ზოგს არ მოსწონს, გოიმებს. მე კი მგონია, რომ ვისაც ტატუ აქვს, მაგარი გემოვნებიანია... ამ საუბარს საპარიკმახეროში შევესწარი და ძნელი იყო მისთვის გვერდის ავლა:
- ვა, რა მაგარი ტატუ გაქვს! რა არის ეგ?
- გულისცემაა, კარდიოგრამა. ზედ კი ჩემი შვილების ინიციალებია. თვითონ გამაკეთებინეს. დე, ახლა მაგრა მოდაშია ტატუები და შენ რატომ არ უნდა გქონდესო.
- აუ, მეც მინდა, თან მაგრად... სამი შვილი მყავს, სამივეს სახელი ს-ზე იწყება და მათ ინიციალებს დავიწერ...
- კარგი იდეაა.
- ჰო, აბა. ზოგს არ მოსწონს, გოიმებს. მე კი მგონია, რომ ვისაც ტატუ აქვს, მაგარი გემოვნებიანია...
საუბარი კიდევ დიდხანს გაგრძელდა, თუმცა ჩემთვის აღარ იყო საინტერესო. შინ მოსულმა ინფორმაცია მოვიძიე და აღმოჩნდა, რომ მსოფლიო მასშტაბით ყოფილა მოდური მშობლების მიერ შვილების "პატივსაცემად" გაკეთებული ტატუები.
საერთოდაც, ტატუმანია რა ხანია სამყაროს "შეეყარა" და მას ბოლო დროს მეტისმეტი სიჩქარით აუწყო ფეხი ქართულმა საზოგადოებამ, რომელიც ძალიან სწრაფად ითვისებს ამგვარ სიახლეებს. თუ ადრე ერთი-ორ ადამიანს ნახავდი სვირინგებით და ამით იოლად აკეთებდი დასკვნას, რომ ის ციხეგამოვლილი იყო, ახლა ლამის ყოველ ფეხის ნაბიჯზე ნახავ ბიჭებსა და გოგონებს ტატუებით, თითოთი თუ რამდენიმეთი. ცნობილმა ადამიანებმაც აქტიური პროპაგანდა გასწიეს და ასე იქცა ტატუ მოდურ "მიმდინარეობად". აღმოჩნდა, რომ მან უკვე მშობელთა პუბლიკაც მოიცვა.
ბოლო კვლევების თანახმად, 18-დან 50 წლამდე ასაკის ამერიკელების დაახლოებით 35%-ს მინიმუმ ერთი ტატუ აქვს. მამაკაცებისა და ქალების რაოდენობა თითქმის თანაბარია. გაცილებით მეტი ტატუირებულია მაღალ ასაკობრივ ჯგუფში – 25-29 წლისებში). ამას ტატუსალონებშიც ადასტურებენ, სადაც ბოლო დროს იმატა ბავშვებთან ერთად მისულმა ადამიანებმა.
ზოგს სურს, ბავშვის პორტრეტი ამოისვირინგოს, ზოგი ინიციალებს იკეთებს სამუდამოდ, ან პატარის ანაბეჭდებს, ნათითურებს, დაბადების თარიღს, სხვა კი უფრო შორს მიდის და ბავშვის მიერ დაჯღაბნილ ტექსტს ან ნახატს ისვირინგებს.
P.S. ჩვენ არ ვამბობთ, ეს კარგია თუ ცუდი. უბრალოდ, ფაქტს აღვნიშნავთ, დასკვნები მკითხველებისთვის მოგვინდვია. თუმცა მეტი ინფორმაციისთვის კიდევ ერთი სტატიის წაკითხვას გთავაზობთ ტატუების შესახებ.
ნია ნინიაშვილი