სანტა, ერთხელ ქვეყანაც დააფიქრე ჩემზე, ერთ რიგით გოგოზე - წერილი თოვლის პაპას ან სანტას, ციფრული სამყაროსგან "ოკუპირებული" გოგოსგან
ჩემი დიდი ტკივილი, სულიერი შიმშილი და დეგრადაციის დიდ აღმართზე დაშვებაა, შენ ყველაზე უკეთ გეცოდინება (დედამიწა მოვლილი გაქვს), რა სწრაფად ჩასავლელია ეს დაღმართი. მერწმუნე, ცუდი განცდაა, როცა ყოველწამიერად გრძნობ, როგორ ურცხვად ჭამს და იტაცებს შენგან, წლობით ნარგოვებს ყოველდღიური რუტინა და უკან მხოლოდ გამოფიტულ და გადაღლილ მეს გიბრუნებს. როცა ხვდები, რომ ეს ის ცხოვრება არ არის, რაც შენ გინდოდა.
ჩემი ყველაზე დიდი იმედგაცრუება კი მაინც ციფრულ სამყაროსგან "ოკუპირებული" ადამიანია. ადამიანი, რომელმაც სული, გული და გონება აჩქარებულ რიტმსა და გადარჩენისთვის ველურ ბრძოლას მიჰყიდა და ორივესთან დამარცხდა ან გაიმარჯვა (გააჩნია რაკურსს). ადამიანი, რომლის ტვინში ყველაფერი წმინდა მატერიალიზზმა და სოციალურ ქსელში "საფრენდეთისთვის" ცხოვრებამ დაბინდა. ადამიანი, რომელიც "სამეზობლოს" დასანახად ცხოვრებიდან, "ფრენდების ჯიბრზე" ცხოვრებაზე დაპორტირდა. ადამიანი, რომელმაც შეიძლება თვეობით ხმაც არ გასცეს - მეზობელს, მეგობარსა თუ ნათესავს, მაგრამ ყველაფერს აკეთებს "ფეისბუქუბანში" პოსტებით, ფოტოებითა თუ ჩექინებით, სწორედ მათ "დაუყენოს თვალი" და ინტერნეტიდან დაუმტკიცოს, მათ გარეშეც, რა ბედნიერია. ადამიანი, რომელიც შეიძლება ოჯახის წევრსაც კი მესენჯერით ეკონტაქტება გვერდით ოთახიდან. ადამიანი, რომელიც ერთნაირად წარმატებით შეუძლია იყოს ცამდე ბედნიერი სოციალურ ქსელში და ქვესკნელამდე უბედური რეალურ ცხოვრებაში (ლაივში). ადამიანი, რომელსაც ისე ეზარება ლაპარაკი და „ქომუნიქეიშენი“, რომ ძალიან აუღელვებლად შეუძლია ყველა მარტივ კითხვას ერთი სიტყვით უპასუხოს - დაგუგლე. ნუ თვითონაც, სულ გუგლავეს და სქორლავდეს და სქროლავდეს და სქროლავდეს და სქროლავდეს....
ამ მორევში ვტრიალებ მეც. მე ერთი ვარ - დანარჩენები ბევრნი ხართ. მეჩვენება, რომ ყველა ჩემკენ, როგორც დამნაშავისკენ იშვერთ ხელს, ეს მე - არ გწერთ, მე - არ გირეკავთ, მე - არ გნახულობთ თქვენ და არავითარ შემთხვევაში თქვენ მე. ალბათ, არც გიფიქრიათ, რომ არა კი არა, აქ უნდა იყოს, ვერა! თქვენსავით, მეც ცაიტნოტთან და ველურ კაპიტალიზმთან "მებრძოლი" ვარ. ვცხოვრობ სამსახურისთვის და სამსახურში, არც მეტი არ ნაკლები, და ვერც კი წარმოიდგენთ, რა უფრელია წამები თქვენს გარეშე - მაშასადამე, წამები სამუშაო კომპიუტერის წინ. მშრალ ციფრებში კი, ეს წელიწადში ჩატეული 365 დღიდან 315 დღე ანუ 8640 საათიდან - 7560 საათია. თავისუფალი მხოლოდ 53 დღე ანუ 1272 საათი რჩება. და რა გამოდის, რომ მე კი არა საქმე და რიტმი გვართმევს ერთმანეთსაც და გნებავთ "ქართველობასაც". მაგრამ გახსოვდეთ, თქვენდამი ჩემს სიყვარულს ვერანაირი დრო თუ უდროობა ვერაფრით და ვერასოდეს გაახუნებს.
