"გოგო გეყოლათ და რა გიხარიათ, ვაი თქვენს პატრონსო" ცნობილი მსახიობი ზურა ყიფშიძე ოჯხური ცხოვრების დეტალებზე გულღიად გვესაუბრა... გაიხსენა, როგორ ზრდიდნენ ბავშვობაში, როგორ შექმნა თავად ოჯახი და როგორ იგრძნო პირველად მამობის "გემო"...
- დედას - ელენე ყიფშიძეს ნიჭიერ ქალს ეძახდნენ! ნამდვილად ნიჭიერი ქალი იყო და უშნოც არ გახლდათ... ვიღაცისთვის ძალიან ლამაზი იყო, ვიღაცისთვის სიმპათიური, მაგრამ მთავარი მისი თვისება მაინც სხვა იყო... არავითარი მკაცრი დედა არ ყოფილა, ჩემი ძმაკაცი გახლდათ, რომელსაც სულ ვეჩხუბებოდი და ნერვებს ვუშლიდი. ამით სიამოვნებას ვიღებდი... ერთადერთი რაც წყინდა - საწყალი შენი ქმრები - ამას რომ ვეტყოდი, მაშინ იწყებოდა თავდავიწყება. ელენე ქვია ახლა ჩემს შვილს და იმასაც ამ სიტყვებს რომ ვეუბნები, იგივე რეაქცია აქვს და სერიოზულად ნაწყენდება.
დედა ყველანაირად მხარში მედგა. ვინაიდან თავის პროფესიიდან გამომდინარე ძალიან დაკავებული იყო, მე მაინც ბებიამ და ორმა დეიდამ გამზარდა. არაჩვეულებრივი დეიდები მყავდა. ერთი ფიზიკოსი იყო და მეორე ინგლისურის პედაგოგი... მათ დღესაც ველაპარაკები რაღაც თემებზე და იქედანაც მაქვს კონტაქტი. როდესაც ადამიანი დაბერდება და აღარავინ ეყოლება იმ ოჯახიდან, რომლიდანაც თვითონ მოდის, მაშინ მიხვდება ჩემს სიტყვებს. ეს ახალი ოჯახი სხვაა და საიდანაც მოდიხარ, სხვა. ამიტომაც მათთან კავშირი არ წყდება. Mმე ძალიან ხშირად ვესაუბრები გამზრდელ დეიდებს, რჩევებსაც ვეკითხები და იუმორით ვიტყვი, ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს...
- როცა ოჯახი შექმენით, როგორ შეხვდნენ თქვენს არჩევანს ოჯახის წევრები?
- ეგონათ, ისეთი ვინმესთვის უნდა ჩაებარებინათ ჩემი თავი, ვინც სიბერემდე მომივლიდა და თან გადამყვებოდა... მე ამ დროს სულ სხვა არჩევანი გავაკეთე და იცოდნენ, რომ მათ აზრს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ვერ გეტყვით, რომ სიხარულით გაგიჟდნენ და გადაირივნენ, მაგრამ რომ დაინახეს, მე ცოფიანი ვიყავი, ხელი ჩაიქნიეს...
- შემდეგ როგორი ურთიერთობა ჰქონდათ რძალთან?
- მშვენიერი... ყველაფერი ნორმალურად იყო. უსაყვარლესი ხალხი რომ არის ერთად, იქაც ხდება გაუგებრობები და შეხლა-შემოხლა და როცა სხვადასხვა თაობები ერთად არიან, იქ კიდევ უფრო განსხვავებული ხასიათებია... მე სულ ვსაყვედურობდი მათ, რომ ვაშლსაც კი "ნედეთი" ნუ რეცხავთ, ორგანიზმი კარგავს იმუნიტეტს და იმიტომ ვიწამლები ხშირად-მეთქი... არანორმალურად პედანტები იყვნენ... მერე მე სახლში ძაღლი მოვიყვანე და ამაზე სულ გაგიჟდნენ. ნაგაზი მყავდა... ახლა ორი ძაღლი მყავს სახლში და ამ თემაზე დეიდებს რომ ვესაუბრები, იქედან ძალიან დიდ შენიშვნებს ვიღებ. ისინი თვლიდნენ, როცა სახლში ძაღლია, გამორიცხულია ბოლომდე სისუფთავე სუფევდესო. მართლაც ეგრეა. ძაღლი თუ გყავს, უნდა იცოდე, რომ სულ სუნიანი, ჭუჭყიანი და ტურტლიანი იქნება ირგვლივ ყველაფერი...
- როგორ იხსენებთ იმ წუთებს და ემოციებს, როდესაც მამა გახდით?
