"თითქოს გუშინ იყო, როდესაც დედამ შემიკერა ეს წინსაფარი და მომამზადა ბოლო ზარისთვის, დღეს კი ჩემი შვილისთვის ირეკება ზარი..." მეთორმეტეკლასელების დიდმა ნაწილმა უკვე ატესტატი აიღო და სკოლა დაამთავრა, ზოგან დღეს დაირეკა ბოლო ზარიც. ყველა მეთორმეტეკლასელს ვულოცავთ სკოლის დამთავრებას და ნათელ მომავალს ვუსურვებთ.
ეს კი ვერიკო ბიწაძის პოსტია, სამი შვილის დედის, რომელმაც თავის უფროს ვაჟს ასე ემოციურად მიულოცა ეს დღე და მასთან ერთად, თავადაც გამოეწყო იმ თეთრ წინსაფარში, რომლითაც 21 წლის წინ დაამთავრა სკოლა:
"ჩემი პირველი სიხარული, ბედნიერება... ჩვენ შორის სულ რაღაც 21 წელია სხვაობა. ამ ხნის მანძილზე მე შენთან ერთად ვიზრდებოდი, შენთან ერთად ვსწავლობდი, დავდიოდი სხვადასხვა წრეზე, ვზეიმობდი ყველა სიხარულს და წარმატებას, შენთან ერთად განვიცდიდი მარცხს და წარუმატებლობას.
თითქოს გუშინ იყო, როდესაც დედამ შემიკერა ეს წინსაფარი და მომამზადა ბოლო ზარისთვის, დღეს კი ჩემი შვილისთვის ირეკება ზარი, რომელსაც სკოლის დაწყებიდან 12 წელი ელოდებოდა. არადა, ამ ზარით მთავრდება ყველაზე ბედნიერი და მაინც უდარდელი ხანა ადამიანის ცხოვრებაში და იწყება ახალი, დამოუკიდებლობის და თავის დამკვიდრების კიდევ უფრო საინტერესო ეტაპი... როგორ გადალახავ, როგორ შეძლებ, როგორ გამოგიგავა, ამაზეა შემდეგ მთელი ცხოვრება...
ამდენი წლის შემდეგ ჩემს წინსაფარზე ვკითხულობ წარწერებს და... ბევრი სახელი და გვარი უკვე აღარაფერს მეუბნება, ბევრიც ისევ ჩემ გვერდითაა, ზოგი იმაზე ახლოს, ვიდრე მაშინ იყო... მახსენდება ის დღე - 23.05.1997. ჩვეულებრივი დღე იყო, მზიანი, ცოტა ნაღვლიანიც... რადგან ვაცნობიერებდით, რომ თურმე რასაც ასე ველოდებოდით დიდი ხნის მანძილზე, არც თუ ისე ადვილად დასათმობი და შესალევი ყოფილა... მაშინ ნამდვილად არ მქონდა განცდა, რომ მთებს გადავდგამდი, აი შენს (თქვენს) გამო კი მართლაც გადავდგამ მთებს...
შენ ჩემზე ბევრად საინტერესო და კარგი ხარ, კარგი ადამიანი ხარ... არასოდეს დამავიწყდება შენი მასწავლებლის სიტყვები, ბედნიერი დედა ხარ, რადგან ბექა გყავსო... მინდა ეს ბედნიერება გაგრძელდეს უსასრულოდ... მინდა ბევრი მზე იყოს შენც ცხოვრებაში და ძალიან ცოტა ღრუბელი, ქარიშხალი და სეტყვა - არასდროს... მაგრამ მე, შენს დედას, ყოველთვის მინდა შეგეხიდო და შეგეშველო იქ, სადაც ჩემი გვერდით დგომა დაგჭირდება, მინდა ისეთივე სიყვარული გქონდეს გარშემო მყოფების, ეს პასუხისმგებლობა გაგყვეს ცხოვრების ბოლომდე, დარჩი ისეთი, როგორიც ხარ და განვითარდი მხოლოდ ცოდნით და წარმატებებით...
ყველა აბიტურიენტს და განსაკუთრებით შენ და შენს მეგობრებს მინდა გისურვოთ წარმატება, ეს გრძელი და საინტერსო გზა ბედნიერად და საინტერესოდ გაგევლოთ...
p.s. 21 წლის შემდეგ შენთვის მე კვლავ მოვირგე ეს წინსაფარი (მხოლოდ ღილმა ისკუპა 5 სმ-ით ნაპირისკენ) და დღეს შენთან ერთად დავამთავრე სკოლა მეორედ... მიყვარხარ ცამდე და უკიდეგანოდ..."