ჰოდა, სანტა თუ პაპა, ამდენი წუწუნის მერე, საქმეზე გადავალ და პირდაპირ გეტყვი, თუ ისეთი მაგარი ხარ, როგორადაც პატარებს აჩვენებ თავს, დამიმტკიცე, რომ მხოლოდ ლამაზ ყუთებში შეფუთული საჩუქრები არაა შენი საქმე და ბევრად დიდი სიკეთეების ჩამდენიც ხარ. გთხოვ ან იქნებ მოვითხოვ კიდეც, ზემოთთქმულის გათვალისწინებით, ამისრულე ყველა ის სურვილი, რომელმაც დიდი ხანია „დამლია“.
და დედამიწაზე დამიბრუნე:
· ცხოვრება არსებობის ნაცვლად.
· ადამიანი და "ლაივ" ურთიერთობების ფუფუნება მათთან
· ბედნიერება „ლაივში“, რომელიც ასე ბრწყინავს სოციალურ ქსელებში, ტელეფონის თუ კომპიუტერის ეკრანიდან.
· 5 დღიანი სამუშაო დღე, მეც დამრჩეს დრო ჩემი ცხოვრებისთვისაც, რასაც მარტო დასვენებაც არ უშველის და უნდა დაამატო საშუალო ხელფასი მაინც (კვლევებში რომ საშუალო არითმეტიკულით, ასე "სწორად" იკვლევენ)
· წიგნის კითხვის, ფილმის ყურებისა და რაც ყველაზე მთავარია, წერის დრო
· პატიოსანი შრომის ადეკვატურად დაფასება და ღირსეულად ცხოვრების შესაძლებლობა. სრულად წალეკილი ღირსება და მორალი, რომელსაც წარმატებისკენ სავალ გზაზე ცხოველური კონკურენციისგან ნელ-ნელა ვფანტავთ
· ღირსეული სამუშაო პირობები, "დათვური" ქველმოქმედების შეურაცხმყოფელი მოწყალების ნაცვლად
· უდარდელობა და სილაღე ყველა ბავშვის სახეზე, გულწრფელი სოლიდარობა და თანაგრძნობა ყველა უფროსის გულში
· ცოტა მეტი პურიც, სანახაობისგან წალეკილებს
· მეტი განვითარება ჩვენში და მეტი ჩვენ განვითარებაში
· დაბერებული ეს გაახლაგაზრდავებული სიკვდილი
· ნუ გაადიდგულებ ჩვენში, სამწუხაროდ ასე დამკვიდრებულ და ძაან „სვეცკურ“ გამოვლინებას - ყველაფერი ქართულის გოიმობად შერაცხვას. ამ იარლიყის „შიშით“ ქართულისთვის ვეღარ გვიყურებია, ქართულისთვის ვერარ მოგვისმენია, ქართული ვეღარ გვიცეკვია, ქართულად ვეღარ გვისაუბრია და მარტო „იყიდე ქართულიღა“ დაგვიტოვეს წმინდა.
შენ რა მართლა გეგონა, ასეთი წმინდანი ვარ და მთლად მატერიალიზმის გარეშე გაგიშვებდი?! - ნო ნო ნო. 3 ასეთი სურვილიც გაგიმზადე: ჯერ ერთი, დააფინანსებინე ჩემი თავი ვინმე კეთილს, რომ შემოვუმოგზაურო საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭულს (ევროპებს ხომ არ გთხოვ). მეორეც, დედაჩემს პსპ-ს გათამაშებიდან ბინას თუ არა 2000 ლარიანი ხელფასი მაინც მოაგებინე, ბავშური ოპტიმიზმით რომ ერთგულად ელოდება ამდენი წელია. (პენსია არ აქვს ჯერ და ხელფასად ექნებოდა თავის ფული). მესამე, დაივიწყე წინა ორი სურვილი, ერთხელ შენც გარისკე და მომიტანე ის ერთი მილიონი, იმ მრავალიდან, რომელსაც ასე ინახავ ახალი წლისთვის და მე გაჩვენებ, როგორ უნდა ცხოვრება და სხვების გახარებაც.
