რა მოხდებოდა, საქმე რომ აქამდე არ მისულიყო? რაც დრო გადის, უფრო მეფიქრება იმ ამბავზე. თავიდან განზრახ გულქვად მივუდექი. ახლა დამნაშავეებიც თითქმის გარკვეულია და ამბის წამომწყები ბავშვიც იდენტიფიცირებული. მთავარი სიძულვილის ობიექტებიც ჩასაქოლად გამზადებული. უმკაცრესი სასჯელი რომ ეკუთვნით ცხადია, დამფარავებსაც მათ შორის. ოღონდ ყველა ამბავს თავისი მრავალი მხარე აქვს და მგონი ამ თემაზე დიდხანს და ყველა რაკურსით უნდა ვიმსჯელოთ, ტვინი ვიჭყლიტოთ და საკუთარი როლები წარსულშიც და მომავალშიც გავაცნობიეროთ.
სიუჟეტს დავუბრუნდეთ. რა მოხდა, პროკურატურის ვერსიაზე დაყრდნობით.
ბავშვი #1 რომელსაც ესროლეს პნევმატური ტყვია, დასახმარებლად ურეკავს უფროს დეიდაშვილს, რომელიც მოდის ძმაკაცებთან ერთად და მერე ხდება ის, რაც უკვე ვიცით.
ჩხუბის დროს ვინ ვის აკუწავს, როცა აფექტი, სიკვდილის შიში და დაგროვილი ჰორმონები ერთმანეთშია გადაზელილი, უკვე რთულად პროგნოზირებადი და შესაჩერებელი პროცესია. ამიტომ გამოსავალი არის ის, რომ ბავშვ #1-ს არ დაერეკა დეიდაშვილისთვის ან ისინი არ მოსულიყვნენ საომარი შემართებით და საქმე აქამდე საერთოდ არ მისულიყო. მაგალითად ასე:
სცენარი პირველი.
ბავშვი #1 რეკავს დეიდაშვილთან, მაგრამ ის ბავშვები არ მოდიან შეიარაღებული. მაგრამ ამ დროს და ამ რეალობაში, რა გარანტია ჰქონდათ, რომ დამხვედრს არ ექნებოდა იარაღი? თქვენ გარისკავდით, ზრდასრული ადამიანები ხელცარიელი მისვლას? ვერა. თუ საერთოდ არ მიხვიდოდით? მერე დეიდაშვილი? ძმობა, მეგობრობა, გასაჭირში დახმარება? ის ყველაფერი რასაც წიგნებში ასწავლიან?
სცენარი მეორე.
ბავშვი #1 საერთოდ არ ურეკავს არავის და იტანს დამცირებას დღეს და ამიერიდან მოუწევს აიტანოს ხვალაც. მერე ფულსაც შეაწერენ. მერე გაიზრდება და ბევრჯერ წამოაძახებენ რომ სკოლაში ჩმორი იყო, და თუ ოდესმე ძალაუფლებას ჩაიგდებს, ალბათ თვითონ გახდება სასტიკი და დაუნდობელი და ისევ აუცილებლად ზიზღით გაუხსენებენ, როგორ აჩმორებდნენ სკოლაში.
სცენარი მესამე:
ბავშვი #1 არ ურეკავს დეიდაშვილს, ურეკავს მშობელს და მშობელი იწყებს პრობლემის მოგვარებას არსებული გზებით.
აქ უკვე ქვესცენარებია, მაგალითად ბავშვების მშობლები საქმეს არჩევენ ერთმანეთში და ამიერიდან ბავშვი #1 ხდება დედიკოს ბიჭი.
ან მშობლები აგვარებენ რაღაც არსებული პროცედურების დაცვით სკოლის საბჭოების და დირექტორის მეშვეობით და ბავშვი #1 ხდება ჩამშვები დედიკოს ბიჭი.
ორივე ქვესცენარის მიხედვით გრძელდება მისი დამცირება პირში თუ ზურგსუკან და ამიერიდან ის აღარასოდეს ამოიღებს ხმას დამცირებაზე, ან თუ ისევ ამოიღებს, ივლის ამ ჩაკეტილ წრეზე და ბოლოს მივიღებთ ალბათ მეორე სცენარით გათვალისწინებულ შედეგს - სასტიკ და დაუნდობელ მოძალადეს ან მარადიულ ჩმორს.
