მკითხველის მიერ მონათხრობი გულახდილი ამბავი "ხშირად ვკითხულობ აქ თქვენი მკითხველების მიერ მონათხრობ ამბებს და მეც გამიჩნდა ჩემი ამბის გაზიარების სურვილი. არ გამკიცხოთ, თუ სურვილი გაგიჩნდებათ, მირჩიეთ რამე ან გამამხნევეთ და მითხარით, რომ თქვენც ყოფილხართ ჩემს დღეში...
მე და ლიკა ბავშვობის მეგობრები ვიყავით. ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი და გამუდმებით ერთად ვიყავით. ბევრს უკვირდა, ჩვენ გარშემო - რადგან მე საკმაოდ უბრალო ოჯახიდან გახლავართ, ლიკა კი საკმაოზე მეტად მდიდარ ოჯახში იზრდებოდა და პრაქტიკულად, ყოველთვის ყველაფერი ჰქონდა და ყველა სურვილი უსრულდებოდა.
ვფიქრობ, ჩემთან ბევრ საერთოს ნახულობდა, ახლანდელი გადმოსახედიდან, მიყენებდა კიდეც ბევრ რამეში და თავის სათამაშოსავითაც კი ვყავდი ხანდახან. მე კი ალბათ, გულახდილად რომ ვთქვა, გარდა იმისა, რომ მართლა მიყვარდა, მის საოცარ, მდიდრულ გარემოში ყოფნაც მხიბლავდა.
სწავლის დამთავრების შემდეგ ორივემ ჩავაბარეთ - მე საქართველოს უნივერსიტეტში, ლიკამ - უცხოეთში. არდადეგებზე ჩამოვიდა და დიდი ხნის უნახავები შევხვდით ერთმანეთს. სწორედ იმ დღეს, კაფეში გავიცანით ლაშა. მაშინ ლიკას მისთვის ყურადღება არ მიუქცევია, სულ სხვა ბიჭებს უყურებდა - შეატყო, რომ ლაშაც ჩვეულებრივი წრიდან იყო და ასეთი, უბრალო ბიჭები არ ხიბლავდა. სამაგიეროდ, მე მომეწონა ძალიან, მანაც მაგრძნობინა, რომ მოვეწონე და იმ დღის მერე შეხვედრები დავიწყეთ.
ალბათ, ერთი თვე ვხვდებოდით ერთმანეთს. უკვე ნამდვილი შეყვარებულები გვერქვა. ლიკაც თბილისში იყო და ხანდახან ბრაზობდა კიდეც, რომ მე ლაშას მეტ დროს ვუთმობდი. თუმცა როცა ლიკას ვუყვებოდი, რა საოცარი ბიჭი იყო, როგორი ყურადღებიანი და როგორ გამოხატავდა სიყვარულს, ლიკაც მეთანხმებოდა, რომ კარგი არჩევანი გავაკეთე...
მალე მოვიდა ლიკას უცხოეთში გამგზავრების დრო და გადავწყვიტეთ, გაგვეცილებინა. ლაშამ შემომთავაზა, ჩემი მანქანით წავიყვანოთო - ძველებური, ჩვეულებრივი მანქანა ჰყავდა და კი ვიცოდი, ლიკა არ აღფრთოვანდებოდა იმ მანქანით მგზავრობას რომ შევთავაზებდი, მაგრამ მაინც ვუთხარი. რატომღაც დამთანხმდა...
მერე ცხოვრებამ ნამდვილი სიურპრიზი მოაწყო: მოულოდნელად მამაჩემი გახდა ცუდად და საავამდყოფოში გავხდი წასასვლელი, ლიკა უკვე ჩემოდნებით იდგა ლაშას მანქანასთან და ვეღარ შევთავაზე ჩემს შეყვარებულს, რომ მე წამომყოლოდა... ასე გავიქეცი მე საავადმყოფოში, ლაშა და ლიკა კი - აეროპორტში, სადაც მის რეისამდე კიდევ 2 საათი უნდა გაეტარებინათ...
გადაფურცლეთ შემდეგ გვერდზე
{{ArticleSplitCont}}
ახლაც არ ვიცი, რა მოხდა. ვფიქრობ, ლიკა მოიხიბლა ლაშას თვისებებით და იქვე გადაწყვიტა, რომ ასეთი ქმარი უნდოდა... ყველაფერი გააკეთა, რომ ლაშას გული მოეგო, აი ასე, ჩემი გვერდის ავლით. მე თანდათან ვგრძნობდი ამ "შეთქმულებას", ლაშაც თითქოს გამირბოდა, ნერვიულობდა. ახლა დიდი ვარ და ვხვდები, მასაც უჭირდა, ადამიანურად ჩემთან უნდოდა ყოფნა, მაგრამ მეტისმეტად დიდი პერსპექტივები იშლებოდა მის თვალწინ ლიკასთან ცხოვრების დაკავშირებით...
როცა ერთ კვირაში სახლთან საოცნებო მანქანა დახვდა, ბევრი აღარც უფიქრია და... მას მერე ჩემთვისაც არ დაურეკავს, არც მას და არც ლიკას... სხვებისგან გავიგე, როგორ დაბრუნდა ლიკა უცხოეთიდან ძალიან მალე, როგორ იქორწინეს და როგორ დაიწყეს ერთად ცხოვრება...
მას მერე ბევრი წელი გავიდა. მეც გავთხოვდი, უსიყვარულოდ და ძალიან უაზროდ. რამდენიმე წელში დავშორდი ქმარს და ერთი შვილი მარტომ გავზარდე. ახლა ჩემი ბიჭი 10 წლისაა. ლიკას და ლაშას ქალ-ვაჟი ჰყავთ, უფროსი - უკვე 16-ის გახდა...
წლები გავიდა, მაგრამ არც მე დამვიწყებია ის სიყვარული და დიდი ტკივილი, და როგორც აღმოჩნდა, ვერც ლაშამ იპოვა ბედნიერება ფულში. ერთი წლის წინ საიდანღაც გამოქექა ჩემი ტელეფონის ნომერი და დამირეკა... რა თქმა უნდა, ყველა კანონით მე უარი უნდა მეთქვა ყველანაირ ურთიერთობაზე... მაგრამ სიხარულით ცას ვეწიე, ყველაფერი დამავიწყდა და მარტო ის მიხაროდა, რომ თურმე მართლა ვუყვარდი და მხოლოდ ფულის გამო გამცვალა სხვაზე... რამდენიმე დღე მითანხმებდა მაინც შეხვედრაზე, კიდევ ხელახლა ურთიერთობის დაწყება და ახალი ტკივილი არ მინდოდა... მაგრამ დავნებდი...
უკვე წელიწადია ერთმანეთს ვხვდებით. ისე მიყვარს და მასაც ისე ვუყვარვარ, ამის აღწერაც კი არ შემიძლია. უზომო ბედნიერებაა მის გვერდით ყოფნა და თავი ისევ ქალად ვიგრძენი. აბსოლუტურად არაფერს არ ვაპირებთ - გვინდა გავაგრძელოთ ყველაფერი. არც მე მინდა მისი ოჯახის დანგრევა ან ხელახლა დაქორწინება და თანაც, მერე ამ ყველაფერზე ხალხის ალაპარაკება, ისიც თავს ასე გრძნობს კარგად და არც მას უნდა რაიმეს შეცვლა...
შინაგანად მაინც განვიცდი ამ ყველაფერს, მაგრამ მგონია, რომ იმაზე ცუდს, რაც ლიკამ გამიკეთა, ნამდვილად არ ვაკეთებ... თქვენ რას იტყვით?"
ანა, 33 წლის