"მხოლოდ გარეგნულად ბრწყინავდა, შიგნით კი მათხოვრის ქილასავით სრულ სიცარიელეს განიცდიდა..." ნამდვილი ბედნიერება სხვისი სიხარულით გამოწვეული ჯანსაღი ემოციაა...
გვერდზე გადიხარ და გეტირება, როცა სხვას რაღაც უზომოდ უხარია...
ამ ბოლო დროს, იშვიათად შეხვდები ღიმილს... უმეტესად მწუხარე სახეები გხვდებიან... არც თავს აძლევ უფლებას, გაიღიმო, გაიხარო...
მასობრივი ფონის ბრალია?! უქონლობა მოქმედებს?! უმუშევრობა, უსამსახურობა?!
არა... არც ერთ შემთხვევაში, არა...
მათხოვარს წავაწყდი, ნაგვის ურნასთან იდგა, ხელში ცარიელი ქილა ეჭირა, მაგრამ მისმა, წესით უადგულო ღიმილმა ისე გამათბო, გადამედო და მთელი დღე ვიღიმოდი...
სამაგიეროდ, ძვირად ღირებული ავტომობილიდან სხვა ისე გადმოვიდა, გაყინულ სახეზე შურისძიება, ბოღმა, სიძულვილი ეწერა... გარშემო მყოფებს თავის უპირატესობას უმტკიცებდა, ძალაუფლებას ხაზს უსვამდა... წესით, პირიქით უნდა ყოფილიყო... მისი ღიმილი კი უადგილოდ ნამდვილად არ მომეჩვენებოდა...
სხვაობა ის იყო, რომ მათხოვარს, რომელსაც ხელში ცარიელი ბოთლი ეჭირა, გული რწმენით, იმედით, ადამიანობით, ღირსებით, შინაგანი თავისუფლებით სავსე ჰქონდა... მდიდარი კი, მხოლოდ გარეგნულად ბრწყინავდა, შიგნით კი მათხოვრის ქილასავით სრულ სიცარიელეს განიცდიდა...
ბედნიერი მაშინ ხარ, როცა სხვასაც აბედნიერებ...
მამა პეტრე კოლხი