"სანამ ცოლს შევირთავდი, ინტერნეტი მანამდე რომ ყოფილიყო, უცოლო დავრჩებოდიო" როგორ დავიბრუნოთ მოღალატე ქმარი? ზოგიერთი ამ კითხვას არ დასვამს და როგორც კი ქმრის ღალატს შეიტყობს, ოჯახს ანგრევს, შესაძლოა, სამაგიერო ღალატით გადაუხადოს. ნინომ კი...
ნინო ლ-ძე: - სოციალური ქსელი ახალი ხილი იყო, ჩემი ქმარი რომ ინტერნეტსივრცეს მიეჯაჭვა. იმეგობრებდა ქალებს და ამბობდა, სანამ ცოლს შევირთავდი, ინტერნეტი მანამდე რომ ყოფილიყო, უცოლო დავრჩებოდიო. მალე ჩვენს ოჯახს ბზარი გაუჩნდა. ლევანი შინ მოვიდოდა, ორიოდ ლუკმას გადაყლაპავდა და კლავიატურას მიუჯდებოდა. ფეხბურთიც კი აღარ აინტერესებდა. ჩემი საყვედურები ყელში რომ ამოუვიდა, დაგვიანება დაიწყო. ერთ ღამეს საერთოდ არ დაბრუნდა. დილით დავურეკე. გამოუძინებელი ხმით მიპასუხა, - ოფისში დავრჩი, საქმე მქონდა დასამთავრებელიო და ტელეფონი გამითიშა. მალე შინ მოუსვლელობა ჩვეულებად ექცა. დამატებით სამუშაოს ვიღებ ბავშვების კეთილდღეობისთვისო, - იმართლებდა თავს.
- მართლა ოფისში რჩებოდა?
- არა, მაგრამ შემოწმებას ხომ ვერ დავიწყებდი. ერთხელ, გვიან, მისმა უფროსმა მოიკითხა სახლის ტელეფონზე. ოფისში უნდა იყოს-მეთქი. მობილური გამორთული აქვს და ოფისში არ არისო.
სანამ "ფეისბუკს" მიეჯაჭვებოდა, მის ცხოვრებაში მხოლოდ მე ვიყავი. საინტერესოდ ვატარებდით უქმეებს. ვზრუნავდით ბავშვების გართობაზე, ერთმანეთზე, მეგობრებს ვიწვევდით...
- მეგობრები არ ეკითხებოდნენ ცვლილების მიზეზს?
- მათაც პასუხობდა, ვმუშაობო, მაგრამ მისი უფროსის მოულოდნელმა ზარმა გამოააშკარავა, რომ არ არსებობდა არანაირი დამატებითი საქმე, გარდა დამატებითი ვალდებულებებისა ერთი ქალის მიმართ, რომელიც არ დასჯერდა ლევანთან ინტერნეტით ურთიერთობას, გამოიყენა მისი სუსტი ნებისყოფა და ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ შვილიც გაეჩინა.
იმ საღამოს, უფროსმა რომ მოიკითხა, მის მობილურზე დავრეკე. ტელეფონს კარგა ხანს არავინ იღებდა, ის იყო, უნდა გამეთიშა, რომ ქალმა მიპასუხა, დაბნეულობისგან ძლივს ამოვღერღე ჩემი ქმრის სახელი. იმ ქალმა კი მშვიდად მომიგო, ლევანი ბავშვს აძინებსო და ტელეფონი გამითიშა.
იხილეთ გაგრძელება