ქართულ რეალობაში ძალიან ბევრი შემთხვევაა, როცა მშობელი უპირატესობას ანიჭებს უმცროს ან უფროს შვილს, ან სულაც - ვაჟს...
ქართულ რეალობაში მშობლების მიერ შვილებითვის ქონების გადანაწილება ხშირად არის სადავო საკითხი. გავრცელებული პრაქტიკით, მშობლები საკუთარ ქონებას უმცროს ვაჟს უტოვებენ, ან თუ ქალ-ვაჟი ჰყავთ - უპირატესად ვაჟს, იშვიათად ხდება, როცა მათი ქონება თანაბრად ნაწილდება თითოეულ შვილზე. იმისა გასარკვევად, თუ რას გვთავაზობს ამ კუთხით კანონი, mshoblebi.ge იურისტ ჟანა ჩიქოვანს ესაუბრა.
- ქონების გადაცემისას კანონით არანაირი უპირატესობით არ სარგებლობს არც უფროსი შვილი, არც უმცროსი და არც ბიჭი შვილი. ეს დამოკიდებულია მშობლის ნებაზე. მშობლებიდან შვილებზე ქონების გადაცემის ვალდებულება არ არსებობს. ერთადერთი შემთხვევა ეს არის, როცა მშობელი ხდება მამკვიდრებელი და შვილებს, როგორც მემკვიდრეებს გადაეცემათ ქონება, როცა მშობელი გარდაიცვლება. თუკი ანდერძი არსებობს, იმ შემთხვევაში მემკვიდრეობა გადაიცემა ანდერძის მიხედვით, მაგრამ თუ კანონიერ მემკვიდრეებს არ მოიხსენიებს ანდერძში, პირველი რიგის მემკვიდრეებს (პირველი რიგის მემკვიდრეები არიან: გარდაცვლილის შვილები, მეუღლე, მშობლები) შეუძლიათ სავალდებულო წილის მიღება. ეს სავალდებული წილი გათვალისწინებულია კანონმდებლობით.
- სავალდებულო წილი წარმოადგენს სამკვიდროს იმ ნაწილის ნახევარს, რომელიც ერგებოდა მამკვიდრებლის შვილებს, მეუღლეს ან მშობლებს, იმ შემთხვევაში, თუ არ იარსებებდა ანდერძი და სამკვიდროს განაწილება მოხდებოდა კანონით მემკვიდრეებზე. სავალდებულო წილი ნიშნავს, რომ მემკვიდრე მიიღებს კანონით გათვალისწინებული წილის ნახევარს. მაგალითად, ჰყავს მშობელს სამი შვილი და დაწერა ანდერძი მხოლოდ ერთზე. ანდერძი რომ არ ყოფილიყო დაწერილი, სამი შვილიდან თითოეული მიიღებდა ქონების ერთ მესამედს, მაგრამ რადგან ანდერძი დაიწერა, მაშინ თითოეულ არაანდერძისეულ მემკვიდრეს ეკუთვნის ერთი მესამედის ნახევარი.
რუსკა კილასონია