"ბიჭი პირველად ჩაეხუტა რობოტს და ცივ ლოყაზეც კი აკოცა..." ერთი რიგითი ძიძა-რობოტ პუერისთვის ეს ყველაზე ბედნიერი საღამო იყო. სანამ ცას შესცქეროდა, ყველა ის ბედნიერი თავგადასავალი ახსენდებოდა, რაც პატარასთან ერთად გადახდა... ყველაფერი კი აი, ასე დაიწყო:
გაზაფხულის ერთ მშვენიერ დილას ახალგაღვიძებული პატარ ჯორჯი თვალების ფშვნეტით გაემართა მისაღები ოთახისკენ. წინა საღამოს მან მშობლების საუბარს მოჰკრა ყური: ისინი სტუმრად მეზობელ ქალაქში უნდა წასულიყვნენ და ჯორჯს, როგორც ყოველთვის, მთელი დღის გატარება ძიძა-რობოტ პუერთან მოუწევდა. აჩქარებით მიაბიჯებდა პატარა ბიჭუნა, არ სურდა დედ-მამა მასთან დაუმშვიდობებლად გამგზავრებულიყო. მშობლები უკვე კარის ზღურბლთან იდგნენ, როცა აქოშინებული ჯორჯი დაინახეს.
- როგორც იქნა, გაიღვიძე, ჩემო პატარავ, - გულში ჩაიკრა დედამ.
მამამაც ალერსიანად აუწეწა ქოჩორი.
- აბა, შენ იცი, ჭკვიანად იყავი ჩვენს დაბრუნებამდე, პუერს დაუჯერე! ჩვენ ხვალ ჩამოვალთ და საჩუქრებსაც ჩამოგიტანთ. - თქვა დედამ და მამას გადახედა.
- ჰო, ჰო, აუცილებლად, - დაეთანხმა ის.
ძიძა-რობოტიც იქვე იდგა და მდუმარედ ისმენდა ყველაფერს.
ჯორჯის მშობლები ავტომობილში ჩასხდნენ. მანქანა დაიძრა და სულ მალე თვალს მიეფარა.
ჯორჯმა პუერს ახედა, რობოტის პირქუში სახე მას ყოველთვის უსიამოვნო გრძნობებს უღვიძებდა.
- საუზმის დროა! - ჟღრიალა ხმით აუწყა პუერმა.
ბიჭუნა მორჩილად გაჰყვა სამზარეულოსკენ. წახემსების შემდეგ ეზოში გავიდნენ. სახლი ქალაქის განაპირას იდგა და ეზოს ბოლო ტყეს უერთდებოდა. ჯორჯის ინტერესს ყოველთვის იპყრობდა ცამდე აზიდული ხეების მიღმა მყოფი იდუმალი სამყარო, თუმცა ტყეში გასეირნება აკრძალული ჰქონდა.
- პუერ, მოდი, იქით წავიდეთ, - მოუხმო ლითონის ძიძას.
რობოტი უზარმაზარი ნაბიჯებით გაემართა ბიჭუნასკენ.
- ტყეში არ შეიძლება! - გაისმა ჟღარუნა ხმა, მაგრამ ჯორჯს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი ყველაფერი.
- შენი პატრონი მეც ვარ და ჩემი ბრძანებებიც უნდა აასრულო! - შეეპასუხა ის. პუერი დაემორჩილა.
ერთად გაეშურნენ საოცნებო ტყისკენ. ბიჭუნა გახარებული მიაბიჯებდა. რობოტსაც თითქოს ინტერესი დასტყობოდა უმეტყველო სახეზე. იგი ხომ სახლისა და ეზოს გარეთ არასოდეს გაეყვანათ! პირდაპირ შეფუთული მიიტანეს ქარხნიდან და მას შემდეგ ერთგულად ემსახურება ამ ოჯახს.
- პუერ, შენ არ გიხარია ტყეში გასეირნება? - უეცრად ჰკითხა ბიჭმა. რობოტი პასუხს აყოვნებდა, ის არ იყო შეჩვეული თავისი გრძნობებისა და სურვილების გამოხატვას. ჯორჯი პირველი გახლდათ, ვინც მისი რობოტული ფიქრებით დაინტერესდა.
- მიხარია! - მიუგო მოკლედ.
პუერი მართლაც გახარებული იყო, როგორც შეუძლია გაუხარდეს რობოტს.
უეცრად ბუჩქებში რაღაც აშრიალდა და ამოძრავდა. ჯორჯი შეშინდა და რობოტს აეკრო. ფოთლებიდან კურდღელი ამოხტა და სწრაფად მოკურცხლა. ცოტა ხანში საიდანღაც მელამ ჩამოირბინა. ისიც ვიღაცას გაურბოდა. ამაში უცნაური არაფერი იქნებოდა, რომ არა ცხოველების უჩვეულო შეფერილობა: კურდღელი მწვანე ფერის იყო, მელას კი ფირუზისფრად უელავდა ბეწვი.
