"ისე ვარ დაზაფრული, ბავშვებსაც რომ ვუყურებ, თავი ძიძა მგონია და არა მათი ბებია..."
"ნათქვამია, შვილის გამო რას არ გააკეთებს მშობელიო, მეც ამ აზრით ვცხოვრობდი აქამდე და სწორედ ამიტომ დავთახმდი ჩემს გოგონას, დავხმარებოდი ბავშვების აღზრდაში. თუმცა, როგორც აღმოჩდა, ამისთვის არც ძალა მყოფნის ახლა და არც ნებისყოფა. იმ ასაკში ვარ უკვე, რომ ფეხზე დამდგარს მეძინება, თან წნევები მაწუხებს და მუდმივად წამლები მჭირდება.
ქალიშვილი უხოელს გაჰყვა და ათი წელია ჰოლანდიაში ცხოვრობენ. თავიდან რამდენიმე წელი ბავშვის გაჩენაზე არ ფიქრობდნენ, ჩემი სიძეც მასავით კარიერისტი აღმოჩნდა. საქართველოდან ოჯახის წევრები და ახლობლები არ ვასვენებდით. ძალიან გვინდოდა პატარა ჰყოლოდათ. ქორწინებიდან ხუთი წლის თავზე გაჩნდა სარა, რომელსაც ძიძა აუყვანეს და ისე გაზარდეს, თუმცა დიდად კმაყოფილი არ იყვნენ ძიძებთან თანამშრომლობით და გადაწყვიტეს, მე წავეყვანე საქართველოდან. მას შემდეგ, რაც სარამ ბაღში სიარული დაიწყო, ყოველ არდადეგებზე მიწევდა ისევ ჩასვლა. მიგზვნიდნენ ბილეთის თანხას და ასე ჰაერში გამოკიდებული ყოფა მქონდა 65 წლის ქალს. როცა მაქსი დაიბადა, გადაწყვიტეს, მთელი წლით წავეყვანეთ იქით. ამ ასაკში საკუთარი სახლის დატოვება და უცხო ქვეყანაში გამგზავრება, გადასახლებას უფრო ჰგავდა ჩემთვის, ვიდრე შვილთან საცოვრებლად ჩასვლას. მაგრამ ნინოს, აბა, უარს როგორ ვეტყოდი...
ძალიან ცუდად იმოქმედა ჩემზე ფრენამ, ემოციურმა დატვირთვამ და ერთ კვირა დასჭირდა ჩემს აზრზე მოყვანას... ალბათ არ იქნება ძნელი დასაჯერებელი, რომ ამ ასაკში სრულიად უცხო გარემოში მოხვედრა, როცა არ იცი ენა, წყდები შენს ახლობლებს, მეგობრებს, ქართულ გარემოს, თუნდაც იმავე ტელევიზორს, ინფორმაციას და აღმოჩნდები იქ, სადაც არ იცი არავისი ენა, მთელი დღე გამოკეტილი ხარ ბავშვებთან, რომლებმაც ასევე ძალიან ცუდად იციან შენი ენა და პრაქტიკულად ვერაფერს აგებინებ. შვილს უყურებ მხოლოდ საღამოობით და ისიც - სულ სადღაც ეჩქარება, სულ საქმე აქვს და შენთვის არ სცალია...
გარდა ამისა, ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა, რასაკვირველია...
ნინო და ბენი დილით ადრე გადიან სახლიდან. სარაც თან მიჰყავთ და ბაღში ტოვებენ. ბაღიდან ავტობუსს მოჰყავს ბავშვი და სარაც ჩემი მისახედი ხდება. ისე ვიღლები, რომ მაქსისთვის პამპერსი არასწორად რამდენჯერ ჩამიცმევია, რამდენჯერ ჩაძინებული გავუღვიძებივარ მის ტირილს. ხომ წარმოგიდგენიათ, 6 თვის პატარას როგორი მოვლა სჭირდება. გამოყრუებული ვარ. ჩემთვის არ არსებობს მეზობელი, სახლიდან ვერ გავდივარ. ოთახში ვარ ფაქტობრივად გამოკეტილი. მითხრეს, რომ თუ რამე დამჭირდება, დავურეკო. ვფიქრობ, საკუთარ ქვეყანაში ასე არ გამიჭირდებოდა შვილიშვილების გაზრდა, მაგრამ იქ მარტოსულად ვგრძნობ თავს. სამსახურიდან მოვლენ თუ არა, ბავშვებს ნახევარი საათით გაეთამაშებიან და მერე გასართობად მიდიან, ან სადმე სტუმრად. შაბათ-კვირას კი სკვერებში მიჰყავთ ბავშვები, თუმცა მე არ მივყვები, რადგან დასვენება და გამოძინება მირჩევნია. ძალიან მიძნელდება ვუთხრა ჩემს შვილს, რომ აღარ შემიძლია მისი დახმარება და ბავშვების გაზრდა უცხოეთში. მიკვირს, ამას თვითონ როგორ ვერ ხვდება. ამას წინათ მითხრა: ისე კარგად უვლი შვილიშვილებს, რომ წამოიზრდებიან და სკოლაში არდადეგები ექნებათ, სულ მოგიწევს მათთვის ჩამოფრენაო. ჩემი შვილი ფიქრობს ალბათ, რომ სულ ვიცოცხლებ. რაც გინდათ ის დაარქვით ჩემს საქციელს, მაგრამ არ შემიძლია ასე გაგრძელება... ყველაფერზე მეტად გულს ის მტკენს, რომ ის მე, როგორც ბავშვებს ძიძას ისე მავალდებულებს ყველაფერს... მიჭირს აღიარება, მაგრამ მოხუცს მეც მინდა ყურადღება შვილებისგან და ზრუნვა. ცოცხალი რომ არ ვიყო, ბავშვებისთვის ხომ მოიძებნება მომვლელი... ისე ვარ დაზაფრული, ბავშვებსაც რომ ვუყურებ, თავი მათი ძიძა მგონია და არა ბებია...
რამდენიმე დღის წინ საქართველოში ჩამოვედი, საპენსიო ბარათს გაუვიდა ვადა და უნდა გამოვცვალო. გული მისკდება იმაზე ფიქრით, რომ უკან უნდა გავფრინდე. მეგონა, მარტო მე ვიყავი ასეთ გაწამაწიაში. მოვუყევი ჩემი ამბები მეზობლებს და ნაცვლად იმისა, რომ დავემშვიდებინე, სულ გადამრიეს, არ ვიცი რას მერჩოდნენ, ასე მითხრეს: ნაზი, ახლა მოდააშია ბებიების ძიძებად წაყვანა საზღვარგარეთო, მხოლოდ შენ კი არ ხარ მაგ დღეშიო...
მირჩიეთ რამე! როგორ ვუთხრა ჩემს შვილს, რომ ვეღარ ვიქნები ასე ცაში გამოკიდებული... თან არ მინდა, გული ეტკინოს... "
ნაზი, 70 წლის