"ეს იმიტომ გამიმხილა, საკუთარმა მამიდაშვილმა, რომ ჩემი ადგილი დაეკავებინა ოჯახში..."
"10 წლის ვიყავი, მამიდა რომ გარდამეცვალა. ბებიამ და ბაბუამ ობლად დარჩენილი 7 წლის შვილიშვილი ჩვენთან მოიყვანა გასაზრდელად. მაშინ ჩათვალეს უფროსებმა, რომ ლიზას ძმები და მამა სათანადო ყურადღებას ვერ მიაქცევდნენ. ოჯახში დიდი და პატარა, ჩემი ჩათვლით, ლიზას დაჰფოფინებდა თავს.
დედაჩემი პირველ რიგში მას ამზადებდა სკოლისთვის, ყველანაირად ცდილობდა, რომ უდედობა არ ეგრძო. მეც მახარებდა მასთან ურთიერთობა და ვთვლიდი, რომ ნანატრი და გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში. ბავშვურად არაერთხელ გვიკინკლავია, გვიტირია, თუმცა ბოლოს ყველაფერი კარგად მთავრდებოდა.
ამ სიამტკბილობის შემდეგ, შეიძლება ძნელი წარმოსადგენია, რაც უნდა მოგიყვეთ, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად ჩვენს ურთიერთობებში ბზარი გაჩნდა. ლიზა იმდენად შეეჩვია თავზე ხელის გადასმას, გადაწყვიტა, ეს ყველაფერი სათავისოდ გამოეყენებინა. მიუხედავად იმისა, რომ გაიზარდა, ის ბებია და ბაბუასთვის მაინც ობოლი შვილიშვილი იყო. დედა სულ მეუბნებოდა, რომ დამეთმო... ასე გრძელდებოდა დიდხანს, სანამ 18 წლის არ გავხდი და ლუკა არ შემიყვარდა... თავიდან ბავშვურად ვმალავდით ჩვენს ამბავს, თან მერიდებოდა მშობლებთან ამ თემაზე საუბარი... ლიზა ერთადერთი იყო, ვისაც ვუთხარი. თითქოს შევამჩნიე, რომ დიდად გახარებული არ იყო ამ ამბით, მაგრამ გაფიქრებაც კი ვერ გავბედე, ჩემი შურს-თქო.
ყურადღება არ მივაქციე მის უხასიათობას, მანამ სანამ ჩემს მშობლებთან არ დაიწყო ჩემს საიდუმლოებებზე საუბარი, განა რა მქონდა ისეთი საიდუმლო... საბოლოოდ იმდენი მოახერხა, რომ დედამ და მამამ ლუკას დამაშორეს.
თავიდან ვერ ვხვდებოდი, რატომ არ უნდოდა ჩემთან შეხვედრა ლუკას, ის არაფერს მეუბნებოდა, გამირბოდა... რადგან ვერაფერს გავხდი, თავი დავანებე, თუმცა მაინც არ მასვენებდა ფიქრი, რა მოხდა... საბოლოოდ სიმართლემ თავი არ დამალა და სკოლის დერეფანში ყური მოვკარი, ლიზა ეუბნებოდა თავის დაქალს, ბიძია გავაგიჟე და ლუკას მიუვარდაო. ეგენი ერთად არასდროს იქნებიანო.
ვეღარ მოვითმინე და მხარზე ხელი ვკარი, გამაგებინე, რას ხლართავ-თქო, კიდევ აქეთ მამშვიდებდა, შენთვის ასე აჯობებდაო. საბოლოოდ ჩვენი ჩხუბი იქამდე მივიდა, რომ ლუკაც დამავიწყდა და ყველაფერი... ძალიან ცუდ დროს, ძალიან ცუდად მითხრა, რომ თურმე ნაშვილები ვარ, რომ თურმე ჩემი ნამდვილი მამა ლოთია, დედამ კი ადვილად გამიმეტა!!!
"მიყიდეს თუ ბავშვთა სახლიდან წამომიყვანეს" - ნაშვილები ბავშვების ტკივილი და ფსიქოლოგიური ახსნა
იმ დღეს ატირებული კიბეებზე დავგორდი, თვალი რომ გავახილე, საავადმყოფოში ვიყავი ტვინის შერყევით... ბუნებრივია, გამზრდელი მშობლებისთვისაც არანაკლებ მტკივნეული იყო იმის გაფიქრება, რომ ლიზას ჩემი სახლიდან გაგდება უნდოდა... ლიზას, რომელსაც ჩემსავით უწევდნენ დედეობასაც და მამობას... საავადმყოფოდან რომ გამწერეს, ის ბებიას უკვე წაეყვანა თავის ძმებთან და მამასთან... მოგვიანებით გავიგე, როგორ ეუბნებოდა თურმე ჩემს ოჯახს, მე ვიქნები თქვენი შვილი, თქვენი სისხლი და ხორცი მე ვარო...
ამ წერილის გასაჯაროება იმიტომ გადავწყვიტე, რომ ათი წლის შემდეგ გუშინ პირველად დამირეკა და მთხოვა, რომ ვაპატიო. არ ვიცი როგორ მოვიქცე. დაეჯერება კი ასეთ ადამიანს სინანულის?"
ნათია, 28 წლის