"ვიღაცებს სურთ, პანიკა დათესონ და არა საქმეზე ისაუბრონ!" NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლორა ტორნტონის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ის საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს ორგანიზმში ტყვიის დასადგენად სისხლის ანალიზი გაიკეთონ - იხილეთ ვრცლად "სასწრაფოდ: გაიკეთეთ სისხლის ანალიზი..." - რისკენ მოუწოდებს ლორა ტორნტონი საქართველოს მოსახლეობას?
ამ საკითხთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს პაატა იმნაძეს ვთხოვეთ განმარტება.
- ლორა ტორნტონმა რომ არ თქვას, ისე არ იცის ხალხმა, რომ არის გარკვეული პრობლემები?
- ასეთი პანიკური მოწოდება არ ყოფილა აქამდე...
- მაგათ ეგ უნდათ და რა ვქნა ახლა?! ვიღაცებს სურთ, პანიკა დათესონ და არა საქმეზე ისაუბრონ! ჩვენი კვლევა იყო ჩატარებული ამერიკელებთან ერთად... ძირითადად პრობლემები იყო სუნელებთან დაკავშირებით. რამდენი ხანია ამაზე ლაპარაკია და ახალი ვინმემ რამე თქვა? ჰაერის დაბინძურებით პირველ ადგილზეა საქართველო იძახდნენ და მაშინვე ვთქვი, რომ გადაჭარბებით ნათქვამი იყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ხომ გამოაქვეყნა ახალი მონაცემები და ვნახეთ, რომ არ ვყოფილვართ პირველ ადგილზე... მე რომ ვამბობდი სისულელეა-მეთქი, მედავებოდნენ და აი, ბატონო, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემები! როგორ შეიძლებოდა საქართველო პირველ ადგილზე ყოფილიყო!? ამიტომაც ტყვიაზეც გულებს ტყუილად ნუ გაიხეთქავთ! პრობლემა რასაკვირველია არის, მაგრამ არა ასეთი საგანგაშო! არაფერი თავზე ნაცრის წასაყრელი არ გვჭირს!
ძირითადი პრობლემა საღებავებს ეხება... ნებისმიერი საღებავი საფრთხილოა, მათ შორის ბავშვის სახის მოსახატი საღებავებიც... ტყვია საღებავს მკვეთრ ფერს აძლევს და ბრჭყვიალა საღევაბებს მით უფრო უნდა მოვერიდოთ! განსაკუთრებით არასასურველია ძველი სახლების საღებავები. კომუნისტების დროინდელ ნაგებობში საღებავებში ტყვიის შემცველობა გაცილებით დიდია. ყოფილა შემთხვევა, რომ საღებავი ასკდება კედელზე და ბავშვი პირში იდებს, რაც ძალიან ცუდია! ასევე ბავშვები უნდა მოვარიდოთ იმ ადგილებზე სეირნობას, სადაც ხშირად არის მანქანების შენელებული მოძრაობა. ფრთხილად უნდა ვიყოთ სათამაშოებთან, რომელსაც ბავშვები პირში იდებენ...
სუნელებში, ქართული სუნელი, რომელსაც კარგი ფერი არ აქვს ბუნებრივია და მკვეთრი ფერის შეღებილია! ძირითადად ისინი იმპორტირებულია...
- რამდენად მოუწოდებთ მშობლებს ბავშვებს ტყვიის შემცველობაზე ანალიზი ჩაუტარონ?
- თუ ბავშვი ჯანმრთელია და არაფერი აწუხებს, ანალიზები საჭირო არ არის... ტყუილად გადაყრიან ფულს, საკმაოდ ძვირი ჯდება ტყვიის შემცველობაზე ანალიზები... რაც შეეხება იმ ხალხს, რომლებსაც ტყვიის შემცველობა კატასტროფულად მაღალი აღმოაჩნდებათ, საქართველოში მკურნალობის მეთოდები არსებობს.
თუ რამდენად გავრცელებულია, პოპულაციური კვლევა გვაქვს დაგეგმილი ამერიკელებთან და იუნისეფთან ერთად. მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდება, რეალური სურათი რომ მივიღოთ. მომავალი წლის პირველ ნახევარში შედეგები გვეცოდინება!
მანანა გაბრიჭიძე
ინგა მამუჩიშვილი: "განგაშია ასატეხი! თორემ ძალიან სავალალო შედეგი გვექნება!"