იმ რეალობაში, რომელშიც ბავშვებს უწევთ გაზრდა, დიდი არჩევანი არ არის. ან ჩმორი ხარ, ან დამჩმორებელი. ან ამ როლებიდან თავის დასაძვრენად გამუდმებით იბრძვი.
მათი ბავშვური რეალობა გაცილებით რთულია, ვიდრე ჩვენი. მათ რეალობაში ფიზიკური ტკივილის ფასად გვარდება ის, რასაც ჩვენ სიტყვიერად ვაგვარებთ. მათ "ცხოვრება ენგრევათ" იმის გამო, რასაც ჩვენ უკვე იოლად ვყლაპავთ.
გადაფურცლეთ მომდევნო გვერდზე
{{ArticleSplitCont}}
რას სთავაზობს სისტემა და საზოგადოება?
მაგალითად, პირველ კლასიკურ გიმნაზიაში (ღმერთო, რა აღმატებული სახელია), მე-7 კლასში, ბიჭი კლასელის მიერ გოგოს ცემის გამო, სკოლის დირექციამ ჩემს მეგობარს ჯერ "ამბის დავიწყება" შესთავაზა (ნაცემი გოგოა ჩემი მეგობრის შვილი), შემდეგ კი ე წ სადისციპლინო საბჭოს გამართვა, რაც საბოლოო ჯამში ჯვარედინი დაკითხვით ბავშვების დაპირისპირება აღმოჩნდა, არაფრისმომტანი მარაზმი. შედეგი ისაა, რომ ბავშვი კიდევ უფრო დაისტრესა, ჩემი მეგობარი თითქმის ნანობს და ზუსტად იცის, რომ აღარასდროს გამოიყენებს ამ საშუალებას ბავშვის დასაცავად და სიმართლის გასარკვევად, ბავშვები ერთმანეთს აღარ ელაპარაკებიან, ხოლო ის ბიჭი აგრძელებს სხვების ჩაგვრას "ბავშვები არიან და იჩხუბებენ" ქოლგის ქვეშ. ჩემი მეგობრის ბავშვი რომ ბიჭი ყოფილიყო, გაცილებით უარესი გაგრძელება ექნებოდა (იხ. ზემოთ).
მერე კიდევ მეკითხებით, დირექტორს რას ერჩიო. დირექტორი გულგრილი ჯაჭვის ერთერთი, მაღალი პასუხოსმგებლობის მქონე რგოლია, სხვებთან ერთად. დირექტორმა რა იცის გარეთ რას შვება, მშობელმა რა იცის სკოლაში რას შვება, მინისტრმა რა იცის, სკოლამ თუ არ უთხრა, პატრულმა რა იცის, თუ არავინ დაუძახა და აბა მე ვიცი? მე ავიღო პასუხისმგებლობა?
მანდატურები, პატრული, პოლიცია, კომენდანტის საათი.. ეს არ არის საშველი. სკოლა ციხე არ არის, ბავშვი პატიმარი არ არის. ბავშვს სჭირდება გარემო, სადაც გაიზრდება და თან გაკონტროლდება და არა მხოლოდ გაკონტროლდება და გაკონტროლდება. ბარემ გააჩინეთ და დააბით!
რას აკეთებენ ბავშვები თავისუფალ დროს, სად ხარჯავენ ენერგიას, რა გასართობით იკმაყოფილებენ ბავშვურ ინტერესებს და ამბიციებს?
კონტროლის გარდა, რას შესთავაზებს სახელმწიფო მათ, ვის მშობლებსაც ბავშვის ინგლისურიდან ფრანგულზე, ფრანგულიდან სპორტზე, სპორტიდან სიმღერაზე, სიმღერიდან ჭადრაკზე და ზაფხულის და ზამთრის ბანაკებში ტარების დრო და საშუალება არ აქვს? მანდატურს და ვაშლს?
ამ ბავშვებს შორის არ არსებობს მართალი და მტყუანი, უმანკო და დამნაშავე. უბრალოდ არსებობენ გადარჩენილები და ისინი, ვინც ვერ გადარჩნენ.
ეკატერინე ონიანი