არ უნდა დავუშალოთ ცაციას მარცხენა ხელით წერა დღეს ბავშვთა განვითარების ექსპერტები ერთხმად აცხადებენ, რომ არ უნდა დავუშალოთ ცაციას მარცხენა ხელით წერა. მეცნიერებმა გააანალიზეს IQ-ს ტესტი 1300 ზრდასრულ ადამიანზე. მათ შორის იყვნენ როგორც ცაციები, ისე მემარჯვენეები. აღმოჩნდა, რომ ინტელექტუალური შესაძლებლობები მათ თანაბარი აქვთ.
ხოლო ამბიდექსტერებს, ანუ ბავშვებს, რომლებსაც შეუძლიათ მარჯვენა და მარცხენა ხელის ერთნაირად გამოყენება, შეიძლება სირთულეები შეექმნათ სკოლაში.
ახალი ზელანდიის კვლევითი ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ კვლევებში, ამბიდექსტერების IQ დონე მემარჯვენეებსა და ცაციებზე დაბალი აღმოჩნდა. მეცნიერები ამას ხსნიან იმით, რომ ასეთი ბავშვების ტვინი "დაბნეულია". არ იცის, რომელი ხელი აირჩიოს დომიმანტად. ჭეშმარიტი ამბიდექსტერები მსოფლიოში 1-1,5 %-ია. მათ მეტი ხელშეწყობა სჭირდებათ სწავლის პროცესში. ასეთი ბავშვები არიან ჰიპერაქტიურები და აწუხებთ დისლექსია. ხშირად ბავშვი საჭიროებს ფსიქოლოგის, ნევროლოგისა და ლოგოპედის დახმარებას.
ცაციებს აქვთ პრობლემები წვრილ მოტორიკასთან. მათ უჭირთ თასმების შეკვრა, ხელსაქმე, აზრების სწორად დაწყობა და გამოხატვა, გრძელი წინადადების დაწყობა და ჩამოყალიბება. თუ შეატყობთ, რომ თქვენი შვილი ცაციაა, ეჯახება ხალხს, ვერ ინარჩუნებს წონასწორობას, უჭირს ჩაცმა, დაფიდან რვეულში გადმოწერა, ვერ იყენებს მაკრატელს - მიმართეთ ნევროლოგს. სპეციალისტების დახმარებით თქვენი შვილი დაძლევს ამ დაბრკოლებებს.
ცაციები კრეატიულები და ხელოვნებისადმი მიდრეკილნი არიან. ასევე ძლიერები არიან მათემატიკაში.
ნუ გაგიკვირდებათ, თუ თქვენი ცაცია შვილი ერთნაირად გამოხატავს ინტერესს როგორც ხატვაში, ასევე ზუსტ მეცნიერებაში. ასეთ შემთხვევაში ნუ აიძულებთ გააკეთოს არჩევანი, რადგან ასეთი ბავშვების ტვინი ერთნაირად აქტიურია როგორც ერთი ასევე მეორე მეცნიერების მიმართ.