- ეგ ცალკე ისტორიაა... მეცნიერული კომუნიზმი არ მქონდა ჩაბარებული და მოსკოვში გამაგდეს. იქედან დარეკეს, თუ გამოცდაზე არ გავა, დიპლომს არ მივცემთო... მე ვიძახდი, დიპლომის დედაც ვატირე, შვილს ველოდები-მეთქი, მაგრამ ესენი გადაირივნენ, უდიპლომო სიძე არ გვინდა, გაეთრიე, ჩააბარეო... ჩავედი, ჩავაბარე და მოსკოვიდან რომ მოვფრინავდით, სოხუმში დაგვსვეს, იქედან ვრეკავდი და მთელი რესპუბლიკა შევაწუხე ჩემი შვილის გაჩენით... თვითმფრინავიდან გადმოსვლისას კიბეს არ დაველოდე, პირდაპირ გადმოვხტი, იქ დედაჩემი ღობეზე ასული ყვიროდა და იყო ერთი ამბავი... ბავშვი გაჩნდა კაცო, რა მოხდა ბოლოსდაბოლოს?! რა ემართება მაგ დროს ადამიანს, არ ვიცი, გიჟდება... ერთი ძალიან ცუდი რამ მოხდა: მამუკა სალუქვაძეს შეეძინა იმ დროს შვილი და მისი მეუღლე მშობიარობას გადაყვა. სამშობიაროდან რომ გამოვდიოდით, მე ჩემი ბავშვი მეჭირა, მამუკას თავისი, მე ცოლი მედგა გვერდზე და მამუკას - არა... ისეთი საშინელი წუთები იყო, გახსენებაც მიმძიმს. სამწუხაროდ, მამუკაც აღარ არის კარგა ხანია ცოცხალი. არაჩვეულებრივი პოეტი იყო – ინოლა გურგულიას შვილი...
მეორე შვილის – ელენეს გაჩენა საერთოდ ცირკი იყო: გამთენია იყო და სამშობიაროსთან მანქანაში ვისხედით მე და ჩემი სიმამრი, სიდედრი უკან იჯდა... მახსოვს დილის ექვსი საათი იყო და კონიაკი მეჭირა ხელში. იმდენად დაძაბულები ვიყავით, ერთმანეთს არ ვესაუბრებოდით და ამ სიჩუმეში ვიღაც ქალმა ფანჯარაზე დააკაკუნა. სიდედრმა ფანჯარა ჩამოწია და ის ქალი ეკითხება, გოგო რომ ბავშვს აჩენდა, თქვენი იყოო? აჩენდაო? ვინაიდან წარსულში თქვა, გულები გაგვისკდა შიშით და სამივე ადგილზე გავქვავდით. ცოტა ხნის მერე გვითხრა, გოგო გყავთო, მაგრამ ისეთი სახით, ვაი თქვენს პატრონსო... ჩვენ სიხარულისგან ტაშ-ფანდური დავიწყეთ და რა გიხარიათ, ვერ გავიგე, გოგო გყავთო, იძახდა... ვიღაცა არანორმალური ქალი იყო ის უპატრონო! სამაგიეროდ, ჩემი ელენეს სახით, დღეს გვერდზე მაგარი ძმაკაცი მყავს! არ ვიცი, დედაჩემი რამდენად შემიცვალა, მაგრამ ძალიან კარგი ვინმეა! კი არის ცოტა გიჟი, მაგრამ რა ვუყო ახლა... მგონია რომ მკაცრი მამა არასოდეს ვყოფილვარ. რაღაცები მწყენია, რაღაცები არა, როგორც ყველა მამას...
- როგორი ბაბუა ხართ?
- ეს შვილიშვილებს უნდა კითხოთ? გიორგის პატარა ალექსანდრე უკვე გენიოსია! ხუთი წლის არის და სასწაულებს ჩადის. თვითონ ისე ისწავლა რუსული, ყველას ჰგონია, სახლში რუსულად ვესაუბრებით.ნამდვილად არ ვსაუბრობთ ახლა სახლში რუსულად. მე რუსი ბებია მყავდა, ნახევრად პოლონელი, ის მზრდიდა და სულ რუსულად ვსაუბრობდით. სკოლაშიც რომ წავედი, ქართული არ ვიცოდი და გაზეთშიც გამომაქვეყნეს, - `ქართველი კაცი, რომელმაც არ იცის ქართული~... წინა დღეებში რომ ტერაქტი მოხდა, პატარა ალექსანდრემ გვითხრა, ავტომატი მომეცით კაცო, სად მიშვებთ ბაღში უიარაღოდ, ხომ ხედავთ რა ხდებაო... ხუთი წლის ბავშვმა ასეთი საშინელება გვითხრა...
ხშირად მესმის, გადამეტებული სიყვარული გაქვთ შვილიშვილების მიმართო, მაგრამ ამის განსაზღვრა რთულია. ალბათ ასეც ვართ, ვაფუჭებთ ბავშვებს ზედმეტი ყურადღებით...
- რას ურჩევდით ახალგაზრდა მშობლებს?
- ბუნებას არ შეეწინააღმდეგონ რაღაც-რაღაცებში... გარკვეულწილად მოჭადრაკე უნდა იყო და იცოდე, წინ რა გელის და ისე ასწავლო ბავშვსაც, შედგომში რომ გამოადგეს... გაზრდილებმა აუცილებლად ცალკე უნდა იცხოვრონ! მე კი მიყვარს მთელი ოჯახი ერთად, მაგრამ ახალგაზრდებისთვის უკეთესი იქნება, თავის თავზე იყვნენ დამოკიდებული და არა ის, რომ აი მოვა ზურა და ის იზამსო... თავის თავის იმედზე რომ იყოს ყველა, ის უფრო უპრიანი იქნება!
მანანა გაბრიჭიძე