"მე სახელმძღვანელოებს ვიცნობ და შემიძლია ვთქვა, რომ არცერთი მათგანი არ აკმაყოფილებს ფსიქოლოგიურ მოთხოვნებს" "ლურჯი ვეშაპისა" და "ჩარლის" შემდეგ, მსოფლიოში და ახლა უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომი გახდა ახალი ინტერნეტთამაში სახელად "მომო". ეს გახლავთ ფრინველის ფეხებზე მდგომი ქალის არცთუ ისე სასიამოვნო გამოსახულება, რომელიც ტოკიოს ვანილას გალერეის ექსპონატის პროტოტიპია.
მომოსა და მისით დაინტერესებული ბავშვების კონტაქტი ინტერნეტით ხდება, რის შემდეგაც მომო მათ საშიშ შეტყობინებებს უგზავნის, აძლევს მითითებებს, აშანტაჟებს, საბოლოო დავალება კი თვითმკვლელობაა და თუ მოზარდი ამაზე უარს იტყვის, მუქარის შემცველი შეტყობინებებით ცდილობს, დაიყოლიოს ბრძანების შესასრულებად.
29 ივნისს არგენტინაში 12 წლის გოგომ საკუთარ ეზოში თავი მოიკლა, სუიციდამდე კი ვიდეოჩანაწერი გააკეთა, რის საფუძველზეც პოლიციას გაუჩნდა ეჭვი, რომ გოგონას ამ ქმედებისკენ "ვიღაცამ" უბიძგა და ეს შესაძლოა, სწორედ "მომო" ყოფილიყო.
მომო ქართველი ბავშვებისთვისაც ცნობილი თამაშია, თუმცა ბევრი ამას არასერიოზულად უყურებს, ზოგიერთი კი მხოლოდ ინტერესის გამო ერთვება...
Mshoblebi.ge ფსიქოლოგ ნანა ჩაჩუას დაუკავშირდა და ამ თემაზე გაესაუბრა.
- დღევანდელი ბავშვები სოციალურ ურთიერთობებს არ არიან ჩვეულნი, არ აქვთ ეზოები. თუ არსებობს სადმე ეზო, იქაც არაა ბავშვი დაცული იმ ხიფათებისაგან, რომელიც თანამედროვე ეზოს ახლავს. ამიტომ მშობლებიც თავს არიდებენ ბავშვების ეზოში გაშვებას და თამაშს. არადა, ეზოში თამაშის დანაკლისი ბავშვებისათვის ეს ნიშნავს იმას, რომ ბავშვს წაერთვა ბავშვობა. სოციალური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება, ურთიერთობები, ვალდებულებები, რომელიც ურთიერთობაში არსებობს, საკუთარი ინიციატივისა და არჩევანის გაკეთება - ბავშვს ამ ყველაფერს აძლევს ეზო, ისინი უნდა თამაშობდნენ თანატოლებთან, შედარებით უმცროსებთან და უფროსებთან, ანუ შერეული უნდა იყოს ასაკობრივად. შესაძლოა, სადღაც იყოს ხელოვნურად მოწყობილი ეზო, კარგი ფეხბურთის ან კალათბურთის მოედანი, მაგრამ ეს არ არის ის ეზო, რომელიც ბავშვს სჭირდება ბავშვობის განსაცდელად. მან თვითონვე უნდა შექმნას მისთვის სასურველი გარემო, თვითონვე უნდა მოიწყოს სათამაშო სივრცე. ეს გაცილებით მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ საკუთარი თავი გამოხატოს ცოცხალ, როგორც დღეს უწოდებენ, "ლაივ" ურთიერთობაში. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი არ აქვთ თანამედროვე ბავშვებს, ამიტომ ისინი არიან მიჯაჭვულნი ინტერნეტს. უფრო მიმზიდველია ეს გარემო მათთვის. იქიდან იღებენ დავალებებს, ასრულებენ, შემდეგ რთულდება დავალება, მასაც კარგად ართმევენ თავს, კიდევ მეტი, მეტი და ეს პროცესი - მარტივი დავალებიდან რთულზე გადასვლა - ბავშვს აძლევს საკუთარ თავში დარწმუნებისა და თავდაჯერებულობის შეგრძნებას. ამ ფენომენს ფსიქოლოგიაში ჰქვია "ფეხი კარში", ანუ თუ ფეხი შედგი კარში და ამას შენი ძალების, თვითრწმენის ეტაპობრივი ზრდა მოჰყვა, შენ უფრო და უფრო ისწრაფვი სირთულის დაძლევისკენ და ისე მიდიხარ იმ საბოლოო შედეგთან, რომელიც თავიდანვე რომ დაევალებინათ, არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდებოდი.
