"მაია ასათიანს მადლობა, რომ იბრძვით. მადლობა, რომ ცოცხლობთ. ჩვენ გვესმის ერთმანეთის ტკივილის ხმა..." "სამი წლის წინ მარიამს მეგობარი დაეღუპა - მზისფერი თაკო. მარიამის მეგობარი ჩემი მეგობრის ერთადერთი შვილი იყო. პარკინსონით დაავადებული დედის ერთადერთი იმედი და სიხარული, სიბერის ნუგეში და ცხოვრების საზრისი. მერე... მერე საათობით ვტიროდი და სათითაოდ ვუკოცნიდი მზისფერ ჭორფლებს გაყინულ ლოყებზე... უმისამართოდ ვუსწორებდი შუბლზე ჩამოყრილ ჟღალ კულულებს... ჩამომდნარ მხრებზე ვეხვეოდი ჩემს გამტკნარებულ მეგობარს და ხმადაკარგული ჩავჩურჩულებდი, რომ ძლიერი უნდა ყოფილიყო - თაკოსთვის, თაკოს გამო უნდა ეცოცხლა... რომ ღმერთს ძალიან უყვარდა მზისფერი თაკო და ამიტომ წაიყვანა სამოთხის ანგელოზად... უმანკო, სპეტაკი ბავშვი გაარიდა ამქვეყნიურ ჭუჭყსა და ტალახს... და მიჯერებდა შვილმკვდარი დედა. მისმენდა და მიჯერებდა, რადგან ეს იყო გადარჩენის ერთადერთი გზა, ერთადერთი იმედი, ოდესმე ეხილა თავისი კისკისა გოგო. ვაჯერებდი და ვიჯერებდი...
როგორია პოეტი მღვდლის ცოლობა - მამა პეტრეს ოჯახური ამბები
სამყარო აღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც იყო თაკომდე... თაკოსთან... 20 დეკემბერს 17 წლის გახდებოდა... ვცდილობთ ვისწავლოთ მის გარეშე ცხოვრება... ვცდილობთ ვებრძოლოთ ამოუვსებ მტკივნეულ სიცარიელეს... მაია ასათიანს მადლობა, რომ იბრძვით. მადლობა, რომ ცოცხლობთ. ჩვენ გვესმის ერთმანეთის ტკივილის ხმა..."