"სიხარულოს", და "დედას ანგელოზის" თქმის ნაცვლად, სჯობს, მისი გაკეთებული საქმე დააფასოთ ვინაიდან გოგონები და ბიჭები ბუნებით განსხვავდებიან ერთმანეთისგან და მოზრდილობაშიც სხვადასხვა ფასეულობებს ირჩევენ, თურმე ბავშვობაში მათი შექებაც სხვადასხვანაირად ყოფილა საჭირო. ფსიქოლოგების აზრით, გოგონა არასოდეს არ უნდა შეაქოთ იმისთვის, რომ რაღაც გააკეთა. "ძალიან კარგია"," გემრიელია", "ძალიან ლამაზია" - ამის გამგონე გოგონას უყალიბდება აზრი, რომ მხოლოდ დამსახურებით შეუძლია სხვების გულის მოგება. "მხოლოდ მაშინ მაღიარებენ, თუ რამეს გავაკეთებ" - ეს პრინციპი ანადგურებს ქალს.
ჯანსაღი ქალი ასე უნდა ფიქრობდეს - "მე სიყვარულის ღირსი ვარ, რომ შემიყვარონ, ამისთვის საკმარისია ვიყო ის, ვინც ვარ". სწორედ ეს არის გოგონას აღზრდის მთავარი პრინციპი. თუ მას მხოლოდ დამსახურებისთვის აქებთ, ის ფიქრობს, რომ თავად კი არ იმსახურებს სიყვარულს, არამედ უნდა მოიპოვოს, "იშოვოს" სიყვარული. გააკეთებს რამეს? სიყვარულიც მოვა. თითქოს ცუდად არ ჟღერს, მაგრამ სწორედ ასეთი თვითშეფასების მქონე ქალებს იყენებენ უტიფარი ადამიანები. ასაკის მატებასთან ერთად კი ასეთი ქალები დამსახურების გამო სიყვარულს კი არა, უმადურობას იღებენ. ყველა ეჩვევა, რომ ის "კარგია", "ყველაფერს გააკეთებს ჩემთვის", "უარს არ მეტყვის", "არ ეზარება", "ჩემ გამო შეწუხდება"... ყველა გამოიყენებს, სამაგიეროს კი იშვიათად მიუზღავს ვინმე. ამიტომ ის უბრალოდ შეაქეთ ხშირად, უთხარით, რომ ლამაზია, მშრომელია, ბეჯითია, წარმატებულია.
ბიჭებთან საქმე აბსოლუტურად სხვაგვარადაა. დედები ხშირად იყენებენ ასეთ ფრაზებს: რა ოქრო მყავხარ, რა ჭკვიანი, რა საყვარელი... თითქოს ასეც უნდა იყოს, მაგრამ ეს ფრაზები ძლიერი მამაკაცური ბუნების ჩამოყალიბებას ნამდვილად არ ემსახურება. ბიჭუნა ეჩვევა აზრს, რომ ისედაც საყვარელი და კარგია. არადა, კაცი მიღწევებით ფასდება.
მისი სრულყოფილებისკენ სწრაფვა რომ წაახალისოთ, ხშირად უნდა შეახსენოთ საკუთარი დამსახურებები და სწორედ მათ გამო უნდა შეაქოთ. მამაკაცზე განსაკუთრებით კარგად მოქმედებს მიღწეულის დაფასება.
"სიხარულოს", "ბაჭიას", "დედას ანგელოზის" თქმის ნაცვლად სჯობს მისი გაკეთებული საქმე დააფასოთ. მაგალითად, სტუმარს ამაყად უჩვენოთ მისი აწყობილი თვითმფრინავი და უთხრათ: "ეს ჩემმა შვილმა ააწყო". ასეთი ქცევა ნებისმიერ ტკბილ სიტყვაზე უფრო ძვირფასი და სტიმულის მიმცემი იქნება თქვენი ვაჟისთვის.