- პირადად თუ გქონიათ შეხება ისეთ ბავშვთან, რომელსაც მსგავსი თამაშებისგან გამოწვეული პრობლემა ჰქონდა?
- კი, რა თქმა უნდა. ხშირია ასეთი შემთხვევები. მახსოვს, წლების წინ ჩემთან მოიყვანეს 7 წლის ბიჭუნა, მაშინ "ადამიანი ობობას" ბუმი იყო. მანამდე ეს ბავშვი ჰყავდათ ფსიქიატრთან, რადგან ჰქონდა მხედველობითი წარმოსახვები, რაც ძალიან ჰგავს ჰალუცინაციებს, მაგრამ საუბრის მერე გაირკვა, რომ სულ უყურებდა ამ მულტფილმს და სწორედ ეს იყო მიზეზი მისი მდგომარეობისა, რაც ნელნელა დავძლიეთ.
ინტერნეტთამაშებში ჩართულობის მიზეზებიდან პირველია ეზოს ნაკლებობა, მეორე - თამაშის ბუნება, ფსიქოლოგიური ხასიათი, მესამე - მშობლების მოუცლელობა. მშობლებს არ სცალიათ ბავშვებისთვის და მშობლებმა არ იციან, როგორ იურთიერთონ მათთან. თუნდაც ნახევარი საათი, 20 წუთი რომ დაჰყოს მშობელმა ბავშვთან ისე, რომ მასთან ითამაშოს, ესეც კი საკმარისია. დაქირავებულ მკვლელებს, ე.წ. კილერებს ირჩევენ ბავშვთა ზუსტად იმ კონტიგენტისგან, რომლებსაც გამოცდილებაში არ ჰქონიათ მშობლებთან თამაში. სამწუხაროა, რომ მშობლებმა არ იციან, როგორ წარმართონ ურთიერთობა ბავშვებთან, ხშირად იციან თქმა, ჩვენი ბებია-ბაბუები ამას ხომ არ სწავლობდნენ სპეციალურადო. მაგრამ ახლა დგას ამის საჭიროება, გვაქვს სპეციალური ტრენინგები მშობლებისთვის, ხშირია შემთხვევა, როცა ბავშვების პრობლემებით მოდიან მშობლები, არადა ხშირად ბავშვთან კი არაა სამუშაო, არამედ მშობელთან. არსებობს აღმოსავლური ანდაზა - თევზს კი ნუ მაჩუქებ, თევზის ჭერა მასწვალე და ამ შემთხვევაშიც საქმეც სწორედ ასეა.
გარდა ამისა, გასათვალისწინებელია სკოლის ფაქტორი, დღევანდელი სკოლა არაა ის რაც უნდა იყოს. სასკოლო სწავლება, საგნები არ არის ორიენტირებული ღირებულებებზე, ბავშვის შემოქმედებითობის უნარის განვითარებაზე, რაც თავდაჯერებულობას ჰმატებს მოსწავლეს. მე შვილიშვილების სახელმძღვანელოებს ვიცნობ და შემიძლია ვთქვა, რომ არცერთი მათგანი არ აკმაყოფილებს ფსიქოლოგიურ მოთხოვნებს. სახელმძღვანელოში უნდა იყოს შემეცნებითი მომენტები, მაგრამ ყველაზე მთავარი და არსებითი არის ღირებულებათა სისტემის ჩამოყალიბება და შემოქმედებითობის უნარის განვითარება. მიგნებებით, აღმოჩენებით, რაც საკუთარი თავის რწმენას ჰმატებს, ბავშვი იღებს არა მხოლოდ ესთეტიკურ სიამოვნებას, არამედ ეთიკურსაც. ყოველი სიამოვნება, რომელიც პიროვნულ ზრდას იწვევს, არის ეთიკური.
- საკმარისია კი ის ზემოხსენებული 20 წუთი? რა სახის ურთიერთობა უნდა დაამყარონ ამ დროში, რომ ბავშვებმა ეს დანაკლისი აინაზღაურონ?
