" ჩემი ორი უფროსი და (მამის მხრიდან) ზუსტად ასე გავიცანი, როგორც ვიკამ კატო და ლიკუნა გაიცნო" მსახიობი ია ვახანია სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" წლების წინ მოხვდა და დღემდე მონაწილეობს, ის კატო კირვალიძის ნახევარი და - ვიკა კირვალიძეა. მაყურებელი მისი პერსონაჟის შესახებ ხშირად აღნიშნავს, რომ სერიალის ქალბატონებისგან განსხვავებულ სახეს ქმნის - პოზიტიური და არაბობოქარი გმირია. ბოლო სერიებში ვიკა გააქტიურდა - მის ცხოვრებაში შეყვარებული გამოჩნდა. ია ვახანია AMBEBI.GE-ს მკითხველს ახლა საკუთარ თავსა და როლზე ესაუბრება.
"ვიკა კირვალიძე ჩემი პირველი ეკრანული როლია. თეატრალური უნივერსიტეტის მეორე კურსზე ვსწავლობდი, როდესაც სერიალის კასტინგ-რეჟისორი - ეკა მჟავანაძე დამიკავშირდა. რუსულენოვანი, სლავური გარეგნობის გოგო დასჭირდათ. კასტინგი გავიარე, ოღონდ, ჯერ ფილმზე დამამტკიცეს. ამიტომ, ვიკა კირვალიძეს ჩემს პირველ ეკრანულ სიყვარულად აღვიქვამ. მერე უკვე სერიალშიც მოვხვდი.
გამიმართლა - მეორეკურსელი ფილმში გადამიღეს. ძალიან მიყვარს ჩემი ვიკა, რაც ამას წინათ სცენარისტ ქეთი დევდარიანსაც ვუთხარი...
თან, ვიკას ამბავი ჩემსას ჰგავს, რადგანაც ჩემი ორი უფროსი და (მამის მხრიდან) ზუსტად ასე გავიცანი, როგორც ვიკამ კატო და ლიკუნა გაიცნო. როდესაც სცენარი წავიკითხე, გავოგნდი, - ასეთი დამთხვევა, დიდი იშვიათობაა. ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ფილმში - კარი გაიღო და ჩემი დები შემოვიდნენ. მაშინ 6 წლის ვიყავი, შუათანა და - 9 წლის, უფროსი უფრო მეტის.
- ბებია, დედის დედა (გალინა ზაპრუდნაია) მყავდა რუსი. სამწუხაროდ, ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. 16 წლის იყო თბილისში რომ ჩამოვიდა, ჯერ მუსიკალურ სასწავლბელში სწავლობდა, მერე კონსერვატორია დაამთავრა. 30 წელი საქართველოს სახელმწიფო კაპელის დამსახურებული სოლისტი და დამსახურებული არტისტი იყო.
ჩემს როლს ბებიას ვუძღვნი. არა იმიტომ, რომ ახლა გარდაიცვალა, უბრალოდ, ძალიან უხაროდა ჩემი მსახიობობა, სერიალში მონაწილეობა. მეუბნებოდა, - შვილო, შენი გმირი როდის დაიწყებს ქართულად ლაპარაკს?.. მაგრამ ამას ვერ მოესწრო, თუმცა ზუსტად ვიცი, რომ ბებია იმას ხედავს, რასაც ახლა ვაკეთებ.
ისიც უნდა გითხრათ, რომ "თეატრალურამდე" "უცხო ენები" მაქვს დამთავრებული, რუსული ენის ფილოლოგი ვარ. იქ თეატრალურ უნივერსიტეტამდე ვსწავლობდი. "თეატრალურში", რუსულ ჯგუფში 2010 წელს ჩავაბარე და ანდრო ენუქიძის ჯგუფი დავამთავრე. განაგრძეთ კითხვა