"ვასწავლით, თუ როგორ არ უნდა უსმინოს საკუთარ თავს, შეგრძნებებს" უშავს! მეტკინა!
დღეს ჩემი 3 წლის ნანიკოსთან ერთად მივდიოდი, ფეხი ვიტკინე საკმაოდ გავმწარდი და ნანა მეუბნება: არა უშავს, მაი, არა უშავს... ახლა მივხვდი, რა არასწორი და არასასიამოვნო მოსასმენი უნდა იყოს წაქცეული, ტკივილისგან გამწარებული ან შეშინებული ბავშვისთვის ამ სიტყვების მოსმენა და მიღება.
იცით, რა ვუპასუხე ნანას ავტომატურად? მეტკინა, კაცო, რა არა უშავს-მეთქი. მერე დავფიქრდი, რომ ხშირად მშობლები ტკივილის და შიშის მალე გასაქრობად სწორედ "არა უშავს" "არაფერია"-ს ვეუბნებით ბავშვებს და ვასწავლით, თუ როგორ არ უნდა უსმინოს საკუთარ თავს, შეგრძნებებს.
თეორიულად კი ვიცი და წაკითხული მაქვს ხშირად, გერმანელ ნეიროფსიქოლოგებსაც ხშირად ვუსმენ და ვიცი, რომ უნდა ვაცადოთ ბავშვს შეიგრძნოს, მივცეთ უფლება გამოხატოს შიშიც და ტკივილიც. თორემ სხვა შემთხვევაში სწავლობენ იმას, რომ არ უსმინონ საკუთარ მოთხოვნილებებს, შეგრძნებებს, ფიქრებს. ჩქმალავენ, ახშობენ და არასწორად ამუშავებენ. რაც ზრდასრულობაში ხან რაში გამოავლენს ხოლმე თავს, ხან რაში.
მახსენდება ნანიკოს სხვანაირი მოფერებაც: როცა რამეს ვიტკენ, მოდის მეფერება და მეკითხება თუ მტკივა, თუ გამიარა და გავიაზრე, რომ ეგ აშკარად უფრო მჭირდება და მშველის მასეთ დროს, ვიდრე ეს უაზრო სიტყვები " ა რ ა უ შ ა ვ ს"...
უშავს! მეტკინა!
მაია შერვაშიძე