"დედა ოთხი წლისას გარდაეცვალა..." "გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღეს შახტის მიწისქვეშა სამთო ოსტატებმა - 1961 წელს დაბადებულმა მ.ლ-მ, 1963 წელს დაბადებულმა მ.გ.-მ, 1988 წელს დაბადებულმა ლ.ფ-მ და 1961 წელს დაბადებულმა ი.ქ-მ, რომლებიც მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალნენ.
…სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებებით კი საავადმყოფოში გადაიყვანეს - 1981 წელს დაბადებული მ.ს., 1965 წელს დაბადებული დ.ბ, 1981 წელს დაბადებული გ.მ, 1981 წელს დაბადებული მ.ა, 1995 წელს დაბადებული ნ.ბ და 1988 წელს დაბადებული გ.ა," - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
სამართალდამცველი უწყების ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. კიდევ ერთხელ გავხდით მომსწრენი, თუ როგორ დაიღუპნენ მაღაროელები და კიდევ რამდენიმე ოჯახში დატრიალდა ტრაგედია...
"რა საშინელი დილა გაგვითენე... საუკეთესო ბიძა იყავი და სულ ასეთი დარჩები ჩემს გულში! მიყვარხარ ძალიან! უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი" - წერს მედო ბოჭორიშვილი, რომელიც გარდაცვლილ მიხეილ გამეზარდაშვილზე გვესაუბრა:
- მიხო ძია არაჩვეულებრივი ადამიანი იყო... ძალიან კარგი ოჯახი ჰყავს, მეუღლე ამჯერად საბერძნეთშია წასული სამუშაოდ... ქალ-ვაჟი ჰყავს, ორივე დაოჯახებულნი არიან. ძალიან მშრომელი იყო, მაღაროში დიდი ხნის მანძილზე მუშაობდა. ახლახან მცირე ბიზნესსაც მიჰყო ხელი, ხილ-ბოსტნის რეალიზაციას ეწეოდა... ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა ყველასთან. სულ მომცინარი იყო და უნდოდა რამე ისეთი გაეკეთებინა, სხვა რომ გაეხარებინა... პატარა შვილიშვილებს თან ყვებოდა...
ყველაზე ახალგაზრდა დაღუპულებიდან 30 წლის ლაშა ფორჩხიძე იყო... მისმა უახლოესმა მეგობარმა თავის უზარმაზარი ტკივილი გაგვიზიარა:
- ისეთ დღეში ვარ, საუბარიც კი მიმძიმს... ლაშა იყო უკეთილშობილესი, უწესიერესი, უთბილესი, მხიარული... სულ მოღიმარი სახით დადიოდა, დაბუნჩულობდა თავისთვის და სიყვარულობდა ყველგან... ლაშას დედ-მამა არ ჰყავდა, ბებიამ და ბაბუამ გაზარდეს და ახლა თვითონ უვლიდა მათ. დედა ოთხი წლისას გარდაეცვალა, მამა - მესამე წელია…
მანანა გაბრიჭიძე