენებინა. ფოტოს გავრცელებას, ძალიან დიდი და ამასთანავე უარყოფითი რეაქცია მოჰყვა საზოგადოებაში. ჩვენ გვესმის, რომ მსგავს თემებზე საუბარიც კი, ჯერ კიდევ უარყოფითად აღიქმება. ჩვენმა მაყურებელმა, როგორც ჩანს ჩათვალა, რომ გავრცელდებოდა ბავშვის ინტიმური დეტალები, რაც არღვევს ბავშვის უფლებებს. ბუნებრივია, ეს ჩვენი სურვილი არ ყოფილა და არც დედის გადაღებულ ვიდეომასალაში ყოფილა მსგავი რამ. ეს არის გადაცემა, რომელიც მხოლოდ ინფორმაციული ხასიათისაა და მიზნად ისახავს,ბავშვებთან დაკავშირებით მეტი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას, დედებს. სამწუხაროა, რომ საზოგადოება არ დაელოდა გადაცემის გასვლას და მხოლოდ ფოტოს საფუძველზე მოახდინა რეაგირება. ძალიან ვწუხვართ მომხდარი გაუგებრობის გამო. დედის თხოვნით და ჩვენი გადაწყვეტილებით გადაცემა გავა ბავშვის კადრების გარეშე.
,,ნინი ობგაიძის თოქ-შოუ"" (ბავშვების დრო)”.