- ეს ოცი წუთი უნდა იყოს გრძნობების ამოცნობის. ეს იცით რას ნიშნავს?! ბავშვს უნდა უთანაგრძნოთ, უთხარით, დაღლილი ხარ, ხომ? გეზარება არა, მეცადინეობა? ამით აგრძნობინებ, რომ შენ ხვდები მის მდგომარეობას და უთანაგრძნობ, მხოლოდ კითხვა - დაღლილი ხარ? გეზარება?? არ იძლევა ისეთ შედეგს, როგორც დაღლილი ხარ, ხომ? გეზარება, არა?? ამით თანაგრძნობას ვაჩვენებთ და ეს უმნიშნელოვანესია ბავშვისთვის, რადგან მას აქვს განცდა, რომ მას უგებენ, სამყარო კეთილია, მისი ესმით და მერე თვითონაც აკეთებს იმას, რაც საჭიროა. რას ველაპარკებით, როგორ ვეუბნებით, სიტყვებს როგორ ვიყენებთ, ძალიან მნიშვნელოვანია. არ შეჭამ, ამას? ასე კი არ უნდა ჰკითხოთ, არამედ - შეჭამ ამას? ესაა სწორი ფორმა, თავიდანვე ნეგატივი არ უნდა ჩაუდოთ, ნეგატივის იმპულსი არ უნდა მისცეთ. მნიშვნელოვანია, ბავშვს დავანახოთ, რომ ჩვენ მის გვერდით ვდგავართ, ხშირად უნდა უთხრათ, "შენ შეგიძლია", "გაგიჭირდა? დაგეხმარები" , სულ უნდა გრძნობდეს, რომ მას შეუძლია და შენ მზად ხარ, დაეხმარო და რომ შენ არ გიკვირს, თუ მან ვერ გაიგო, ვერ გააკეთა. ვთქვათ, შეეშინდა რამის, "მეც შემეშინდებოდა" უნდა უთხრათ, მოვიდა ატირებული სკოლიდან, ვიღაცამ ცუდი სიტყვა უთხრა, "ძალიან ცუდია, როცა ასეთ სიტყვას ამბობენ, მეც მეწყინებოდა, რა თქმა უნდა შენ, მართალი ხარ, რომ გეწყინა" - ასეთი უნდა იყოს დედის პასუხი.
- თანამედროვე ბავშვებისა და მშობლების პრობლემა არის გაჯეტები..
- ძალიან უნდა მოვერიდოთ და ვაკონტროლოთ, რას უყურებენ ჩვენი შვილები. არის ისეთი მულტფილმები, რომელსაც ბავშვმა შეიძლება უყუროს თუნდაც ნახევარი საათის განმავლობაში, მაგრამ მათი სწორად შერჩევაა მნიშნელოვანი. მაგალითად, "გოჭი პეპა"ძალიან კარგია განვითარებისათვისა, მიუხედავად იმისა, რომ ის ქართული ხასიათისათვის შეუსაბამო მომენტებს შეიცავს, ძალიან კარგად განავითარებს ბავშვის მოვლენებთან დამოკიდებულებას და მარტივადაა აგებული. ასევეა " აბა, დამაცადე". იქ ხაზგასმულია კურდღლის მოხერხებულობა, კრეატიულობა, შემოქმედებითობა, სწრაფი გადაწყვეტის უნარი. როგორც ზღაპრებში, აქაც ხედავს ბავშვი კეთილისა და ბოროტის შერკინებას, თუმცა "ბორტსა სძლია კეთილმან, არსობა მისი გრძელიაც" - იგრძნობა.
- ასევე საინტერესოა, ის მულტფილმები, რომლებიც ცუდად ზემოქმედებენ ბავშვებზე...
- არსებობს ასეთებიც, მაგრამ სახელები, სამწუხაროდ, არ ვიცი. სირთულე არის ის, რომ სწორედ ასეთი მულტფილმები იზიდავთ ბავშვებს. არსებობს ასაკობრივი შიშები - მშობლის დაკარგვის, სიკვდილის და ა.შ ასეთი ტიპის ადამიანებს იზიდავთ მძაფრსიუჟეტიანი ფილმები. აქ უნდა გამოიჩინოს მშობელმა დიდი სიფრთხილე და მიიღოს კონსულტაციები პროფესიონალისგან.
ციცი ომანიძე