"ბევრჯერ მომისმენია, როგორ ჩხუბობენ პედაგოგები, ჩემი გაზრდილი მოსწავლე სხვაგან რატომ უნდა ემზადებოდესო..." - რას ფიქრობენ მშობლები მე-12 კლასის არსებობის აუცილებლობაზე ჩვენს საიტზე გამოქვეყნებულ სტატიას ჭორთან დაკავშირებით, თითქოს მე-12 კლასი უნდა გაუქმდეს (იხილეთ დაწვრილებით), საკმაოდ ბევრი კომენტარი მოჰყვა. ყველაზე აქტიურად მშობლებმა დააკომენტარეს და ალბათ საინტერესოა მათი აზრები ამ საკითხთან დაკავშირებით.
"მითხარით ერთი სახელმწიფო სკოლა (პედაგოგები ნუ დააკომენტარებენ), სადაც მე-12 კლასში პედაგოგი გაკვეთილს ატარებს. ბავშვებს აიძულებენ სკოლაში იარონ, დასწრება კონტროლდებაო და პედაგოგები გაკვეთილზე ჭორაობენ, ან ინტერნეტში სხედან, თუ არადა სხვა საქმეებით არიან დაკავებულები. მთლიანად მე-12 კლასელების ეროვნულის შედეგები მშობლებზე და რეპეტიტორებზეა დამოკიდებული. ბევრჯერ მომისმენია, როგორ ჩხუბობენ პედაგოგები, ჩემი გაზრდილი მოსწავლე სხვაგან რატომ უნდა ემზადებოდესო. მაღალი კლასის პედაგოგები გადართული არიან თავიანთ აბიტურიენტებზე, საიდანაც შემოსავალს იღებენ და რომლებიც სახლში ელოდებიან. მე-12 კლასი ან უნდა გაუქმდეს, ან კამერები დაყენდეს, ატარებს თუ არა პედაგოგი გაკვეთილს".
ნინო
"სად სცალიათ მასწავლებლებს მე-12 კლასში მოსწავლეებისთვის?! გადასული არიან ფულის შოვნაზე და ვინ უფრო მეტ მოსწავლეს დაიტაცებს და მოამზადებს!!! და თან უკვე დოლარებში რომ დაიწყეს ფულის აღება და ლარს აღარ კადრულობენ!!! ასეთები ღირსები არიან, ისევ შევარდნაძიის დროში დააბრუნო და ხელფასი 35 ლარი ქონდეთ!!!"
გვანცა
"არანაირად არ არის მეთორმეტე კლასი საჭირო! ვის მშობლებსაც ფული აქვს, ის ყველა საგანში ამზადებს და არ დადის ის ბავშვი, ვისაც არ აქვს ფული, ის დადის მარტო და წესიერად არ უტარდება გაკვეთილი, რაც იცოდა მეთერთმეტემდე, იმ ცოდნას არაფერი არ ემატება! უფრო აკლდება, ჩემი აზრით! უნდა გაუქმდეს! მეთორმეტე კლასი არის ფულის გასაკეთებელი წელიწადი რეპეტიტორი მასწავლებლებისთვის!"
მარიამი
"საკმარისი 11 წელი. ქალები და კაცები სხედან მერხებთან უკვე".
ნათია
"მე-12 კლასი სკოლაში არანაირად არ არის ნაყოფიერი. უბრალოდ, ჩვენ ბევრი დრო გვაქვს მოსამზადებლად და მხოლოდ ამიტომ არ მაქვს პროტესტის გრძნობა. სულ 3 საათი მიდიან სკოლაში და ეგ არის. იმ დროსაც არ იყენებენ არანაირად სწავლისთვის. ჩვენ პირადად მთელი აქცენტი გვაქვს მომზადებაზე გადატანილი და მიხარია კიდეც, რომ ადრე მოდის სკოლიდან და ბევრი დრო გვაქვს მოსამზადებლად".
ვერიკო
"ამ საუკუნიდან, ცივილიზაციიდან გამომდინარე, ისედაც განვითარებულები არიან ბავშვები და ტყუილად შეფერხებაა ეს წელი მათთვის კონკრეტული მიზნის განხორციელებამდე. შეიძლება, სხვა ქვეყნებშიც არის 12 კლასი, მაგრამ პარალელურად იქ სხვა რამეებსაც ასწავლიან ამ დროს - ფარმაციას, უსაფრთხოებას, ექთნობას, რაღაც ხელობას. ასაკობრივად შესაბამისი სამუშაოს შესრულების შესაძლებლობაც აქვთ, საკუთარი ფული რომ ჰქონდეთ. ზუსტად ვიცი, რომ გერმანიაში ასეა... აქ ბავშვი საშუალო სკოლას ამთავრებს და კონკრეტული არაფერი იცის".
მეგი
"ჩემი აზრით, დროის ტყუილად კარგვაა. ფაქტობრივად მე-12 კლასში ბევრს არაფერს სწავლობენ. არ გაინტერესებთ ბიზნესი რას ამბობს, წერა-კითხვის უცადინარი ბავშვები რომ მიდიან სამუშაოდ საწარმოში? ის პედაგოგები კი, რომლებიც რეპეტიტორობენ, მე-11 კლასშიც ირეპეტიტორებენ. სისტემაა მთლიანად შესაცვლელი განათლების სამინისტროში. თევზი თავიდან ფუჭდება, რის უფლებასაც აძლევენ პედაგოგებს, იმას აკეთებენ".
ლელა
თუ რა არგუმენტები აქვს განათლების სამინისტროს მე-12 კლასთან დაკავშირებით და რა გამოცდილება აქვთ სხვა ქვეყნებს, იხილეთ სტატია.