ცნობილი ფრანგული კომპანია, რომელიც რძის პროდუქტებს აწარმოებს, დიდ სკანდალში გაეხვა ცნობილი ფრანგული კომპანია Lactalis , რომელიც რძის პროდუქტებს აწარმოებს, დიდ სკანდალში გაეხვა. მან პროდუქციის დიდი პარტია ამოიღო ქსელიდან და გაიწვია უკან, რადგან სალმონელას ბაქტერიით დასნებოვნების საფრთხე გაჩნდა. საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ დეკემბრის დასაწყისიდან ქვეყანაში 26 ახალშობილი დაავადდა ამ დაავადებით. ამოიღეს პროდუქცია რამდენიმე ქვეყნიდან, მათ შორის დიდი ბრიტანეთიდან, ჩინეთიდან, პაკისტანიდან, ბანგლადეშიდან და სუდანიდან.
განგაში სულ რამდენიმე დღის წინ დაიწყო, როცა საფრანგეთში 6 წლამდე ასაკის 20-ზე მეტ ბავშვს აღმოაჩნდა სალმონელა. ეს დაავადება კუჭ-ნაწლავს აზიანებს და საქონლიდან გადადის. განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისა და მოხუცებისთვის.
საფრანგეთის ხელისუფლებამ უკვე გამოაქვეყნა პროდუქტების სია, რომელთა გაყიდვა და ექსპორტი დროებით აიკრძალა, მათ შორის არის "ლაქტალისის" პროდუქტები Celia, Milumel და Picot.
„საფრანგეთში წარმოებული ბავშვთა კვების ზოგიერთ პარტიაში არსებობს სალმონელას გამოვლენის ეჭვი, რასაც დიარეისა და ტემპერატურის მატების გამოწვევა შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ თითოეული საექსპორტო პარტია შესაბამისობაში იყო ადგილობრივ კანონმდებლობასთან, Lactalis-მა გადაწყვიტა რეალიზაციიდან ამოიღოს 2017 წლის 15 თებერვლის შემდეგ წარმოებული პროდუქცია”, – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.
Lactalis-ი მომხმარებლებს მოუწოდებს, არ მოიხმარონ აღნიშნული პარტიის პროდუქცია. იმ შემთხვევაში თუ პროდუქტის დაუყოვნებლივ ჩანაცვლება ვერ ხერხდება, კომპანია რეკომენდაციის სახით, მომხმარებლებს ურჩევს სულ მცირე 2 წუთის განმავლობაში ადუღონ მომზადებული რძე და კვლავ სათანადო ტემპერატურაზე გაგრილების შემდეგ მისცენ ის ჩვილს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომპანიაში დაწყებულია სადეზინფექციო და სანიტარული პროცედურები, რის შემდეგაც პროდუქციის წარმოება განახლდება.
საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტო საფრანგეთში წარმოებულ ბავშვთა კვების პროდუქტებში სალმონელას შესაძლო არსებობის შესახებ მოკვლევას უკვე ატარებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:
„სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან მიიღო შეტყობინება საფრანგეთში წარმოებულ ბავშვთა კვების პროდუქტებში სალმონელას შესაძლო არსებობის შესახებ. სურსათის ეროვნული სააგენტო მოკვლევას ატარებს. მიმდინარეობს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები და სურსათის ბაზრიდან გამოთხოვის პროცესი“, - ნათქვამია განცხადებაში.