ექიმი ირინა ქაცარავა ხორხისა და ხმის ყველაზე გავრცელებულ პრობლემებზე "ხშირად ხდება რომ საქართველოშიც და სხვა ქვეყნებშიც ტარდება კონკურსები, მოზარდის ხმის აპარატისთვის აბსოლუტურად შეუფერებელი რეპერტუარით. სამწუხაროდ, ამას მოსდევს ბავშვის სახმო აპარატის დაზიანება და ამის უკვე ძალიან ბევრი შემთხვევაა... ბავშვის სახმო აპარატი ძალიან მგრძნობიარეა, მით უმეტეს გარდატეხის ასაკში და განსაკუთრებით ბიჭებში"... - ფონიატრი ირინა ქაცარავა გვესაუბრა, თუ რა დონეზეა დღეს საქართველოში ფონიატრია და როგორ უნდა გაუფრთხილდნენ მომღერლები ხმას სხვადასხვა ასაკში...
- თავდაპირველად ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში - ქირურგად, ოტორინოლარინგოლოგად ვმუშაობდი და როდესაც კონსერვატორიაში ფონიატრი დასჭირდათ, განყოფილების უფროსმა შემომთავაზა მე მემუშავა. კონსერვატორიაში ასაკოვანი ქალბატონი მუშაობდა, რომელიც გარდაიცვალა. იგი უფრო ძველი თაობის ფონიატრი იყო და როდესაც კონსერვატორიაში მუშაობა დავიწყე, ფაქტობრივად არაფერი არ არსებობდა. ჩემი კვალიფიცირება გერმანიაში მოხდა, რადგან აქ ამის არანაირი საშუალება არ იყო. შესაბამისად ის პრობლემები, რაც მაშინ საქართველოში მომღერლებს ჰქონდათ, რასაკვირველია გადაუჭრელი გახლდათ. ძირითადად თვითმკურნალობას ეწეოდნენ, ექიმბაშებს მიმართავდნენ, რაც ზოგჯერ კიდევ უფრო სავალალო შედეგებს იწვევდა... გადავწყვიტეთ შეგვექმნა მსოფლიო დონის ფონიატრიის ცენტრი. აპარატურა გერმანიაში შევიძინეთ, საზღვარგარეთ მოხერხდა მომუშავე პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება და დღესდღეობით არსებული პრობლემები მეტნაკლებად მოგვარებადია. თუმცა კიდევ ბევრი პრობლემა რჩება, რადგან ბევრმა კიდევ არ იცის საქართველოში ამ ცენტრის არსებობა. ხშირად ვაწყდები ფაქტებს, როდესაც ხმის პრობლემები აქვთ და ჩვეულებრივ ოტორინოლარინგოლოგებთან მიდიან. ოტორინოლარინგოლოგებს არ შეუძლიათ ის პარამეტრები დაინახონ, რასაც ჩვენ ვხედავთ. შესაბამისად ვერც სწორ დიაგნოზს დასვამენ. ფონიატრია ოტორინოლარინგოლოგიის ქვესპეციალიზაციაა, მაგრამ ორიენტირებულია ხმაზე, ხმასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, ხორხის დიაგნოსტიკაზე.
- ახსენეთ, რომ ადრე თვითმკურნალობას ეწეოდნენ... ხალხში გავრცელებული მკურნალობის მეთოდები ერთმნიშვნელოვნად საზიანოა?
- მე თვითონ ძალიან მომხრე ვარ ფიტო-პრეპარატების და თავადაც ვიყენებ. ოღონდაც მხოლოდ იმ პრეპარატებს, რომლებც ევროპაშია აპრობირებული, გააჩნია აისო სერთიფიკატი და აფთიაქში იყიდება. არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოვიყენოთ ის პრეპარატები, რომლებიც არაპროფესიონალის მიერ გაუკვეველ პირობებშია დამზადებული. ძალიან ხშირად იყო ამის გამო გართულებული შემთხვევები და დღესაც ბევრი სავალალო ფაქტი გვხვდება. არასწორად მკურნალობენ, აბსოლუტურად არაადეკვატური დანიშნულებით და ამის ფონზე ეფექტი არ არის, პირიქით - უკუგანვითარება მიდის პროცესების... განსაკუთრებით საყურადღებოა ამ მხრივ მოზარდები...
