ბავშვის დასჯის როგორ მეთოდებს იყენებენ მშობლები? ბავშვის აღზრდა რთული პროცესია და ამ ყველაფერს წარმატებულად რომ გაართვას თავი მშობელმა, მოთმინება, ძლიერი ნერვები და ნებისყოფა სჭირდება. ყველამ ვიცით, რა რთულია გაუძლო ყოფით პრობლემებს, ოჯახურ საქმეებსა და პარალელურად გაჯიუტებულ ბავშვებს.
თუმცა მშობლის ვალი სწორედ ის არის, რომ ყველაფრის მიუხედავად, მოერიოს თავს და პირველ ადგილზე სწორედ ბავშვი და მისი ინტერესები დააყენოს.
სამწუხაროდ, მშობლების ზოგიერთი სასჯელი ადამიანებს ზრდასრულობაშიც მტკივნეულად ახსენებს თავს. საერთოდ, მშობლისგან მიყენებული წყენა ადამიანებს ზოგჯერ სიცოცხლის ბოლომდე მიჰყვებათ.
სოციალური ქსელის საშუალებით მშობლებს ვთხოვეთ, გაეხსენებინათ მშობლებისგან მიყენებული სასჯელი, რომელიც დღემდე ახსოვთ. ასევე ვთხოვეთ, გამოეხატათ თავიანთი აზრი, სასჯელის რა ფორმაა მიზანშეწონილი შვილის აღზრდისას. ამ გამოკითხვის მიზანი ისაა, სხვა თვალით შევხედოთ ამ სასტიკ შეცდომებს და მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი შვილები იგივესგან.
ზრდასრული შვილები იხსენებენ სასჯელს, რომლებმაც განსაკუთრებული კვალი დატოვეს მათ მეხსიერებაში.
"სუპს არ ვჭამდი და თავი ჩამაყოფინა, მერე მაინც მაჭამა". "1.7 თვის მყავს პატარა და რომ ვეტყვი, მეწყინა და გაგებუტე-თქო, უკვე ხვდება, რომ დააშავა. უფროსი თაობის შეცდომა ჩემი აზრით, ის არის, რომ ნაკლებად მეგობრულები იყვნენ შვილებთან. თანამედროვე მშობლები კი ზედმეტად დამეგობრებულები არიან. რაღაც გარკვეული დისტანცია უნდა იყოს მშობელსა და შვილს შორის" "მე ასაკით დიდი ვარ, ალბათ მშობლებს ბევრჯერ დავუსჯივარ, მაგრამ დღემდე, მხოლოდ ერთი სასჯელი მახსოვს ძალიან მწარედ. დაახლოებით მე-7 კლასში ვიყავი. შობის ღამეს ყოველთვის მოჰქონდა საჩუქარი ფერიას...ერთ-ერთ საგანში მივიღე სამიანი და ამის გამო დილით შობა იცით რა მომიტანა? - დიდი, გრძელი ჯოხი, ეს იყო ჩემთვი ძალიან მტკივნეული... და - ძმას საჩუქრები მოუტანა, მე კი ჯოხი, ამდენი ცხოვრებაში არ მიტირია, მოგვიანებით საჩუქარი მეც მივიღე, მაგრამ არც მახსოვს რა, მწარედ მახსოვს მხოლოდ ის ჯოხი". "ჩემი ვერ გავიტანე და ოთახში ჩამკეტა... სანამ შემოვიდა, მთელი ოთახი ავაყირავე... წიგნები გადმოვყარე, საბნები ძირს გადმოვათრიე და ამ გროვაზე დავჯექი, დაველოდე დედაჩემის რეაქციას. რითი მცემა აღარ მახსოვს, ან საბერტყელა იყო ან იატაკის ჯოხი "
"სასჯელი არ უნდა იყოს ძალადობრივი. ძალიან ცუდად მახსენდება ერთი ფაქტი. დედა ძალიან გავაბრაზეთ მე და ჩემმა ძმამ, გადაწყვიტა, მოვეტყუებინეთ, ცუდ ვარო და თავი მოიმკვდარუნა, ჩვენ მართალი გვეგონა და დღემდე მახსოვს ის ცუდი განცდა, რომ მეგონა დედა მოკვდა. ახლა თვითონავ ნანობს, ასეთი შტერული მეთოდი შვილთან არასდროს გამოიყენოო, მეუბნება. ინფორმაციის ნაკლებობა იყო მაშინ და ამიტომ უშვებდნენ მშობლები ძალიან ბევრ შეცდომას შვილის აღზრდაში". "სასჯელის სახით ჩემი აზრით მისაღებია იმის აკრძალვა, რაც ბავშვს უყვარს. უფროსი თაობის