მე მქვია ტანია ჯორჯელასი, 10 წლის განმავლობაში რელიგიური ექსტრემისტი ვიყავი... "მე მქვია ტანია ჯორჯელასი, 10 წლის განმავლობაში რელიგიური ექსტრემისტი ვიყავი. ჩემი ქმარი "ისლამური სახელმწიფოს" წევრი გახდა, მე კი ახლა ვცდილობ, მათ იდეოლოგიას დავუპირისპირდე" - ახალგაზრდა ქალმა "ბიბისისთან" საკუთარი ცხოვრების შესახებ გულწრფელად ისაუბრა.
ტანიამ სკოლა ლონდონის საშუალო სოციალური ფენის მოსახლეობით დასახლებულ გარეუბანში დაამთავდა.
"რელიგიით 17 წლის ასაკში დავინტერესდი. მინდოდა იდენტობა შემეცვალა, გავმხდარიყავი მორწმუნე. რელიგია დამეხმარა, თავი დამემკვიდრებინა გარკვეულ საზოგადოებაში, რომელმაც მიმიღო..." - ამბობს ტანია.
20 წლის ასაკიდან გოგონას სხვადასხვა რადიკალურ ჯგუფთან ჰქონდა ურთიერთობა. მათ ტანიას შეხედულებები სამყაროზე საფუძვლიანად შეცვალეს. ისლამისტებმა მას უამბეს, როგორ "სასტიკად ექცევიან მუსულმანებს" და დააჯერეს, რომ რელიგიას დაცვა სჭირდება და ჯიჰადი სწორედ ისლამის დაცვაა.

მოგვიანებით ტანია ამერიკელ ისლამისტზე, ჯონ ჯორჯელასზე დაქორწინდა.
ქალს სურდა, გაეზარდა შვილები, რომლებიც მოჯაჰედები იქნებოდნენ და იბრძოლებდნენ. 2011 წელს წყვილი საცხოვრებლად ეგვიპტეში გადავიდა, ჯონი იმედოვნებდა, რომ ეგვიპტე იდეალური ადგილი იქნებოდა, შვილები ჯიჰადისტებად გაეზარდა. თუმცა ტანიას საკუთარ იდეოლოგიასთან დაკავშირებით ეჭვები სწორედ ამ პერიოდში გაუჩნდა.
"ერთ დღეს ჩემი ერთ-ერთი შვილი მოვიდა სახლში და ხელში ყუმბარა ეჭირა, სწორედ მაშინ მივხვდი, რომ არ მინდოდა, ჩემი შვილების ხელში იარაღი დამენახა," - ყვება ტანია.