”მხოლოდ სამინისტრო ვერაფერს გააკეთებს და თქვენი კრიტიკა და ჩასაფრება აუცილებელია” მასწავლებლის მიერ მოსწავლის ცემის ფარულად გადაღებული ვიდეომასალის გავრცელების შემდეგ (იხილეთ ვიდეო), განათლების სამინისტრომ, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ახსნა-განმარტება გაავრცელა.
როგორც უწყების მონიტორინგის სამსახურში განაცხადეს, ეს კადრები 2012 წლით თარიღდება და თბილისის მე-8 საჯარო სკოლაშია გადაღებული. რაც შეეხება პედაგოგს, რომელმაც ბავშვს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, სამსახურიდანაა დათხოვილი.
განათლების სამინისტროს ცნობით, 2016 წლიდან დღემდე მოსწავლეზე ფიზიკური ძალადობის გამო 23 მასწავლებელი გაათავისუფლეს.
2016-2017 სასწავლო წლის მონიტორინგის შედეგად ირკვევა, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ხშირია ძალადობის ფაქტები. ასევე გამოვლინდა მოსწავლეთა შორის ბულინგის შემთხვევებიც.
ანგარიშის მოსწავლეთა 13.2% და სკოლის თანამშრომელთა 4% ბავშვის მიმართ ძალადობად არ მიიჩნევს ცემას, მოსწავლეთა 37% და სკოლის თანამშრომელთა 12.7% ბავშვის მიმართ ძალადობად არ მიიჩნევს ხელის წამორტყმას, მოსწავლეთა 42.5% და სკოლის თანამშრომელთა 13.9% ძალადობად არ მიიჩნევს ყურის აწევას.
ნატა ასათიანი:
- ცხადია, არავინ უარყოფს რომ სხვადასხვა ტიპის ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ ძალადობას აქვს ადგილი სკოლებში. რაც უფრო მეტად ვუსაფრდებით ამ პრობლემას, მით მეტი შრე და სირთულე გვხვდება წინ.
საბედნიეროდ, იმ კადრების გმირი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია ”იმედმა” გაავრცელა, ამ ინციდენტის შემდეგ (2012 წელი) აღარ მუშაობს სკოლაში. ამასთან, გვაქვს მძიმე სტატისტიკაც, რომლის თანახმად, ბოლო ერთ წელიწადში 23 პედაგოგი გავათავისუფლეთ ბავშვებზე ძალადობის ფაქტების დადასტურების გამო.
ბულინგი დიდი გამოწვევაა და ცხადია, მისგან სრულად თავისუფალ სკოლას რთულად მივიღებთ, თუმცა მთავარი აქ რეაგირება და პრევენციაა, რაზეც სისტემის თანამშრომლები მართლაც დღე და ღამე მუშაობენ.
დიდი მადლობა ყველა მედიასაშუალებას, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციას, რადგან მხოლოდ სამინისტრო ვერაფერს გააკეთებს და თქვენი კრიტიკა და ჩასაფრება აუცილებელია.