შეცდომა არის ის, რომ ბავშვის ცემა მისაღები იყო უმეტესობისთვის და უფრო მეტიც, საჭიროდაც მიაჩნდათ. ახალი თაობის მშობლების შეცდომა ის არის, რომ ეკრანთან სვამენ ბავშვებს. ეს ძააალიან დიდი შეცდომაა" "დედაჩემის ერთი ყველაზე დიდი შეცდომა იყო რომ რაღაცას ისე ამიკრძალავდა, მიზეზს არ მიხსნიდა. ჩემი კითხვა, რატომ პასუხგაუცემელი რჩებოდა და მეც შესაბამისად ჯიბრით მაინც ვაკეთებდი იმ აკრძალულს. ძალიანაც ვისჯებოდი, ხან მთელ რვეულს მავსებინებდა წერით, ხან რამეს მომცემდა, რომ მესწავლა და ჩამებარებინა. ხან გამწარებული მეტყოდა საჭმელს არ გაღირსებო და მერე მე თავად აღარ ვაკარებდი პირს საჭმელს. ამიტომ ჩემს შვილს ყოველთვის ყველაფერს ვუხსნი, რას რა შეიძლება მოჰყვეს და მერე თავად წყვეტს გააკეთოს თუ არა. ახალი თაობის მშობლების შეცდომა შვილებს კუმპიუტერთან გადამეტებული ურთიერთობის უფლებას, რომ აძლევენ". "საშინელი ბავშვი იყავიო რომ მეუბნება. რომ აეხსნა და კითხვაზე პასუხი გაეცა, არასდროს დავაგორებდი მაგალითად მეორე სართულის კიბეებიდან "კალიასკას" (მაინტერესებდა კიბეზე ჩაგორდებოდა თუ ამოტრიალდებოდა). არ გავაფუჭებდი ძალიან ბევრ რამეს, ოღონდ აეხსნა. ზოგჯერ შეიძლება თავადაც კი ვხვდებოდი, რა მოყვებოდა საქციელს, მაგრამ ის ფაქტი რომ არ მიხსნიდა, ჭკუიდან მშლიდა და ჯიბრით ვაკეთებდი".
"დღემდე ცდილობს გამაკონტროლოს. მაგრამ ვერ გამოსდის და მეჩხუბება ხოლმე .არასოდეს არაფერი მოსწონს ჩემი: არც ტანსაცმელი, არც ჯდომა, არც დგომა, არც წოლა, არც ჩემი მეგობრები, არც ჩემი თმის ვარცხნილობა....მოკლედ - არაფერი " "ყველაზე ცუდად მახსოვს დასჯა და ყვირილი იმის გამო, რაც არ ჩამიდენია. ჩვენი სახლის სახყრავში ბეღურებს ჰქონდათ ბუდეები. ძალიან მინდოდა ბარტყების ნახვა. ერთხელაც დედა რომ გავიგულე მეზობელთან, მეორე სართულის მილზე ავცოცდი რომ შემეჭყიტა ბუდეში. თითიც კი არ მიმიკარებია. მეზობელმა დამინახა, დამიყვირა რას აკეთებო, ჯერ ხომ ისე შემაშინა კინაღამ ჩამოვვარდი იქიდან, ახლა დედაჩემს მიუტანა ამბავი, რომ ბუდეში ხელი მქონდა შეყოფილი და კვერცხებს ვანადგურებდი. ბოროტი და მავნე მეძახეს.
ფიზიკური დასჯა ბავშვის თვალებით - ყველა მშობლის საკითხავი
დედამ მეზობელს დაუჯერა. არადა ცხოვრებაში არცერთი სულიერისთვის არ დამიშავებია რამე. ერთხელ ხვლიკს გამოვეკიდე, ვიფიქრე დავიჭერ-თქო, მოვეფერები და კუდში ვტაცე ხელი. ხელში მხოლოდ კუდი შემრჩა, რომელიც იკლაკნებოდა, ხვლიკი კი ღობეში გაძვრა. მთელი წლები ვნანობდი საქციელს, მეგონა ის ხვლიკი სასიკვდილოდ გავწირე. მერე ისე გამიხარდა სკოლაში რეგენერაციის თვისებაზე რომ წავიკითხეე. სინდისი დავიმშვიდე"
"თუ რამეს აშავებს, ეკრძალება ის, რაც ყველაზე მეტად უყვარს. მაგ: ჩამოერთმევა ტელეფონი, არ ჩავა ეზოში, არ დაჯდება კომპიუტერთან და ა.შ ასევე კედელზე მაქვს გაკრული ქულების კალენდარი, დღის ბოლოს ვუწერ ქულას იმის მიხედვით, თუ როგორ მოიქცა, კვირის ბოლოს კი ვაჯამებთ და დაგროვილი ქულების მიხედვით ირჩევს საჩუქარს კარგი მეთოდია, ჭრის".
