შვილებთან ერთად საკუთარ ეზოში 38 სახეობის ვარდს უვლის - საოცარი სანახაობა ნინო მანწკავა რვა შვილის დედაა. შვილებთან ერთად საკუთარ ეზოში 38 სახეობის ვარდს უვლის. მის ეზოში თავბრუდამხვევი სურნელება და სილამაზე ტრიალებს. ბაღი არის ერთდროულად დახვეწილიც და რომანტიკულიც. ვარდებისგან შექმნილია ულამაზესი კომპოზიციები, სახლის ექსტერიერი, საზღვარი, ცოცხალი ღობე... თითოეულ ვარდს აქ თავისი ისტორია და წარმომავლობა აქვს.
- ბავშვობიდან მიყვარს ყველაფერი, რაც მიწასთან არის დაკავშირებული. მშობლებს ძალიან უყვარდათ მცენარეები და ვფიქრობ, ყვავილების მიმართ ჩემს სიყვარულზეც ამან იქონია გავლენა. თბილისში დაბადებული და გაზრდილი ვარ, მაგრამ დედაჩემი დასავლეთიდან იყო. ბავშვობაში, მთელ ზაფხულს დედულეთში ვატარებდი. ბავშვობის დროინდელი მოგონებები ძალიან ტკბილია. ერთ დღესაც მამაჩემმა სამსახურიდან მიწის ნაკვეთი მიიღო ასურეთში. დავდიოდით იქ და ამ მიწის ნაკვეთს ვამუშავებდით. 10-15 წლის ასაკში შეძლებისდაგვარად ვეხმარებოდი მშობლებს. ასე ჩამომიყალიბდა მიწის და მცენარის მიმართ სიყვარული. დაოჯახების შემდეგ ღმერთმა მომცა ასეთი საჩუქარი -მაქვს კერძო სახლი. 2011 წელს დავსახლდით ამ სახლში. მას შემდეგ, რაც კერძო სახლი შევიძინეთ, მომეცა საშუალება, ჩემი ოცნებები რეალურად განმეხორციელებინა.
- როცა სახლი შეიძინეთ ეზო რა მდგომარეობაში დაგხვდათ?
- 2009 წელს ვიყიდეთ ცარიელი მიწის ნაკვეთი. სახლი ჩვენ თვითონ ავაშენეთ, რასაც ორი წელი დასჭირდა. სანამ სახლის მშენებლობას დავიწყებდით, მანამდე დავიწყეთ ხეხილის ჩაყრა. ხოლო რაც შეეხება ყვავილებს, პირველად ეზოში ვარდი ჩავრგეთ.
- იმიტომ, რომ გიყვართ, გამძლე მცენარეა თუ რა მიზეზით გამოარჩიეთ, რატომ ჩარგეთ პირველად ვარდი?
- რომ ვთქვა, ვარდები გამორჩეულად მიყვარდა მოგატყუებთ. პირიქითაც შემიძლია ვთქვა. მცენარეები ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ ვარდები არ მიყვარდა. ვარდები ძირითადად ნანახი მქონდა ბაზრებში, მეტრიანი ბუკეტები, რომ უჭირავთ ხოლმე ხელში. ჩემში იგი ამოტრიალებული ცოცხის ასოციაციას იწვევდა და არასდროს არ მომწონდა. დასასვენებლად ვიყავით ახალდაბაში, როგორც გითხარით დედაჩემსაც ძალიან უყვარს მცენარეები და მას აჩუქეს ვარდის კალმები. ჩამოვიტანეთ თბილისში ეს კალმები, ჩავრგეთ და ყველამ გაიხარა. ასე აღმოჩნდა ჩემს ეზოში პირველი ყვავილი, ვარდი.
- გყავთ მრავალრიცხოვანი ოჯახი. როგორ უთავსებთ ოჯახის და ყვავილების მოვლას ერთმანეთს?
- პირველ რიგში რა თქმა უნდა ვთვლი, რომ ჩემი როგორც დიასახლისის უმთავრესი მოვალეობაა ოჯახის, შვილების მოვლა და შემდეგ უკვე ჩემი გატაცება. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ შესაძლოა მთელი კვირა გარეთ ვერ გავიდე, ზოგჯერ შემიძლია მთელი დღე ვარდებთან გავატარო.
- რამდენი შვილი გყავთ?
- რვა შვილი მყავს, შესაბამისად საქმეც ბევრია. თუმცა იმდენად დიდია მისწრაფება, რომ დაჯდომას და დასვენებას მირჩევნია ბაღში ჩავიდე , იქ ვიმუშაო და ბოლომდე დავიღალო. თუმცა დროის დეფიციტს მწვავედ განვიცდი. დღის განმავლობაში არ მყოფნის დრო ყველაფრისთვის. ვარდებს ტყუილად არ ეძახიან ყვავილების დედოფალს, მას მართლაც დიდებული, მეფური მოვლა და მოფერება სჭირდებათ.
- თქვენი შვილები რამდენად არიან ჩართული ყვავილების მოვლის პროცესში? განაგრძეთ კითხვა და იხილეთ საოცარი ბაღი