"საქართველოში როგორც სხვა ბევრი რამ, ესეც ცოტა დაგვიანებით შემოვიდა... " საქართველოში გოგონების ვაქცინაცია დაიწყო - პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო აცრას 2008-2009 წელს დაბადებულ გოგონებს უფასოდ ჩაუტარებენ. სამწუხაროდ, ვაქცინაციას მშობელთა გარკვეული ნაწილისთვის კვლავ ეჭვის თვალით უყურებს. რას მოუტანს ეს კამპანია მომავალ თაობას და რა არის მისი მთავარი სარგებელი - ამის შესახებ რეპროდუქტოლოგი, აკადემიკოსი - არჩილ ხომასურიძე გვესაუბრება.
- ვირუსი იწვევს საშვილოსნოს ყელის კიბოს დიდი სიხშირით და მამაკაცებში სასქესო ორგანოს სიმსივნეს. რა თქმა უნდა, კარგია, მისასალმებელია და აუცილებელიც არის ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რომ იწყება! მართალია 9 წლის გოგონების ასაკის აცრა იწყება, მაგრამ მე ყველა ასაკის ადამიანს ვურჩევდი – 9 წლის იქნება, 27-ის თუ 67 წლის... 9 წლიდან არის რეკომენდირებული, რადგან სქესობრივი მომწიფების ნიშნები ამ ასაკიდან არის გამოვლენილი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა ასაკში არ შეიძლება აცრის ჩატარება. განსაკუთრებით იმ ქალბატონებისთვის იქნება აცრა მიზანშეწონილი, რომლებიც სქესობრივ ცხოვრებას ეწევიან.
საშვილოსნოს ყელის კიბო ქალის მოკვდავობაში მკერდის კიბოს შემდეგ პირველ ადგილს იკავებს და სამწუხაროდ ძალიან ხშირია, როგორც მსოფლიოში, ისევე საქართველოში. ძალიან მძიმე დაავადებაა და თუ კი რამე საშუალება არსებობს მის თავიდან ასაცილებლად, ყველაფერი უნდა გამოიყენოს ადამიანმა!
- ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინცია ჩვენს ქვეყანაში ცოტა დაგვიანებულიც ხომ არ არის?
- დიახ... აცრა ნამდვილად არ არის ნოვატორული ნაბიჯი. მსოფლიოში დაახლოებით ოცი წელია გამოიყენება და საქართველოში როგორც სხვა ბევრი რამ, ცოტა დაგვიანებით შემოვიდა...
გადაფურცლეთ მომდევნო გვერდზე
{{ArticleSplitCont}}
რაც უფრო ჩქარა დაინერგება, უფრო კარგი იქნება! სრული სისულელეა და პროვოკატორები ამბობენ ვაქცინა საქართველოში საცდელად ტარდებაო... კონკრეტულად ეს ვაქცინა მსოფლიოში მრავალჯერ არის გამოცდილი და ყოველთვის დადებით შედეგს იძლევა! ყველა წამალს აქვს მინიმალური უკუჩვენებები და მისი სიკეთე და საჭირო მხარე ათასჯერ უფრო დიდია!
ახალი უბედურება ჩვენი მედიცინის ის არის, რომ ხდება ამ სფეროს კომერციალიზაცია! აღებ-მიცემობა ექიმებში, წამლის გაყიდვა, კერძო მედიცინა... როცა ყველაფერი აღებ-მიცემობაზე გადადის, იქ ყველა ექიმობას იბრალებს! ასეთი ექიმი შეუძლია თუ არა, ყველაფერს მკურნალობს, ოღონდ ფული აიღოს! გაივსო ქვეყანა რეპროდუქტიული დაწესებულებებით და სავსეა არაკვალიფიცირებული კადრებით, ეგრეთწოდებული "ექიმებით"! ... ჩემთან უამრავი პაციენტი მოდის ასეთი ექიმების მიერ დასახჩრებული, მათ შორის ზგიერთი ჩემი კოლეგაც... მედიცინის სფერო ძალიან მისახედია საქართველოში და კონტროლიც კარგი საქმეა! არ შეიძლება მედიცინის სფეროში ყველაფრის აღებ-მიცემობაზე გადატანა! ოღონდ ფული გააკეთონ ჯანმრთელობის ხარჯზე, ეს გახდა მთვარი! მთელი ჩემი ცხოვრება ქალების ექიმი ვიყავი და მათ ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებდი! ამიტომაც ვურჩევდი მოერიდონ შარლატანებს, პოპულისტებს და ყბადაღებულ რეკლამებს... ექიმს და მედიცინას რეკლამა არ ჭირდება! ექიმს აქვს რეპუტაცია და თუ კარგი ექიმია, რეკლამა არ უნდა ჭირდებოდეს! პაციენტი ისედაც მიხვდება, ვინ კარგია და ვინ – არა. ეს არის დღევანდელი ყველაზე მტკივნეული პრობლემა და ყველა ერთად უნდა გავუმკლავდეთ!
მანანა გაბრიჭიძე