"ერთადერთი ის დარდი გვქონდა, რომ შვილი არ გვიჩნდებოდა, მაგრამ 3 წლის მერე დავფეხმძიმდი და ვერც აღვწერ, ეს რა ბედნიერება იყო"
ბავშვის თვალებში ჩაბუდებულ ტკივილზე უარესი არაფერია ამ ქვეყნად, არც შვილის სენთან ბრძოლაში დამარცხებულ მშობლებზე სულისშემძვრელი...
არადა, მსგავსისგან არავინა ვართ დაზღვეული. ამიტომაც მათი ტკივილი აუცილებლად უნდა გავინაწილოთ და თუ შეგვიძლია, დავეხმაროთ...
ყელში გაჩრილი ბურთით მოვისმინე თეა ლაზარაშვილისა და გიორგი ხალოევის 4 თვის მარიამის ამბავი. მის დედიკოსა და მამიკოს ამქვეყნად სხვა ნატვრა არ გააჩნია, რომ დაბადებიდან სასუნთქ აპარატზე მიერთებული შვილი ხელში აიყვანონ და გულში ჩაიკრან. ექიმები ამის ნებას არ აძლევენ, - პატარის სიცოცხლის რისკთან არის დაკავშირებული...
თეა ლაზარაშვილი:
- გიორგი ოთხი წლის წინ გავიცანი, მალევე დავქორწინდით. თითქოს ჩვენმა გულებმა თავად იპოვეს ერთმანეთი. დალხენილად არც ერთი არ ვცხოვრობდით, ბავშვობაც კი არ გვქონია ბედნიერი, საკუთარი ჭერიც კი არ გაგვაჩნდა. მაგრამ ერთმანეთი იმდენად შეგვიყვარდა, ყველაფრის გადალახვას ერთად შევეცადეთ.
ზაჰესის დასახლებაში ბინა შედარებით იაფად დავიქირავეთ და ორივენი ვმუშაობდით. ერთადერთი ის დარდი გვქონდა, რომ შვილი არ გვიჩნდებოდა, მაგრამ 3 წლის მერე დავფეხმძიმდი და ვერც აღვწერ, ეს რა ბედნიერება იყო. გიორგიმ მუშაობას მოუმატა - დღისით ზაჰესის პურის წისქვილში მუშაობდა, ღამით კი ტაქსაობდა, - იქნებ, სულ პატარა მიწის ნაკვეთი ვიყიდო, მშენებლობა მესმის და ერთ ოთახს თავად ავაშენებ, ჩემი შვილიც ხომ ჩვენსავით უსახლკარო არ უნდა იყოსო.
ორსულობისას სირთულეები არ მქონია. რას წარმოვიდგენდი, რომ წინ ამხელა განსაცდელი მელოდა... ფეხმძიმობის მე-20-ე კვირას ექოსკოპიის გადასაღებად მივედი და იქედან განადგურებული წამოვედი.
ექიმმა ისეთი რამ მითხრა, თავადაც ხმა გაებზარა - ნაყოფს მძიმე პათოლოგია აქვს, გახსნილი ხერხემლის მალებით იბადება და ორსულობა აუცილებლად უნდა შეწყვიტო, ნაყოფის გამოჯანმრთელების შანსი არ არსებობსო. განაგრძეთ კითხვა