პ.ს დაგიმატებ, რომ მოსახდენი უკვე მოხდა და დავიბადე მორცხვ ქართლელად, არადა, მე რომ ბედი მქონებოდა, თამამ ქართველად გავჩნდებოდი (კუთხეს რა მნიშვნელობა აქვს). ალბათ, შენ თვითონაც" ხვთები" როგორი უიღბლობაა (ჩვეულებრივი), როცა ამ დროშიც კი, "დაყენებული" და ხელოვნური არაფერი მცხია, სრულიად ბუნებრივი ვარ ფიზიკურადაც (ტუჩ-ცხვირის ოპერაციაც კი არ გამიკეთებია, ნუ იმედია ჯერ-ჯერობით. და ხასიათითითაც, ყველასთან და ყოველთვის. მაგრამ ამას კიდევ რა უჭირს, არც განვიცდი, უბრალოდ ის რაღა წესია, ამ ფეისბუქშიც რომ ვერ ვიტყუები, თითქოს ვინმე ეკრანს მიღმაც შემატყობდეს სახეზე ან ტონზე, სინამდვულეში რას ვგრძნობ. ჰოდა, თუ გაპატიო, სოც ქსელში მაინც რომ არ ამაფერისტო და არ მომცე ნიჭი ვწერო მოდური კომენტარები - როგორ მიყვარს; როგორ ვაფრენ, როგორი ყველაზე ლამაზი და საყვარელია; რაც მთავარია ყველა როგორი ჩემია და იქვე, სმაილების სწორად ჩაკვეტების ნიჭიც რომ არ მომცე, მეტი დამაჯერებლობისთვის და ეს მაშინ როცა შეიძლება ჩემი ნაქებთა შორის უნაქებესი და ჩემთა შორის უჩემეს, უცოტავესადაც არ მაღელვებდეს და არც არასოდეს მომეკითხოს როგორაა.
ბოლოსკენ, ერთს გთხოვ, არასოდეს შემომისიო მატერიალიზმის ჭია და არასოდეს გამოახვრევინო ჩემი გონება. როგორც აქამდე, არც არასოდეს გადამადგმევინო ჩემი სინდისის საწინააღმდეგო ნაბიჯი. ამ და მომავალ ყველა ახალ წელს, არც ერთი ადამიანი შეახვედრო მშიერი და სასოწარკევთლი. ისე, სიმართლე რომ ვთქვა, მე დიდი მოწყენილობით ვკვდები ხოლმე ყოველ ჯერზე საახალწლო დღეებში, რაღაცნაირად სევდიანია გადაპატიჟება-გადმოპატიჯება ერთნაირი საჭმელებით გაწყობილ სუფრებზე და დაუსრულებელი სმა-ჭამა შიგადაშიგ შუშხუნების გაშვებით.
ჰო, კიდევ, სულ მე ნუ მაფიქრებ ამ ქვეყნის ბედზე, ერთხელ ქვეყანაც ააფიქრე ჩემზე, ერთ რიგით გოგოზე, რომელიც თავისთვის უჩუმრისპირად მუშაობს, მუშაობს და მუშაობს და ისიც "პურის ჭამისთვის, "განა მშიერი დავდივარ"-ის "დასაკვეხნად" და მეტი არაფრისთვის. თორემ აღარავინ არ დარჩება ამ ისედაც თითქმის დაცარიელებულ კურთხეულ მიწაზე. იმაშიც გამოგიტყდები, ისეთი სილამაზე მაინც რომ მოგეცა, როგორიც იუმორი მიბოძე - ბევრად გამიმარტივებდი ამ ქვეყანაში ცხოვრებას, გეფიცები, არ გატყუე - ასეა ეს!
ველი შენს ყველა „კის“ ჩემს ყველა სურვილზე, რაც შენც ძალიან გაგიმარტივებს საქმეს და მომავალი წლის „ნატვრების“ სკივრს სულ პოზიტივით აგივსებ.
ბელა თაბუაშვილი