"ის რასაც ჩვენ ყოველდღიურობაში მნიშვნელობას არ ვანიჭებთ ბავშვები კარგად ხედავენ და თავისი საქციელით გვაგრძნობინებენ ჩვენს შეცდომებს. ნებისმიერი უარყოფითი საქციელი რაც მშობლებს არ მოგვწონს მოდის ჩვენგან.ის ვინც ჩემთვის მაგალითია ჩადის ცუდ საქციელს,მაგრამ მისთვის ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და მეც მაგ გარემოოს ნაწილი ვარ და ცუდად არ ვუყურებ ასე მგონია სწორია და უცებ მეუბნებიან მე ცუდად ვიქცევი და კითხვა შენ? ამ დროს არ ვიცი რას ნიშნავს და ვერ ვეპასუხები დაუკვირდით ხშირად ასეა.სიტყვა იდიოტი მჩვევია და ჩემმა შვილმა გაიმეორა მე ავუხსენი ცუდი სიტყვაა - თქო და ცოტა ხანში თავად ვთქვი, მან ბუნებრივია ვერ გაიგო, თუ ცუდი სიტყვაა რატომ ვამბობ ხშირად"."ერთხელ სარეცხი მანქანა შეგნებულად გავაფუჭე ეჭვიანობის ნიადაგზე. ახალი გამოსული იყო ვიატკა და სულ იმის ქებაში იყვნენ, მე მეწყინა, შევედი აბაზანაში და გადასატრიალებელს ჩაქუჩი ჩავარტი და გავაფუჭე. იმ მომენტში არავის ვუცემივარ, უბრალოდ, ყველა გამებუტა და მარტოდ ვიგრძენი თავი. შემდეგ სარეცხი მოგროვდა და თმები მომქაჩა დედამ. აღარ მახსოვდა მანქანის ამბავი, ვერ მივხდი რაზე მეჩხუბა. გულამოსკვნილი ვტიროდი, მამას შევეცოდე და იმ დღესვე წაიღო მანქანა ხელოსანთან და მამასთან ვაღიარე, დედას მანქანა უფრო უყვარს, ვიდრე მე თქო. მას მერე არავის არაფერი უთქვამს ზედმეტი. რა ვიცი, არ მახსენდება, მაგრამ მე ჩემს შვილს რაც არ უნდა დალეწოს, არ ვეჩხუბები. უბრალოდ, ვესაუბრები, რატომ უნდა გაუფრთხილდეს ნივთებს ან ვარიდებ". "ორ წელიწადნახევრით უმცროსი და მყავს და ხშირად ვჩხუბობდით და
დედაჩემი განურჩევლად გვსჯიდა, არ ჰქონდა მნიშვნელობა, ვინ იყო დამნაშავე, ვისჯებოდით თანაბრად, იმიტომ, რომ დებს შორის ჩხუბი აღმოფხვრილიყო
სულ გვეუბნებოდა, ერთმანეთზე ახლობელი არ გყავთ არავინ და არ მაინტერესებს, ვისი ბრალია, დაისჯებით თანაბრად და ისწავლით ჭკუასო, მაშინ ვცოფდებოდი, იმიტომ, რომ სულ ჩემი და იყო ხოლმე დამნაშავე, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან ვამართლებ აბსოლუტურად. ჩემი აზრით, ყველაზე დიდი შეცდომა და გაუმართლებელი ქცევაა ბავშვის გათამამება და "გატუტუცება", არაფერს რომ არ უკრძალავენ, არაფერში ზღუდავენ, არ უყალიბებენ ავტორიტეტს და პრიორიტეტებს და შედეგად ვხდავთ ჩვეულებრივ უზრდელ ბავშვებს...აღსაზრდელი მშობლები - როდის უნდა მივცეთ შვილს შენიშვნა
საზოგადოების თავშეყრის ადგილებში თუ ოჯახებში იმდენჯერ გამჩენია სურვილი მშობლისთვის შემომერტყა და გამომეფხიზლებინა მე სასტიკად ვეწინააღმდეგები ქამრებით ცემას, კარადებში და ბნელ ოთახებში ჩაკეტვებს, სადარბაზოში გაგდებას, თმებით თრევას და ა.შ. ვფიქრობ მკაცრი ტონი და შესრულებული აკრძალვების მუქარა ყველაზე ეფექტურია, რამეს აკრძალვით ან წართმევით ან არ გაშვებით დამუქრებას ერთი-ორჯერ უნდა მოჰყვეს შესრულება, რომ იცოდეს ბავშვმა, რომ მშობელი სერიოზულადაა განწყობილი და შეასრულებს მუქარას. ასევე ვერ ვიტან როდესაც მშობლები სხვადასხვა ბანაკებში არიან, ერთი მკაცრად კრძალავს ან უწესებს ქცევის ნორმებს და მეორე თავზე ხელის გადასმით ანადგურებს პირველის ავტორიტეტს და რა თქმა უნდა არანაირ სასარგებლო შედეგამდე ამას არ მიჰყავთ ჯამში".
ჩვენი რესპონდენტების მიერ მოყოლი კონკრეტული ისტორიები, ნათელი მაგალითია იმისა, რომ პატარა ასაკში მიღებული შთაბეჭდილებები და განცდები ხშირ შემთხვევაში წარუშლელ კვალს ტოვებს ადამიანისთვის მთელი ცხოვრების განმავლობაში, ამიტომ მნიშვნელოვანია მშობელმა კარგად გააცნობიეროს როდის, რატომ და რისთვის სჯის ბავშს.
დასჯასაც თავისი წესი აქვს - რომ არ გამოიწვიოთ მასში ნევროზი, ფობიები, აგრესია...
რუსკა კილასონია