პუერი და ჯორჯი დიდხანს იდგებოდნენ გაოცებულები, ერთ მოხუც ქალს რომ არ ჩამოევლო. მას ხელში ხის გალია ეჭირა და სადღაც მიიჩქაროდა. ზედაც არ შეხედა იქვე მდგომ ძიძასა და მის აღსაზრდელს.
- მოდი, ამ ქალს უკან გავყვეთ, - წასჩურჩულა ჯორჯმა პუერს. ისიც დასთანხმდა და ჩუმად აედევნენ.
მოხუცი მდინარისკენ მიიჩქაროდა. ნაპირთან მისვლისას ქალმა რაღაც წაიბურტყუნა და უეცრად წყლიდან ქვის ბილიკი ამოიზიდა. მოხუცმა სხარტად გადაიარა ქვები, ჯორჯი და პუერიც უკან მიჰყვნენ და მეორე ნაპირთან უცნაურ, კარიან გამოქვაბულს წააწყდნენ.
პუერი ძლიერი იყო. მიაწვა კარს და გაღება სცადა, მაგრამ ამაოდ. რობოტისთვის თანდათან უფრო საინტერესო ხდებოდა ეს გასეირნება. ამ პატარა ბიჭუნას მიმართ მადლიერების გრძნობა გაუჩნდა, მთელი დღე მოწყენით ყოფნას რომ გადაარჩინა. ჯორჯმა და პუერმა უკან დაიხიეს და გადაწყვიტეს ქალის გამოჩენას დალოდებოდნენ. ისიც სულ მალე გამოვიდა გამოქვაბულიდან და ხეების უკან გაუჩინარდა. ახლა ჯორჯმა სცადა ბედი. კარს მსუბუქად მიაწვა და ჰოი, საოცრებავ, ის გაიღო! თავგადასავლების მაძიებლები გამოქვაბულში შევიდნენ.
ის ნაირნაირი გალიებით იყო სავსე და შიგნით ათასფერი ცხოველები იყვნენ გამომწყვდეულები.
- მოდი, გავათავისუფლოთ ისინი! - პუერს მიმართა ბიჭუნამ. რობოტს ჯორჯზე მეტადაც კი სურდა ეს.
დაიწყეს გალიების გაღება. გახარებული არსებები რიგრიგობით გადიოდნენ გამოქვაბულიდან და ტყის სიღრმეში უჩინარდებოდნენ. ბოლოს ერთი გალიაღა დარჩა, რომელშიც უჩვეულოდ მანათობელი პეპელა იყო დამწყვდეული. ვერაფრით გააღეს მისი საპყრობილე.
- თან წავიყვანოთ, - გადაწყვიტა პატარა ჯორჯმა. პუერმა უზარმაზარი ხელები დაავლო გალიას და გასასვლელისკენ გაემართნენ. კარში განრისხებული მოხუცი შეეფეთათ.
- როგორ გაბედეთ და ჩემი ცხოველები გაუშვით, ახლავე მომეცით ეს გალია! - აყვირდა ის.
პუერმა უცბად კისერზე შემოისკუპა ბიჭუნა და უზარმაზარი ნაბიჯებით მოკურცხლა. მოხუცი გაეკიდა. ის უჩვეულოდ სწრაფად გარბოდა, თუმცა ლითონის კონსტრუქციასთან ვერაფერს გახდა, თანდათან ჩამორჩა და თვალს მიეფარა.
პუერმა კოდევ გაირბინა ცოტა მანძილი და გაჩერდა. უკვე დაღამებულიყო. ცას ათასობით ვარსკვლავი ანათებდა. პეპელა კიდევ უფრო ბრწყინავდა ღამის წყვდიადში. მოჯადოებული გალია იმდენად შორს წამოეღოთ გამოქვაბულიდან, რომ მოხუცის წყევლა გაქარწყლებულიყო და გალიის კლიტე თავისით გაღებულიყო. პუერმა პეპელა გაათავისუფლა. ის მთვარისაკენ აფრინდა და დიდხანს მოჩანდა მანათობელ წერტილად.
პუერი და ჯორჯი ძალიან კმაყოფილები იყვნენ ამ უჩვეულო თავგადასავლით. რობოტისთვის ეს მართლაც უბედნიერესი საღამო იყო. შინისაკენ მიმავალ გზას ფოლადის ძიძამ ადვილად მიაგნო. თურმე, სულ ახლოს იმყოფებოდნენ ეზოს ბოლოსთან. პუერმა ავახშმა მოშიებული პატარა და ძილისათვის გაამზადა. ჯორჯი პირველად ჩაეხუტა რობოტს და ცივ ლოყაზეც კი აკოცა. ამ თავგადასავალმა ისინი ძალიან დააახლოვა. ამიერიდან ერთმანეთთან ყოფნა მომაბეზრებელი მოვალეობა აღარ იყო. ჯორჯი და რობოტი პუერი განუყრელ მეგობრებად იქცნენ.
ნანა თევდორაძე