საერთოდ, ძალიან დიდი სიფრთხილეა მოზარდებთან საჭირო! ეს კარგად უნდა გაითავისონ მშობლებმა და პედაგოგებმა! ხშირად ხდება, რომ საქართველოშიც და სხვა ქვეყნებშიც ტარდება კონკურსები, მოზარდის ხმის აპარატისთვის აბსოლუტურად შეუფერებელი რეპერტუარით. სამწუხაროდ, ამას მოსდევს ბავშვის სახმო აპარატის დაზიანება და ამის უკვე ძალიან ბევრი შემთხვევაა... ბავშვის სახმო აპარატი ძალიან მგრძნობიარეა, მით უმეტეს გარდატეხის ასაკში და განსაკუთრებით ბიჭებში. გარდატეხის ასაკი ბიჭებში კიდევ უფრო რთულად მიმდინარეობს. როგორც ბგერა იცვლება და ხმა სამი-ოთხი ტონით დაბლდება, ასევე იცვლება ხორხის ანატომია. დაახლოებით ორჯერ მცირდება ზომაში და ქვემოთ ჩამოდის. პედაგოგმა და ფონიატრმა ძალიან მჭიდრო კავშირი უნდა იქონიონ ერთმანეთთან, რამე დაზიანება რომ არ მივაყენოთ ბავშვის სახმო აპარატს. როდესაც იწყება დისფონიის (ხმის ჩახლეჩა) ნიშნები, პირველ რიგში პედაგოგმა უნდა შეაწყვეტინოს ბავშვს დროებით სიმღერა და მიმართონ ექიმ-ფონიატრს, რომელიც ბავშვს სრულფასოვან, კვალიფიციურ დიაგნოსტიკას ჩაუტარებს და რეკომენდაციას მისცემს... ძალიან მნიშვნელოვანია მდგომარეობის გართულებას არ დაველოდოთ, ბავშვს ხმა როდის დაუბრუნდება და პირველივე ნიშნების გაჩენისთანავე სასწრაფოდ ექიმს მივმართოთ.
- თქვენ ხშირად ყოფილხართ კულისებში, როგორც სასწრაფო დახმარება... რით შეიძლება ექიმი მომღერალს დაეხმაროს ასეთ ექსტრემალურ სიტუაციაში?
- ფონიატრები ვალდებულები ვართ პაციენტებს ყველა სახის დახმარება გავუწიოთ... მომღერალმა თუ სცენაზე გამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე მოგვმართა, პირველ რიგში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორი კვლევა და დიაგნოსტიკა, რისი გარანტიაც არსებობს დღეს ცენტრში. შემდეგ ვიწყებთ მკურნალობას, რომელიც შეიძლება მოიცავდეს როგორც მედიკამენტოზურ, ასევე ვოკალურ თერაპიას და ასე შემდეგ... დისფონიის გამომწვევი რამდენიმე მიზეზი შეიძლება იყოს, მათ შორის ფუნქციური. ანუ ორგანო არ არის დაზიანებული, მაგრამ მომღერალმა ემოციურ ფონზე დაკარგა ხმა... ჩვენ იმ მომენტში მობილიზებულები ვართ და კულისებში სხვადასხვა პრეპარატი გვაქვს. ადგილობლრივად, ლოკალურად, დაზიანებულ უბნებზე ხდება მოქმედება სხვადასხვა წამლით და გარდა ამისა ფსიქოლოგიურ დახმარებასაც ვუწევთ პაციენტებს. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს!
ყოველთვის ვცდილობ მაქსიმალურად ბევრი ვისაუბრო იმაზე, რომ სანამ მომღერალს რამე პრობლემა შეექმნება, სასურველია ექვს თვეში ერთხელ ფონიატრს მიმართოს და ხორხი სრულფასოვნად დაითვალიეროს. არა ისე, როგორც ამას აკეთებენ ოტორინოლარინგოლოგები, არამედ როგორც ფონიატრები. იგულისხმება ხორხის ვიდეოდათვალიერება და ხორხის აკუსტიკური ანალიზი. ანუ ხმის პარამეტრების განსაზღვრა. სასურველია ეს საპროფილაქტიკო მიზნით წელიწადში ორჯერ ჩატარდეს იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ შემდგომ უკვე რაღაც სახის გართულებები...
- თუ მოუმართავთ თქვენთვის მსოფლიო მეგავარსკვლავებს?
- დიახ... უბრალოდ, არ მიმაჩნია კორექტულად რაღაც შემთხვევები მოვყვე... საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი საოპერო მომღერლები ხშირად მოდიან. მათთან ერთად სამახსოვრო ფოტოებიც მაქვს გადაღებული…
- ჩვენ ვისაუბრეთ მოზრდებზე, მაგრამ მომღერლებსაც ასაკთან ერთად პრობლემები უჩნდებათ...
- მომღერალს თუ კარგად აქვს ხმა გავარჯიშებული, ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევს, თავს უვლის, სპორტით არის დაკავებული და კვებას ყურადღებას აქცევს, კონკრეტული წესი თუ ფორმულა არ არსებობს, თუ რა ასაკამდე უნდა იმღეროს... უბრალოდ, 50 წელს ზემოთ მთელ ორგანიზმში კლებულობს ჰიალურონის მჟავა, რაც ატენიანებს და უფრო ფლექსიბელურს ხდის ჩვენს სახმო აპარატს. ატროფიას განიცდის ჩვენი კუნთები და ამიტომაც 50 წელს ზემოთ ორმაგად მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ საკუთარ სახმო აპარატს, რამე პათოლოგია რომ არ გამოგვეპაროს. გარდა ამისა, ქალებში მენოპაუზაა და ამ დროს ძალიან დიდი ჰორმონალური დისბალანსია და ხმასთან დაკავშირებით პრობლემები...
ვისაც ხმა ესაჭიროება, ანუ ხმის პროფესიონალები, ამ ჯგუფში პირველ რიგში, რა თქმა უნდა, არიან ვოკალისტები, შემდგომ – პედაგოგები, ლექტორები, მსახიობები, ჟურნალისტები და ექიმებიც... ამიტომაც სასურველია ხმას ყველამ სათანადოდ მოვუაროთ და გავუფრთხილდეთ!
მანანა გაბრიჭიძე