ვულგარული ფერიმჭამელა ანუ ფერიმჭამელა ერთ-ერთი ყველაზე ხშირი დერმატოლოგიური პრობლემაა, რომელიც ძირითადად გვხვდება სქესობრივი მომწიფების ასაკში.
ვულგარული აკნე, ანუ ფერიმჭამელა წარმოადგენს კანის ქრონიკულად მიმდინარე დაავადებას.
ვულგარული ფერიმჭამელა ერთ-ერთი ყველაზე ხშირი დერმატოლოგიური პრობლემაა, რომელიც ძირითადად გვხვდება სქესობრივი მომწიფების ასაკში და აზიანებს სახისა და სხეულის ზედა მესამედის კანს, ანუ იმ უბნებს სადაც დიდი რაოდენობით ცხიმოვანი ჯირკვლებია განლაგებული.
აკნეს მკურნალობამდე აუცილებელია, გავარკვიოთ, რა ტიპის აკნესთან გვაქვს საქმე:
არაანთებითი აკნე - ეს აკნეს შედარებით მარტივი ფორმაა, რომელიც, შესაძლოა, თავადვე გაქრეს, თუმცა არსებობს შანსი იმისა,რომ სიწითლეები კვლავ არაანთებით ლაქებად ან შავ წერტილებად გადაიქცეს.
შავი წერტილები - როდესაც ფორები ღია მდგომარეობაშია, კანში არსებული ცხიმი "მჟავდება" და შავი წერტილების სახით ილექება.
თეთრი წერტილები - როდესაც ცხიმი და ბაქტერიები კანქვეშ ილექება, ჩნდება თეთრი წერტილები. ისინი ზოგჯერ იმდენად პატარაა,რომ შეუიარაღებელი თვალით თითქმის შეუძლებელია მათი დანახვა.
ანთებითი აკნე - როდესაც შავი და თეთრი წერტილები არ ხორცდება და არ ხდბა კანის რეგენერაცია, ფოლიკულები (ბუშტები) შეიძლება გასკდეს, რასაც ანთებით აკნემდე მივყავართ.
10-დან 8 თინეიჯერს უვითარდება ჩამოთვლილთაგან რომელიმე ტიპის აკნე, ამიტომ, მშობლებო, აუცილებელად მიაქციეთ ყურადღება, რამდენად კარგად არის გამოხატული გამონაყარი და რამდენი ხანი გრძელდება ის. ამ ასაკში, ძირითადად, ვულგარული აკნე უვითარდებათ, რისი მიზეზიც შეიძლება იყოს:
• ჰორმონალური ცვლილებები სქესობრივი მომწიფების ან ფეხმძიმობის პერიოდში;
• გენეტიკური ფაქტორები;
• არასაკმარისი ჰიგიენა
• არასწორად შერჩეული კანის მოვლის საშუალებები;
• ნივთიერებათა ცვლის სხვადასხვა ტიპის დარღვევები და ა. შ.
აკნე მხოლოდ გამონაყარი არაა და პრობლემას მხოლოდ გარეგნობის გამო არ ქმნის. ამიტომ, თუ თქვენს შვილს ეს პრობლემა აქვს, არ ფოკუსირდეთ მხოლოდ იმაზე,თუ როგორ უმკურნალოთ, მას თქვენი თანადგომაც ესაჭიროება,რადგან აკნეს დროს ადამიანს აღენიშნება:
დაბალი თვითშეფასება- ასეთ დროს თავს არაკომფორტულად გრძნობს. ხვდება, რომ ისე კარგად არ გამოიყურება, როგორც ადრე. ასეთ დროს თინეიჯერები ცდილობენ, ნაკლებად ჰქონდეთ კონტაქტი სხვა ადამიანებთან, გააცდინონ სკოლა და ა. შ
დეპრესია - ხშირად აკნეს სახლის პირობებში მკურნალობა უშედეგოა ხოლმე. თუ აკნე დიდხანს გაგრძელდა, ადამიანი შეიძლება თავის თავში ჩაიკეტოს კიდეც, რაც დეპრესიის ერთ-ერთი წინაპირობაა. ასეთ დროს ბავშვები იზრდიან თმას, რათა სახე დაფარონ ან საუბრისას ერიდებიან თვალებში ყურებას.
აკნეს მკურნალობის უამრავი მითი არსებობს, ამიტომ აუცილებელია, სწორად განვსაზღვროთ, რასთან გვაქვს საქმე და შემდეგ, მოვარგოთ მკურნალობის რომელიმე ტიპი. დაავადების განვითარების მექანიზმიდან გამომდინარე, სებორეა / აკნე ესთეტიკური ენდოკრინოლოგიის პრობლემას წარმოადგენს. ამის კვალობაზე, მისი წარმატებული მკურნალობის აუცილებელი პირობაა ჰორმონული დისბალანსის გამოვლენა, მისი აღმოფხვრა და კანზე მეორეულად გააქტიურებული ინფექციური პროცესის დათრგუნვა.
უნდა ითქვას, რომ სებორეა / აკნე არა მარტო სამედიცინო, არამედ სოციალური პრობლემაც არის, რადგან წლობით გრძელდება და იწვევს არასრულფასოვნების კომპლექსს, ფსიქოლოგიურ პრობლემებს, ნევროზულ მდგომარეობას, ზოგჯერ დეპრესიასაც კი. ფსიქოლოგიური ტრავმა იმდენად ძლიერია, რომ ბევრი ძვირად ღირებულ ადგილობრივ პროცედურებსაც კი არ ერიდება. მაგალითად, ჩვენ გვყავდა პაციენტი, რომელმაც გაყიდა სახლი, რათა შვეიცარიაში აკნეს საწინააღმდეგო კოსმეტოლოგიური პროცედურები ჩაეტარებინა, თუმცა შედეგი, რა თქმა უნდა, არ იყო ისეთი, როგორსაც ელოდა, რადგან ყველა ადგილობრივი მეთოდი პრობლემის არა მიზეზზე, არამედ შედეგზე მოქმედებს. თუ სებორეა / აკნეს მიზეზი არ აღმოიფხვრა, მკურნალობა ყოველთვის წარუმატებელი იქნება.